წინასაარჩევნოდ ბიზნესში ორგვარი მოლოდინი დომინირებს – პროგნოზები 2025 წლისთვის

წინასაარჩევნო პერიოდში ბიზნესში რაიმე დაძაბულობა არ იკვეთება. მიმდინარე ეტაპზე პოლიტიკური ვითარება სტაბილურია და არჩევნებამდე არსებული სიტუაცია მშვიდია. ამიტომ კერძო სექტორი განსაკუთრებულ საფრთხეს ვერ ხედავს, თუმცა არის გარკვეული მიზანმიმართული შეფასებებიც.
არჩევნებამდე ერთი კვირაღა რჩება. პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მიუხედავად, ეკონომიკასა და ბიზნესში არანაირი დაძაბულობა არ შეინიშნება. ამიტომ კერძო სექტორის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი რაიმე საფრთხეს ვერ ხედავს. მთავარია, კენჭისყრის პროცესმა და შემდგომ უკვე შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამ ექსცესების გარეშე ჩაიაროს.
როგორც მცირე და საშუალო ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე, ამბობს, ჯერ არაფერი მომხდარა ისეთი, რომ კონკრეტულად ს გამო რაიმე გადადებულიყო.
„არჩევნებთან დაკავშირებით, კერძო სექტორში ნორმალური მოლოდინი არსებობს. განსაკუთრებული არაფერი ხდება, რადგან მოლოდინია, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და კარგად ჩაივლის.
არჩევნების გამო ინვესტიციების მიმართულებით რაიმე შეფერხება გამოკვეთილი არ არის. მოსაზრების დონეზე შესაძლოა, ითქვას, როდესაც რაღაც ხდება, 1-2 თვით გადაავადოს ბიზნესმა რაიმე აქტივობა, მაგრამ ამის შესახებაც არაფერი მსმენია. ყოველ შემთხვევაში, არ მომხდარა ისე, რომ კონკრეტულად არჩევნების გამო რაიმე შეფერხებულიყოს ან გადადებულიყოს”, – ამბობს მიხეილ ჭელიძე.
არჩევნებამდე და მის შემდეგაც ბიზნესი განვითარებას ელის. კერძო სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ 26 ოქტომბერის შემდეგ რადიკალური ცვლილებები არ დაიწყება.
როგორც ბიზნესმენმა ირაკლი იაშვილმა განაცხადა, საქართველო უცხოელ ბიზნესმენებს მოსწონს, ამიტომ ვინც ქვეყანაში ჩამოდის, უკან აღარ ბრუნდება.
„დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან 10-12 წელი უწყვეტი მშვიდობა ჩვენ არ გვქონია. ნებისმიერი ბიზნესმენი გააჩერეთ ქუჩაში და ჰკითხეთ, ამ 10 წლის განმავლობაში მისმა ბიზნესმა და კომპანიამ წინ წაიწია თუ არა. მიიღებთ პასუხს – კი. უდავოდ ასე მოხდა. ქვეყანაში მოთხოვნა ძალიან გაზრდილია. მაკროეკონომიკური პარამეტრები არის ისეთი, როგორიც არასდროს ყოფილა – ინფლაცია დაბალი, უმუშევრობა დაბალი. ეს პარამეტრები კარგია. სალდო ექსპორტსა და იმპორტს შორის უმჯობესდება ყოველ წელს, ანუ ყველა მონაცემი არის კარგი. ბიზნესს არ გართმევენ.
ჩვენი ქვეყანა მოსწონს ყველას. კი ვართ უცნაური ხალხი, მაგრამ ამ უცნაურობის გამო მოვწონვართ. ვინც ჩამოდის, უკან აღარ მიდის, რჩება. ხომ ხედავთ ქუჩაში რა ხდება, რამდენი და რა ფასის ავტომობილები გადაადგილდება. რამდენი სახლი შენდება და როგორ იყიდება უცებ, წამებში. ქვეყანა მიდის წინ“, – განაცხადა ირაკლი იაშვილმა.
