„გაზრდილი მოთხოვნის გამო პროდუქტი დაახლოებით 2 ლარით გაძვირდა და ახლა 1 ლიტრი ზეთი მინიმუმ 7 ლარი ღირს“

მსხვილ სავაჭრო ობიექტებში მზესუმზირას ზეთის სიმცირეა. დახლები, ფაქტობრივად, ცარიელია და არჩევანიც – მაქსიმალურად შეზღუდული. იმპორტიორები აცხადებენ, რომ პროდუქციის შემოტანასთან დაკავშირებით მცირე შეზღუდვა იყო და როგორც კი მდგომარეობა გამოსწორდება, მარაგიც შეივსება.
იმპორტიორებმა ,,რეზონანსს“ აცნობეს, რომ რამდენიმე დღის წინ მიწოდების მხრივ მცირე დაბრკოლება შეიქმნა, რომელიც მალევე გამოსწორდა, რითიც, სავარაუდოდ, ქსელურმა მარკეტებმა ისარგებლეს და ფასები მყისიერად გაზარდეს.
ამ ეტაპზე სავაჭრო ობიექტების ნაწილში, სადაც მზესუმზირის ზეთი ჯერ კიდევ შემორჩა, ფასები მასობრივად გაზრდილია. დეფიციტის მიზეზზე სუპერმარკეტების წარმომადგენლები არ საუბრობენ, თუმცა დასაქმებული პერსონალი პრობლემის არსებობას ადასტურებენ.
,,სათავო ოფისიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ საწყობებში ზეთის მარაგი ამოწურულია და სანამ ახალ პარტიას არ მიიღებენ, დახლების შევსებას ვერ შევძლებთ. გვეუბნებიან, რომ მცირეხნიანი ხარვეზია და მალე გამოსწორდება, სხვა ინფორმაცია არ გვაქვს”, – აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას ერთ-ერთი წამყვანი სუპერმარკეტის კონსულტანტმა ია ნიჟარაძემ.
მცირე მარკეტებში პრობლემაზე უფრო ღიად საუბრობენ და აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ძველი მარაგი აქვთ და ზეთის დეფიციტს არ განიცდიან, თუმცა ფასები იქაც შეიცვალა.
როგორც ნაძალადევში მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტის მენეჯერმა მერი სხულაძემ აღნიშნა, ბოლო დღეებში დიდი მოთხოვნა იყო, რამაც რეალიზაციისას მცირე პრობლემა შექმნა და ფასების გარკვეული კორექტირება გახდა საჭირო.
,,წინა კვირას ერთბაშად გაიზარდა მოთხოვნა, სეზონური ცვლილებაა, რაც ამ პერიოდისთვის ყოველთვის არის დამახასიათებელი. საგანგაშო ვითარება არ არის, მაგრამ დაძაბულობა მაინც შეიმჩნევა. კონკრეტულად რას უკავშირდება დეფიციტი და რამ გამოიწვია პრობლემა, ვერ გეტყვით. ჩვენს მაღაზიას ამ მხრივ პრობლემა ყველაზე ნაკლებად შეეხო, მაგრამ მომხმარებელი მაინც გაურკვევლობაშია.
რაც არ უნდა იყოს, ზეთის მარაგი საქართველოში არის იმ დონეზე, რომ სამომხმარებლო ბაზარზე კრიზისი არ გაჩნდეს, მერე ახალი პარტიაც შემოვა და სიტუაცია დასტაბილურდება. მიუხედავად ამისა, გაზრდილი მოთხოვნის გამო პროდუქტი დაახლოებით 2 ლარით გაძვირდა და ახლა 1 ლიტრი ზეთი 7ლარი ღირს. ეს არის რუსული ბრენდი “ოლეინა”, ამაზე იაფად დახლებზე ზეთი, პრაქტიკულად, არ იშოვება. არ ვიცით, გაიაფდება თუ არა, გააჩნია, დისტრიბუცია რა ფასად მოგვაწვდის“, – აღნიშნა მაღაზიის მენეჯერმა ,,რეზონანსთან“ საუბრისას.
საკვები პროდუქტების იმპორტიორი, ინდმეწარმე თენგიზ ფაცაცია ზეთის ბაზარზე არსებულ პრობლემას ქსელური მარკეტების არაჯანსაღ პოლიტიკას უკავშირებს და ამბობს, რომ ბოლო დრომდე ფასები აქციების საშუალებით ხელოვნურად იაფდებოდა, რამაც მერე მარაგის კუთხით შექმნა პრობლემა. ამას გლობალური ფაქტორიც დაემატა და იმპორტში მცირე წყვეტა გაჩნდა.
,,ზეთის იმპორტს ყველაზე რთულ პერიოდშიც არ შექმნია დაბრკოლება და არც ახლა პანიკის საფუძველი. გეოპოლიტიკურად რთული სიტუაციაა და მცირე ხარვეზმა ნებისმიერ დროს შეიძლება იჩინოს თავი მომარაგებისას, ეს მდგომარეობაც გამოსწორდება.
ჩემი აზრით, უფრო მეტი პრობლემაა ზოგიერთი სუპერმარკეტის საფასო პოლიტიკაა, ლამის 2 ლარამდე დაწიეს ფასი, რამაც მოთხოვნის ზრდა გამოიწვია და მარაგსაც შეეტყო. დიდხანს არ გასტანს ასე და ყველაფერი გამოსწორდება, ალბათ, ახლანდელი ფასი დარჩება ან მცირედით შემცირდება”, – განუცხადა ,,რეზონანსს” იმპორტიორმა.
საქართველოში ზეთის ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებელი კომპანია ,,ჩირინაა”. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ აღნიშნა, საწარმოში რამდენიმე კვირის მარაგი მუდმივადაა. შესაბამისად, ზეთის დეფიციტს არ განიცდიან და არც საფრთხეს ხედავენ.
,,ზეთი პირველადი მოხმარების პროდუქტია და უწყვეტი მოწოდება აქამდე არ შეზღუდულა. არ მსმენია, რომ პრობლემა იყოს, ჩვენ საკუთარი მარაგი გვაქვს და ამ მხრივ არანაირ პრობლემას არ განვიცდით. თუკი სადმე იმპორტი შეფერხდა, გამოსწორდება, გლობალურად არ არის იმის საფუძველი, რომ მიწოდების რისკი გაჩნდეს. თუკი სადმე დეფიციტია, ეტაპობრივად შეივსება, არ მგონია, ამ გაურკვევლობამ დიდხანს გასტანოს”, – განაცხადა ვაშაკიძემ.
ვრცლად: resonancedaily.com

ასევე დაგაინტერესებთ