“გავიზარდე ძალიან მძიმე სიღარიბეში… ბედნიერი ვარ, რომ დავძლიე უჭმელობაზე, ჩასაცმელსა და ოჯახის გაჭირვებაზე ფიქრი და ვნახე მამაჩემი, რომელიც სიხარულის ცრემლებით ტიროდა” – ანიტა რაჭველიშვილი განვლილი ცხოვრების შესახებ – Marao

“გავიზარდე ძალიან მძიმე სიღარიბეში… ბედნიერი ვარ, რომ დავძლიე უჭმელობაზე, ჩასაცმელსა და ოჯახის გაჭირვებაზე ფიქრი და ვნახე მამაჩემი, რომელიც სიხარულის ცრემლებით ტიროდა” – ანიტა რაჭველიშვილი განვლილი ცხოვრების შესახებ – Marao
ანიტა რაჭველიშვილის სახელი დიდი ხანია, რაც საქართველოს საზღვრებს გასცდა და მას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ საოპერო მომღერალს, მსოფლიო იცნობს. წარმატებული კარიერის პარალელურად, ანიტა სოციალურ ქსელშიც აქტიურია და საკუთარ მოსაზრებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ყოველთვის ღიად გამოთქვამს.
ანიტა ხშირად აქვეყნებს მეუღლესთან, ოთარ მაისურაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.
“არასოდეს არ მქონია სურვილი, ოპერის მომღერალი გავმხდარიყავი. ვიყავი მუსიკით დაინტერესებული, ვმღეროდი, ფორტეპიანოზეც ვუკრავდი, შვიდწლედიც დავამთავრე, მაგრამ ოპერის მომღერლობა არასოდეს მნდომებია. გაუცნობიერებლად ჩავაბარე-მეთქი, ვერ გეტყვი, მაგრამ გაუცნობიერებლად დავიწყე მომზადება კონსერვატორიაში ჩასაბარებლად. ვცადოთ და ვნახოთ, რა გამოვა – ასეთი მიდგომა მქონდა.
ყოველი ნაბიჯი ჩემთვის იმის დამამტკიცებელი იყო, რომ მინდოდა კონსერვატორიაში სწავლა. მიუხედავად იმ წლების სირთულეებისა, განსაკუთრებით კი – გაჭირვებისა, კონკრეტულად ჩემი ოჯახის გაჭირვებისა.
ბავშვობიდან მოყოლებული, ყოველთვის ძალიან ბევრი პრობლემა იყო, განსაკუთრებით, როცა ჩავაბარე, მაგრამ იმდენად მომნუსხავი იყო კონსერვატორია მთელი თავისი პროცესებით – ლექციებით, სტუდენტური ურთიერთობებით და ახალი რაღაცების შეცნობით, მათ შორის, ოპერაში სიარულით, რომ ამან გადაწონა სხვა ყველაფერი: უჭმელობაზე, ჩასაცმელსა და ოჯახის გაჭირვებაზე ფიქრი. მაინც დავძლიე და ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან კონსერვატორიის წლები ერთ-ერთი საუკეთესო წლებია ჩემს ცხოვრებაში.”
ამჯერად ის თათია შარანგიას გადაცემის „სთორი“ სტუმარია, სადაც იმ უკიდურეს გაჭირვებაზე საუბრობს, რომელიც ოჯახთან ერთად გამოიარა:
„ყველაზე საოცარი მომენტი იყო დედაჩემის და მამაჩემის დანახვა „ლა სკალას“ პარტერში, მესამე რიგში. დედას ტირილს მიჩვეული ვარ, ემოციური ქალია, მამაჩემი ღვრიდა ნიანგის ცრემლებს. ძალიან გამიჭირდა, მივხვდი, რომ არ უნდა შემეხედა, მე თვითონაც ტირილს ვიწყებდი. ვხედავდი ჩემს დას სამეფო ლოჟაში და იქიდან მისმენდა… და ეს საამაყო დღე იყო. სამივე ტიროდა ბედნიერებისგან. ვიყავი 25 წლის, პატარა, გამოუცდელი მომღერალი. 130 ქვეყანაში ხდებოდა ამ სპექტაკლის ტრანსლაცია. მახსოვს, ჩემი მენეჯერები ყოველ შესვენებაზე მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, ახალი შემოთავაზებები გვაქვსო. მაშინ დაიწყო სრულიად ახალი ეტაპი, ეტაპი, სადაც შემეძლო, რომ ჩემი მშობლების ბინა დამებრუნებინა. ძალიან ღარიბი ოჯახიდან ვარ… გავიზარდე ძალიან მძიმე სიღარიბეში. ყოფილა დღეები, რომ ხახვი და პური მიჭამია და ისე წავსულვარ კონსერვატორიაში. მქონდა სანდლები, რომლებზეც წინდებს ვიცვამდი და ისე მივდიოდი კონსერვატორიაში, რადგან ზამთრის ფეხსაცმელი არ მქონდა. ჩემი მშობლები ბევრჯერ მშივრები დარჩენილან, რომ მე და ჩემს დას გვეჭამა..“- ამბობს ანიტა რაჭველიშვილი.