მთავრობა, არჩევნების შემდეგ, სპორტისა და კულტურის სამინისტროს გაყოფას გეგმავს – კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელად თინათინ რუხაძე დარჩება, სპორტის სამინისტროს კი შალვა გოგოლაძე ჩაიბარებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ დაინიცირდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, კულტურისა და სპორტის სამინისტროები ცალ-ცალკე უწყებებად ჩამოყალიბდება.
„არჩევნების დასრულებისთანავე ჩვენ დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, სამინისტროს გაიყოფა ანუ კულტურის სამინისტრო ჩამოყალიბდება როგორც ცალკე ინსტიტუტი და ჩამოყალიბდება ცალკე სპორტის სამინისტრო. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი წარმატებები სპორტის სფეროში ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტის განვითარებას და ცალკე, სპორტის სამინისტროს შექმნაც იქნება ყურადღების კიდევ ერთი გამოხატულება. სპორტი დარჩება განსაკუთრებულ პრიორიტეტად და სწორედ ამის გამოხატულება იქნება სპორტის სამინისტროს არსებობა“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, გაყოფის შემდეგ, კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელად ახლად დანიშნული მინისტრი – თინათინ რუხაძე დარჩება, სპორტის სამინისტროს კი შალვა გოგოლაძე ჩაიბარებს, რომელიც უწყების გაყოფამდე, თინათინ რუხაძის პირველი მოადგილე იქნება და სპორტის მიმართულებას ჩაიბარებს.
„რაც შეეხება კულტურისა და სპორტის მინისტრს, ვიდრე სამინისტრო გაიყოფა, იქნება ერთი მინისტრი- თინათინ რუხაძე. შალვა გოგოლაძე კი ამ ეტაპისთვის დაიკავებს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას, ის იქნება სპორტის კურატორი კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ხოლო მას შემდეგ, რაც სპორტის სამინისტრო გაიყოფა, ის დაიკავებს სპორტის მინისტრის თანამდებობას“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია