საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია: ქვეყანაში ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი შეიქნმება

ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ ორ ოპოზიციურ კოალიციასთან (კოალიცია ცვლილებებისთვის და ძლიერი საქართველო) ერთად, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც საქართველოში ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი შეიქმნება.
როგორც ცნობილია, ის ოთხი პრიორიტეტული ამოცანით დაარსდება: ლუსტრაცია, ⁠საბჭოთა პერიოდის არქივების ღია უზრუნველყოფა, მეხსიერების ადგილების დაცვა და ⁠საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის წარმართვა.
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში ამბობენ, რომ ინსტიტუტი სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობითა და პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნება.
“დოკუმენტის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები პირობას ვდებთ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი შეიქმნება. ეს იქნება დაწესებულება, რომელიც ოთხი მიმართულებით იმუშავებს და მთავარი მიზანი იქნება მაქსიმალურად მეტმა ადამიანმა გაიგოს საბჭოთა რეპრესიებისა და იმ პოლიტიკის შესახებ, რომელმაც საქართველოს დაღი დაასვა. საამისოდ კი საჭიროა იმ არქივების გახსნა, რომელიც კრემლის ინსტრუქციით ივანიშვილმა დაკეტა”, – განაცხადა ენმ-ის წევრმა, ირაკლი პავლენიშვილმა.