ელჩი: შეჯიბრია ოცნების ოფიციალურ პირებში, ვინ მიაყენებს შეურაცხყოფას EU-ს ყველაზე ძლიერად

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მ კიდევ ერთხელ ისაუბრა ქართული ოცნების ანტიდასავლურ რიტორიკაზე და თქვა, რომ მმართველი პარტიის უმაღლეს ოფიციალურ პირებს შორის “შეჯიბრია, ვინ მიაყენებს შეურაცხყოფას ევროკავშირს ყველაზე ძლიერად”.
ჟურნალისტებთან საუბრისას ელჩმა თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებისა და განცხადებების შედეგია ის, რომ ქვეყნის გაწევრიანების პროცესი შეჩერდა და აღნიშნა, რომ “პრობლემა არც ბრიუსელშია, არც ვაშინგტონში და არც კიევში”.
“გვაქვს შეჯიბრი საქართველოს მთავრობასა და მმართველ პარტიაში უმაღლეს ოფიციალურ პირებს შორის, ვინ გამოუთხრის ძირს, ვინ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინ მიაყენებს შეურაცხყოფას ევროკავშირს ყველაზე ძლიერად. საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერება გადაწყდა მიზანმიმართული ქმედებების, გადაწყვეტილებების, კანონების მიღების შედეგად, რომელიც საქართველოში მიიღეს.
პრობლემა არ არის ბრიუსელში, არც ვაშინგტონსა და კიევში, ის არის აქ, საქართველოში. საქართველოს ხელისუფლების, პარლამენტის, მმართველი პარტიის ქმედებების, გადაწყვეტილებების და განცხადებების შედეგია ის, რომ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერმა გადაწყვიტა საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერება.
გაფართოების პირველი ანგარიში, რომელიც შარშან ნოემბერში გამოქვეყნდა მოუწოდებდა, შეაჩერეთ ანტიდასავლური და ანტი-ევროკავშირის პროპაგანდა, კონსპირაციული თეორიები, უცნაური ნარატივი. სამწუხაროდ, გასული წლის განმავლობაში ევროპისა და დასავლეთის საწინააღმდეგო დეზინფორმაციის გავრცელება არ შეჩერებულა”, – თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.