უვადო პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელიც რუსთავში 4 პირის მკვლელობაში იყო ბრალდებული

რუსთავის საქალაქო სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა პირს, რომელსაც 2024 წლის 9 თებერვალს რუსთავში მდებარე ე.წ. „სტამბულის ბაზრის“ ტერიტორიაზე ოთხი ადამიანის მკვლელობას ედავებოდნენ.
პროკურატურის ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 9 თებერვალს რუსთავში მდებარე ე.წ. „სტამბულის ბაზრის“ ტერიტორიაზე, ბრალდებულმა, შურისძიების მოტივით, მისი ძმის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით ხუთ დაზარალებულს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ოთხი დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთის გადარჩენა დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით და 19, 109-ე მუხლის „ბ“ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა და განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარედგინა.
სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე ჰელსინკის კომისიის დასკვნაზე – ყველა ასეთი განცხადება მკაფიო პოზიციაა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ საუბარს არავინ აღარ აპირებს, დამთავრდა, გამოაბუნძულეს, მასთან ურთიერთობა დაასრულეს