განსხვავებული პოზიცია აქვს ბიზნმენთა ნაწილს. როგორც ისინი აღნიშნავენ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და საარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით, ბიზნესი ვერ ვითარდება, ინვესტორები კი მოლოდინის რეჟიმში არიან.
ბიზნესმენი, „აი სი არ ჯგუფის” ხელმძღვანელი კახა ხაზარაძე ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე რომელიმე ბრენდი ბაზრიდან არ გასულა, თუმცა არც ახალი შემოსულა. ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია და ინვესტორები გადაწყვეტილებებს წლის ბოლოს მიიღებენ, რაც საბოლოოდ 2025 წლის ეკონომიკაზე აისახება.
„3 კვარტლის მდგომარეობას თუ გადავხედავთ, შარშანდელ მაჩვენებლებს იმეორებს. მოლოდინი პოზიტიური ნაკლებად არის იმიტომ, რომ ინვესტიციები არ ხორციელდება, ბიზნესი არ ვითარდება. მოლოდინის რეჟიმშია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორი. ინვესტიციების შეფერხება კი სავალუტო რეზერვების შემცირებას გამოიწვევს, რაც პრინციპში, უკვე შევატყვეთ, გაცვლით კურსზე ისახება და ლარი ზემოთ მიდის.
ალბათ, არჩევნები იქნება სერიოზული წითელი ხაზი, რომელიც ბიზნესისთვის საბოლოო ვერდიქტს გამოიტანს.
ზოგადად, საღად მოაზროვნე საზოგადოება, როგორც შიგნით, ისე გარეთ, სწორ შეფასებას აკეთებს. მთელი მსოფლიო დგას ეკონომიკაზე, თავის მხრივ, ეკონომიკა დგას რაღაც ღირებულებებზე, მისი საფუძველია დემოკრატია, დამოუკიდებელი სასამართლო და ინსტიტუტები.
ვნახეთ, რომ დონერებმა, რომლებიც ქვეყანას აფინანსებდნენ, ძალიან ბევრი პროექტი გააჩერეს. ეს იყო არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სოციალური პროექტებიც. ადგილობრივი ინვესტორებიც თავის შეკავების რეჟიმში გადავიდნენ, უცხოელი პარტნიორები, არათუ ახალი ინვესტიციების, მიმდინარე პროექტების განვითარებაზეც თავს იკავებენ, ყველა არის დაკვირვების რეჟიმში.
იმედია, ეს პროცესი მალე დასრულდება და არა მხოლოდ ბიზნესი, არამედ ქვეყანა გადაწყვეტს, საით უნდა წავიდეს. ცივილიზაცია ყოველთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, ეს ქართველი ხალხის ხელშია და მე მჯერა, რომ სწორ არჩევანს გააკეთებენ. ჩვენი არსებობის პერიოდში ყველაზე დიდი დამფინანსებელი ევროპა და ამერიკა იყო, ჩვენც ვიჩქაროდით ევროპულ ოჯახში და დღევანდელ სიტუაციაში, ეს ყველაფერი გაჩერებულია. იმედია, ამ გაჩერებულ მატარებელს ან დავძრავთ, ან რელსებიდან გადავალთ. ეს უკვე ხალხის გადასაწყვეტია.
რაც შეეხება ბრენდებს, ასეთი რაღაცები მოკლე პერიოდში არ ხდება. ნებისმიერი ბრენდის შემოყვანას და მის დამკვიდრებას წლები სჭირდება. მოკლე, 6-თვიან პერიოდში არავინ იღებს გადაწყვეტილებას, რომ კონკრეტული ბაზარი დატოვოს. მათი მხრიდან გადაწყვეტილებების მიღება ალბათ, უფრო მოხდება არჩევნების შემდეგ, წლის ბოლოსკენ, რაც აისახება 2025 წლის ეკონომიკაზე”, – განაცხადა კახა ხაზარაძემ „ბიზნესპრესნიუსთან”.
წყარო: რეზონანსი