აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ის ისევ გახდება პრეზიდენტი, “დიქტატორი” მხოლოდ პირველ დღეს იქნება. როგორც CNN აღნიშნავს, ტრამპი ცდილობდა გვერდი აევლო კითხვისთვის, ხელახალი არჩევის შემთხვევაში აპირებს თუ არა ძალაუფლების ბოროტად, ან პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენებას.
“მეკითხებით, თქვენ დიქტატორი არ გახდებით, არა? მე ვპასუხობ, არა, არა, არა, პირველი დღის გარდა!…ამის შემდეგ მე დიქტატორი აღარ ვარ,” – ამბობს ტრამპი.
მის სატელევიზიო ინტერვიუს ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის მენეჯერი, ჯული ჩავეს როდრიგესი გამოეხმაურა და ტრამპი გააკრიტიკა.
“პირდაპირ გვეუბნება, რას გააკეთებს, თუ მისი არჩევა თავიდან მოხდება. მან დღეს თქვა, რომ ის პირველ დღეს დიქტატორი იქნება, ამერიკელებმა მას უნდა დაუჯერონ,” – თქვა როდრიგესმა.
ცნობისთვის, აშშ-ის ექსპრეზიდენტმა, 77 წლის დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხელახალი კენჭისყრის გადაწყვეტილება 2022 წლის ნოემბერში დაადასტურა. ამჟამად ის საარჩევნო კამპანიას აწარმოებს, მის მიმართ წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კი, რომელსაც 2023 წლის 20 ნოემბერს 81 წელი შეუსრულდა, მეორე ვადით კენჭისყრის გადაწყვეტილება ოფიციალურად აპრილში გამოაცხადა.
როგორც CNN იუწყება, რომ არა ტრამპი, ბაიდენს პრეზიდენტად კენჭი შესაძლოა აღარ ეყარა – ამის შესახებ ბაიდენმა 5 დეკემბერს, ბოსტონში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.