“ასეთი რამ ჩემი კარიერის მანძილზე არ გამომიცდია” – როთი

“ქართული ოცნების” მიერ გერმანელ პოლიტიკოსებზე განხორციელებული თავდასხმების შესახებ ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი “პირველებთან” ინტერვიუში, ამბობს:
“ქართული ოცნება” იქცა ქართულ კოშმარად, რადგან ამჟამინდელი მთავრობა და მისი ლიდერი ივანიშვილი მუშაობს საქართველოს იზოლაციისთვის. ოლიგარქია დემოკრატიისთვის საწამლავია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან. დიდი ბიზნესი და პოლიტიკა არ უნდა გაერთიანდეს, ეს არის პრობლემა და ამიტომაა საქართველოს დეოლიგარქიზაცია ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი. ეს ჩემი პირადი აზრი არაა, ეს ევროკავშირის საერთო აზრია, გერმანიის მთავრობის და გერმანიის ბუნდესტაგის. ზოგიერთი ლიდერი თქვენს ქვეყანაში გვაკრიტიკებს იმის გამო, რომ ჩვენ რეჟიმის ცვლილების დაწყება გვინდა. სულაც არა, თქვენს ქვეყანაში რეჟიმის ცვლილება მმართველ პარტიას სურს, რადგან ქართველ ხალხს ევროპა უნდა. მაგრამ არ მაქვს შთაბეჭდილება, რომ ევროპა მმართველ პარტიასაც უნდა. ისინი უფრო ავტორიტარიზმისკენ მიდიან. ეს თავდასხმები და დაგეგმილი სიცრუის კამპანია ევროპის საკითხებში მინისტრის, ჩემს და გერმანული პარლამენტის წევრების წინააღმდეგ არის ძალიან დიდი სიბინძურე და საქართველო ამას არ იმსახურებს. მაგრამ დაბლა ისინი ეცემიან, ჩვენ ვმაღლდებით. ჩვენ არ გვაინტერესებს ეს თავდასხმები. ჩვენ გვინდა დიალოგი. ძალიან სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია უარს ამბობდა ჩვენთან შეხვედრაზე. 26 წელია ევროკავშირის შიდა საკითხებზე ვმუშაობ და ასეთი რამ ჩემი კარიერის მანძილზე არ გამომიცდია, რომ მთავრობას და მმართველ პარტიას არ სურდა ჩვენთან შეხვედრა. დიახ, მე მხოლოდ ლამაზი სიტყვების სათქმელად არ ჩამოვსულვარ, მაგრამ მე პატივს ვცემ მთავრობას მიუხედავად ყველაფრისა”, – ამბობს მიხაელ როთი.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერმა გერმანელ მინისტრს “კუბიულიუსი კაბაში“ უწოდა და თქვა, რომ მის განცხადებებს ჩალის ფასი აქვს. ამ განცხადებიდან მალევე გერმანიის ელჩმა საქართველოში კალაძეს სოციალური ქსელით უპასუხა: “დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა”- დაწერა ფიშერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი ბრეგაძე – პოლიტიკოსები, რომლებიც აგვისტოს ომის შემდგომ რუს ტურისტებს საზღვართან მომღიმარი სახეებით ხვდებოდნენ, დღეს რუსეთუმეობას აბრალებენ სხვებს – პროპაგანდაც ასეთი უნდა, გებელსსაც შეშურდებოდა მათი