“ბევრი ნარკოტიკი და ალკოჰოლი მიიღო… ოთახს ლეწავს” – პეინის სიკვდილამდე, 911-ში შესული ზარების ჩანაწერი გავრცელდა

BBC ავრცელებს სატელეფონო ჩანაწერის ტრანსკრიპტს, რომელიც საგანგებო დახმარების სამსახურში იმ სასტუმროდან განხორციელდა, სადაც One Direction-ის ყოფილი წევრი, ლიამ პეინი გარდაიცვალა. ბრიტანელი მომღერალი არგენტინის დედაქალაქის, ბუენოს-აირესის პრესტიჟულ უბანში, პალერმოში მდებარე სასტუმროს მესამე სართულის აივნიდან გადავარდა.
მომღერლის გარდაცვალებამდე, საგანგებო დახმარების სამსახურში სასტუმროდან ორი ზარი შევიდა. ზარების ავტორი, სავარაუდოდ, სასტუმროს მთავარი ადმინისტრატორია, რომელიც ამბობს, რომ მათმა ერთ-ერთმა სტუმარმა “ძალიან ბევრი ნარკოტიკი და ალკოჰოლი მიიღო” და “მთელი ოთახი თავდაყირა დააყენა”, შემდეგ კი კავშირი წყდება.
მეორე ზარის დროს, იგივე პირი საგანგებო სახმარების სამსახურს ეუბნება, რომ სტუმარი, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ იყოს, რადგან მის ნომერს აივანი აქვს. ის 911-ის ოპერატორს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოგზავნას სთხოვს. ის ამბობს რომ ვერ შედიან სტუმრის ოთახში, 911 მას უგზავნის სასწრაფო დახმარებასა და პოლიციის ბრიგადას. ადმინისტრატორი თავიდან ამბობს, რომ მხოლოდ სასწრაფო დახმარება სჭირდებათ, თუმცა, 911-დან უხსნიან, რომ ადგილზე პოლიციის მისვლა აუცილებელია, თუნდაც იმიტომ რომ რაკი სასტუმროს თანამშრომლები ვერ შედიან ოთახში, სავარაუდოდ ვერც ექიმები შევლენ დამოუკიდებლად.
მედია არ წერს, რა დრო გავიდა პირველ და მეორე ზარს შორის.