“ექსპლუატაციაში ჯამურად 6 მეგავატი სიმძლავრის სადგურებს გავუშვებთ” – “შაინ ენერჯის” შედეგები

მზის ელექტროსადგურების სამშენებლო/საპროექტო კომპანიის „შაინ ენერჯის“ დამფუძნებელი bm.ge-სთან კომპანიის ერთ წლიან ოპერირებას აფასებს.
ნინა გადელია აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს კომპანიის მიერ ჯამურად გაშვებული სიმძლავრე 6 მეგავატს აღწევს, მიმდინარე პროექტებიდან გამომდინარე, კი ეს რიცხვი მომავალი 2025 წლისთვის კიდევ უფრო გაიზრდება.
„შაინ ენერჯის“ დამფუძნებელი ქვეყანაში მზის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ მოთხოვნასაც აფასებს და როგორც ამბობს, გასულ წელთან შედარებით, მომართვიანობა გაორმაგებულია.
„ექსპულატაციაში ჯამურად 6 მეგავატის სიმძლავრის სადგურებს გავუშვებთ, ვფიქრობ, ეს ერთი წლის კომპანიისთვის საკმაოდ კარგი შედეგია. ამ დროისთვის, დამატებით 25-30 მეგავატამდე პროექტებზე ვმუშაობთ, თუმცა მათი დასრულება წელს ვერ მოესწრება და 2025 წელზე განაწილდება.
რაც შეეხება მოთხოვნას, ჩვენ მაქსიმალური ჩართულობით ვმუშაობთ ყველა პროექტზე, მიუხედავად იმისა დიდი სიმძლავრის არის ის – თუ არა. საერთო სურათით თუ ვიმსჯელებთ, მიმდინარე წლის მოთხოვნამ გასული წლების მომართვიანობას გადააჭარბა. აქამდე თუ მომხმარებლისთვის ახსნა გვიწევდა, თუ რა არის მზის პანელი და რა ბენეფიტები აქვს მას – ახლა ეს მდგომარეობა შეიცვალა, მომხმარებელი თავად, ინფორმირებული გვიკავშირდება.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ აქამდე მომხმარებლებს შორის ძირითადად ქარხნები, სასაწყობე მეურნეობები ჭარბობდნენ – ახლა ეს შეიცვალა. მზის პანელების მონტაჟით ნებისმიერი ტიპის კომპანია ინტერესდება“ – ამბობს „შაინ ენერჯის“ დამფუძნებელი.
ნინა გადელია „შაინ ენერჯის“ სიახლეზეც საუბრობს. მისი ინფორმაციით, კომპანიამ მნიშვნელოვნად შეამცირა პროექტების განხორციელების ვადა.
„ჩვენ შევძელით, რომ მზის პანელების და მოდულების შემოტანასთან დაკავშირებით ლოდინი აღარ გვიწევს. პროდუქცია სულ მარაგშია, ჩვენთან თუ მოდის კონტრაქტორი, მან იცის რომ პროექტი მალე განხორციელდება. ამ მიმართულებით დროის დაზოგვა მნიშვნელოვანია, რადგან სამშენებლო პროცესს, მაქსიმალური სიმძლავრის შემთხვევაში დაახლოებით 20-25 დღემდე სჭირდება. შესაბამისად ნედლეულის მუდმივად მარაგში არსებობა – სამუშაოებს ამარტივებს“ – განმარტავს ნინა გადელია.

ასევე დაგაინტერესებთ