დღეს შევხვდი ევროკავშირის ელჩს, რომელმაც გამიმეორა არა მხოლოდ მხარდაჭერა, არამედ, ის, რომ როგორც კი დაინახავენ მოსახლეობამ გამოთქვა არჩევნებში ურყევი ნება დაუბრუნდეს ევროპას, დაუყოვნებლივ მოხდება ყველაფრის აღდგენა – პრეზიდენტი
მე ვარ ძალიან კმაყოფილი, ძალიან ბედნიერი და ძალიან იმედიანი – ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ის სულისკვეთება, ერთსულოვნება, რაც აუცილებელია გამარჯვებისთვის, რაც აუცილებელია ჩვენი ევროპაში დაბრუნებისთვის, ამ ქვეყანაში არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქართულ ქარტიაზე ხელმომწერი 4 ძირითადი პოლიტიკური პარტია, დოკუმენტის ერთგულია და რომელიმე მათგანისთვის ხმის მიცემა „ევროპაში მიგვიყვანს“.
„მე ვარ ძალიან კმაყოფილი, ძალიან ბედნიერი და ძალიან იმედიანი. ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ის სულისკვეთება, ერთსულოვნება, რაც აუცილებელია გამარჯვებისთვის, რაც აუცილებელია ჩვენი ევროპაში დაბრუნებისთვის, ამ ქვეყანაში არსებობს. არსებობს იმით, ის 4 მთავარი პარტია, (სხვებმაც ხელი მოაწერეს და არ მინდა ისინი დავივიწყო) რჩება სრულად ერთგული ქარტიის, ანუ იმ სამოქმედო გეგმის, რომელმაც ევროპაში უნდა დაგვაბრუნოს. ესაა ყველაზე მთავარი, რადგან ეს ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სჯერა, რომ საქართველოს ერთადერთი გზა, ალტერნატივა არის ევროპა, აძლევს საშუალებას, თვითონ, თავისი გემოვნებით აირჩიოს, რომელი უფრო ახლოსაა მის სურვილებთან. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ხმა, რომელიც მიცემული იქნება ამ რომელიმე 4 პარტიისთვის, მიგვიყვანს ევროპაში, ამ ხმების ჯამი მიგვიყვანს ევროპაში. ეს იქნება ის უმრავლესობა, რომელიც დაამტკიცებს ყველა იმ პუნქტს, რომელიც ქარტიაში წერია. ეს გვაჩვენებს სწორ გზას, მიხვეულ-მოხვეულები არ იქნება ასე რომ, თქვენ აირჩიეთ, რომელი გირჩევნიათ და ყველა ერთად – ოთხივე პარტია და მე, როგორც ქარტიის ინიციატორი და გარანტორი, წავალთ ამ გზაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან საზოგადოებას მოუწოდა არ შეეშინდეს ხვალ ევროპულ მარშზე გამოსვლის და არ დაიჯეროს, რომ არჩევნებში მათ მონაწილეობას აზრი არ აქვს.
„ეს არის ძალიან დიდი დღე იმიტომ, რომ ჩვენი სტაბილურობაც არის ამაზე დამოკიდებული. ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდად გამოვიდეს ხალხი და აჩვენოს თავისი ნება, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ევროპულ მომავალს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეც მოხდება- ჩვენ უარს ვეტყვით და დავემშვიდობებით ერთპარტიულობას, დავემშვიდობებით პოლარიზაციას, ერთმანეთს სიძულვილს, იმიტომ, რომ ის გზა, რომელზეც ვდგებით ახლა და რომელიც უალტერნატივოა, არის გზა განვითარების, არის გზა მშვიდობის, განათლების და არის გზა, რომელმაც ჩვენ ყველა უნდა გაგვაერთიანოს, ეს არ არის და ვერ იქნება სიძულვილის გზა. ვიცი, რომ ხვალ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა, ვიცი, ამავე დროს, რომ თქვენ მიმართ არის ძალიან ბევრი მუქარა, ჭორი, ზეწოლა და სხვადასხვა ფორმებით მცდელობები, დაგაჯერონ, რომ ყველაფერი გაყალბდება, დაგაჯერონ, რომ თქვენი ხმა იქ ვერ მივა, სადაც უნდა მივიდეს. თქვენ არ უნდა გეშინოდეთ არაფრის იმიტომ, რომ თქვენ ხართ სწორ გზაზე, ჩვენ ვართ სწორ გზაზე. ჩვენ ამას მივაღწევთ იმ გზით, რომელიც არის ერთადერთი მშვიდობიანი გზა ნებისმიერი ქვეყნისთვის თავისი მომავლის არჩევისთვის – ეს არის მშვიდობიანი არჩევნები. ამისთვის უნდა იყოს ეს გამარჯვება ძალიან ნათელი, ეჭვის გარეშე, ამიტომ არ უნდა გეშინოდეთ არც ხვალ გამოსვლის, არც ერთ კვირაში თქვენი ყველა ხმის იქ მიტანით, სადაც გადაწყდება საქართველოს მომავალი, ჩვენი ერთობლივი მომავალი. ხვალ თქვენთან ვიქნები და იქაც თქვენთან ვიქნები და ეს ქარტია, რომელიც ერთად შევქმენით, მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რომელსაც ჰქვია ევროპული თავისუფალი დემოკრატიული საქართველო”, – განაცხადა პრეზიდენტმა და დაამატა, რომ გუშინ საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ელჩმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ქარტიის და სამოქმედო გეგმის, ასევე კიდევ აღნიშნა, რომ „როგორც კი დაინახავენ საქართველოს მოსახლეობამ გამოთქვა არჩევნებში თავისი მშვიდი, მაგრამ ურყევი ნება დაუბრუნდეს ევროპას, მაშინვე ამოქმედდება ყველაფერი ის, რაც საჭიროა“.
„მინდა, გითხრათ, რომ ეს არის ჩემი ძალიან ღრმა თვითდაჯერების მეორე მიზეზი, რომ ჩვენი პარტნიორები დგანან ჩვენს გვერდით. ამის დამადასტურებელია ის ბოლო განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ ბრიუსელიდან, ევროპული კავშირის საბჭოდან და ასევე, დღეს, მე შევხვდი ევროკავშირის ელჩს, რომელმაც გამიმეორა არა მხოლოდ მხარდაჭერა ამ გზის, ამ ქარტიის და სამოქმედო გეგმის, არამედ გამიმეორა ის, რომ როგორც კი დაინახავენ საქართველოს მოსახლეობამ გამოთქვა არჩევნებში თავისი მშვიდი, მაგრამ ურყევი ნება დაუბრუნდეს ევროპას, მაშინვე ამოქმედდება ყველაფერი ის, რაც საჭიროა, რომ ძალიან სწრაფად დაგვაბრუნონ იმ გზაზე, ძალიან სწრაფად აღადგინონ თუნდაც ის დახმარებები, რომელიც დღეს არის გაყინული, მაგრამ ისიც დამიდასტურა, რომ ყველაფერი არის მზად იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ყველაფრის აღდგენა, რათა საქართველომ როგორც ქვეყანამ არაფერი დაკარგოს ამ პერიოდში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.