ე.წ. გამჭირვალობის კანონის მიღების შემდეგ, დასავლელმა პარტნიორებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა დაიწყეს. ქვეყანას უკვე შეუწყდა ფინანსური დახმარების ნაწილი. ასევე შეჩერდა პოლიტიკურ ფორმატებში თანამშრომლობა და დიალოგი. ,,კომერსანტი” გთავაზობთ ინფორმაციას, იმ ფინანსური დახმარებების შესახებ, რომელიც ქვეყანას უკვე შეუჩერდა.
ამერიკის შეერთებული შტატები 95 მლნ დოლარის დახმარებას აჩერებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა იღებდა. შტატებში გადაწყვიტეს, რომ საქართველოსთან „ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა“ მოხდეს. განცხადება 23 მაისს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოსთვის გათვალისწინებული საგარეო დახმარება 80 მლნ დოლარს შეადგენს, რაც 2024 წელთან შედარებით 8 მილიონი დოლარით ნაკლებია.
საერთაშორისო ორგანიზაციებიდან საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორი ევროკავშირია. 2019-2024 წლებში სამინისტროებმა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებმა ევროკავშირისგან 517 მილიონ ევროს დაფინანსება მიიღეს. თუმცა, გრანტის ოდენობა 2025 წლის ბიუჯეტის პროექტით 7 მილიონი ლარია, რაც 2024 წლის გეგმაზე 93%-ით ნაკლებია. (2024 წელს 105 მილიონი ლარი იყო)
ევროკავშირი საქართველოს მთავრობას 121 მლნ ევროს დახმარებას უჩერებს. ასევე, წყვეტს უმაღლესი დონის შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გაიყინა თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი დახმარება, რომელიც 30 მლნ ევროს შეადგენდა.
სანქციები შემოიღო დიდმა ბრიტანეთმაც. გაერთიანებულმა სამეფომ გაყინა ,,უორდროპის დიალოგი”. ასეთი რამ პირველად მოხდა დიალოგის ფორმატის დაარსებიდან. ასევე, შეაჩერა კიბერუსაფრთხოების პროგრამა, რომელიც 5 მლნ ევროს დახმარებას მოიცავდა.
დანიამ საქართველოს 4 წლიანი სამხედრო თანამშრომლობა შეუჩერა, რომლის ბიუჯეტიც 28 მლნ ლარზე მეტი იყო.