კორძაია: რუსთავში, მარკეტსა და აფთიაქში ოცნების მხარდამჭერებს 50-ლარიან ვაუჩერებს ურიგებენ

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, თამარ კორძაიას ინფორმაციით, რუსთავში, სუპერმარკეტსა და აფთიაქში ქართული ოცნების მხარდამჭერებს 50-ლარიან ვაუჩერებს ურიგებენ.
კორძაიამ ის კომპანიებიც დაასახელა, რომლებშიც მისი თქმით, ხსენებული ვაუჩერები რიგდება.
“ქართული ოცნება აგრძელებს კანონდარღვევებით წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებას. დღეს რუსთავში ჩვენი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან აღმოჩენილ იქნა სუპერმარკეტში – მადაგონი და ასევე, ფარმაცევტულ კომპანია – ფარმ სახლში კანონდარღვევები, რომელიც ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას. 50-ლარიან ვაუჩერებს ურიგებენ იმ ადამიანებს, ვინც ქართული ოცნების მხარდამჭერია. ეს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად არის ამომრჩევლის მოსყიდვა და ასევე, სისხლის სამართლის დანაშაული.
მივმართავთ, ყველა შესაბამის უწყებას – პროკურატურას, საგამოძიებო ორგანოებს, რომ დაინტერესდნენ ამ ფაქტებით და სათანადოდ გამოიძიონ, მონახონ ის პირები, ვისი დავალებითაც ხდება ამ კანონდარღვევების შესრულება და წარდგნენ აუცილებლად დამნაშავეები სამართლის წინაშე. გვაქვს ინფორმაცია და მომავალში დამატებით მოგაწვდით ადამიანების მიწერასთან დაკავშირებით მისამართებზე მესაკუთრეების თანხმობის გარეშე. ასეთი არის მრავლად, ჩვენ ახლა ვაზუსტებთ ამ მონაცემებს და უახლოეს დღეებში დამატებით ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.