თენგიზ შარმანაშვილი ევროპული საბჭოს განცხადებაზე – ევროპული სტრუქტურები, ზოგიერთი ქვეყნის მთავრობები, პირდაპირ არიან ჩართული წინასაარჩევნო პროცესში – მათი მცდელობები ფუჭი იქნება, ამაში ერთ კვირაში დარწმუნდებით

სამწუხაროდ, ოფიციალური ევროპული სტრუქტურებიც, ზოგიერთი ქვეყნის მთავრობები, პირდაპირ არიან ჩართული წინასაარჩევნო პროცესში საქართველოში, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუჯერებელია ევროპული ღირებულებებისათვის – მათი მცდელობები ფუჭი იქნება, ამაში ერთ კვირაში დარწმუნდებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ევროპული საბჭოს განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, ასეთი ტიპის ორგანიზაციები პირდაპირ იღებენ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას, რაც აბსოლუტურად მიუღებელი და შეუფერებელი საქციელია ევროპული ღირებულებებისთვის.
„მიზანი ერთია. ამაზე უკვე დამღლელიც არის საუბარი. ეს ძალიან თვალნათელია. ასეთი ტიპის ორგანიზაციები პირდაპირ იღებენ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას, ჩვეულებრივად წინასაარჩევნო მარათონში ჩაერთნენ, ვინაიდან ოპოზიციას ამის რესურსი არ გააჩნია, რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ისინი უფლებამოსილები არიან პირადად მიიღონ ამ ს აგიტაციაში მონაწილეობა, რაც აბსოლუტურად მიუღებელი და შეუფერებელი საქციელია ევროპული ღირებულებებისთვის, მაგრამ ისინი მაინც აკეთებენ. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია.
წარმოიდგინეთ, ქართველ ერს ეუბნებიან და ჭკუას ასწავლიან, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და იქვე რაღაც მუქარანარევი [განცხადებაც] არის, „თუ ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებთ, როგორსაც ვთვლით, რომ სწორი არის, ამას შედეგები მოჰყვება“. ამაზე დიდი ზეწოლა ამომრჩევლის ნებაზე მე არ გამიგონია. ასეთი რამის გაკეთება ყოვლად დაუშვებელია. ყოველ შემთხვევაში, მე საკმაოდ დიდი ხანია, პოლიტიკაში ვარ და მე ევროპული ღირებულებები ცოტა სხვა რამ მეგონა და არა ზეწოლა ამომრჩევლებზე უცხო ქვეყანაში,“ – განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ “ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს გაერთიანების მზადყოფნას, მხარი
დაუჭიროს ქართველ ხალხს მის ევროპულ გზაზე”. ამავე დროს, იგი იმეორებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების კურსის მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული.
დოკუმენტში ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ “ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს”.
ევროპული საბჭო “მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. ევროსაბჭო გააგრძელებს სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს”.
დოკუმენტის თანახმად, ევროპული საბჭო მოელის, რომ “მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის შეუფერხებელი წვდომით”.

ასევე დაგაინტერესებთ

ბადრი ჯაფარიძე – პაველ ჰერჩინსკის განცხადება ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ არის სრულიად ანტიდასავლური ძალა, სადაც მისი ლიდერები ერთმანეთს ეჯიბრებიან ევროპელი ლიდერების ლანძღვაში, ევროკავშირის ღირებულებების ფეხქვეშ გათელვაში