პეტრე ცისკარიშვილი – არის მცდელობა, რომ ამომრჩეველი დააშინონ – მნიშვნელოვანია, ადამიანებს ესმოდეთ, რომ მათი ხმა არის საიდუმლო, დაცულია და ვერავინ ვერაფერს გაიგებს – ნუ შეგეშინდებათ!

არის მცდელობა, რომ ამომრჩეველი დააშინონ: „ჩვენ გვეცოდინება, ვის მიეცით ხმა“ – მნიშვნელოვანია, ადამიანებს ესმოდეთ, რომ მათი ხმა არის საიდუმლო, დაცულია და ვერავინ ვერაფერს გაიგებს ამის შესახებ – ნუ შეგეშინდებათ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა ამომრჩევლისთვის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ პირადობის მოწმობების შესაძლო ჩამორთმევის თაობაზე ინფორმაციას.
ცისკარიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ სატყუარას იყენებს, რადგან იცის, რომ სამართლიან და თავისუფალ პირობებში არჩევნებს აგებს.
„არ შევიდეთ შეცდომაში და სამართალდამცავების იმედი ნუ გვექნება იმიტომ, რომ სწორედ ეს სამართალდამცავი ხალხი და ინსტიტუცია მონაწილეობს პირადობის მოწმობების ჩამორთმევის საქმეში. საკუთარი თავის წინააღმდეგ არაფერს გამოიძიებენ.
ხალხს უნდა ვუთხრათ: ნურაფრის გეშინიათ! ესენი ერთ კვირაში ხელისუფლებაში აღარ იქნებიან. თქვენი პირადობა რჩება თქვენთან. ხმას აძლევთ იმის მიხედვით, რა განცდაც გაქვთ და რა გადაწყვეტილებასაც მიიღებთ 26-ში. ამათ გავიყვანთ სახლებში, გავუშვებთ ოპოზიციაში, თუ ამის პოლიტიკური ნებისყოფა ეყოფათ და პირადობის მოწმობის ჩამორთმევის შიშის ქვეშ ნურავინ ნუ იქნება. მნიშვნელოვანია, ადამიანებს ესმოდეთ, რომ მათი ხმა არის საიდუმლო, დაცულია და ვერავინ ვერაფერს გაიგებს ამის შესახებ. ამ მიმართულებითაც არის მცდელობა, რომ ამომრჩეველი დააშინონ: „ჩვენ გვეცოდინება, ვის მიეცით ხმა“. ხმის მიცემის აპარატები ინტერნეტზე არ არის მიერთებული. ძალიან ბევრი 5 ნომერი იქნება, ბევრი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მიერ გაფერადებული ნომერი იქნება და იქ „ოცნების“ წარმომადგენელი ვერ გაიგებს ვერაფერს, ვინ რა შემოხაზა, რა გააფერადა, ამაზე არანაირი ინფორმაცია არ ექნებათ. ეს არის სატყუარა, დასაშინებელი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიგონეს „ოცნების“ წარმომადგენლებმა, რადგან მათ იციან, რომ სამართლიან და თავისუფალ პირობებში ისინი ამ არჩევნებს აგებენ. ამიტომ ცდილობენ, ეს არ იყოს არც სამართლიანი, არც თავისუფალ, სწორედ ამ ტიპის მანიპულაციებით. ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ, პირადობები რჩება მოქალაქეებთან და გაფერადებული ნომრის შესახებ არავის არაფერი ეცოდინება“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე ჰელსინკის კომისიის დასკვნაზე – ყველა ასეთი განცხადება მკაფიო პოზიციაა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ საუბარს არავინ აღარ აპირებს, დამთავრდა, გამოაბუნძულეს, მასთან ურთიერთობა დაასრულეს