მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გაიხსნა – საქმე 1 634 000 დოლარის მოტყუებით მიტაცებას ეხება

საქართველოს პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. საქმე ე.წ. თაღლითურ ქოლცენტრებს ეხება.
ამის შესახებ პროკურორმა ბექა კვიციანმა პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განცხადებით, ამ საქმეზე დაკავებულია 4 პირი და ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები პირების კუთვნილ 1 634 000 დოლარს მოტყუებით დაეუფლნენ.
ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა თბილისის ერთ-ერთ უბანში მოაწყვეს ე.წ. ქოლცენტრი, სადაც დაასაქმეს უცხო ენების მცოდნე ოპერატორები და შესაბამისი მიმართულებების კურატორი მენეჯერები.
ოპერატორები სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უკავშირდებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.
რაც შეეხება ფინანსურ დანაშაულებათა ქვეყნის შიდა სტატისტიკას, 2024 წლის ივლისში, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულებზე დევნის დაწყების მაჩვენებელი შემცირდა. საქსტატის სისხლის სამართლის სტატისტიკის მიხედვით, ამ მიმართულებით დევნა მიმდინარე წლის ივლისში 16 პირის მიმართ დაიწყო, ხოლო გასული წლის ივლისში – 31-ის.
უფრო დეტალურად, 9 შემთხვევაში დევნის დაწყების მიზეზი საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევაა იყო, ხოლო 7-ზე – გადასახადისათვის თავის არიდება.
რაც შეეხება დანაშაულებს ფულად-საკრედიტო სისტემაში, ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენების მუხლით დევნა 5 პირზე დაიწყო, ხოლო კრედიტის უკანონოდ მიღებისთვის 3-ზე. გასული წლის ივლისში დევნის დაწყების მაჩვენებელი ფულად-საკრედიტო სისტემაში დანაშაულებზე 31 იყო, შესაბამისად, მაჩვენებელი შემცირებულია.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის ივლისში სისხლისსამართლებრივი დევნა სულ 1963 პირის მიმართ დაიწყო, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 34-ით მეტია.

ასევე დაგაინტერესებთ

2030 წლისთვის, მაღალი ალბათობით, საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა და ამაყად შევაბიჯებთ ევროკავშირის მდიდარი ქვეყნების რიგში – ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისელ ამომრჩეველს მიმართა