ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა ჯგუფი „მგზავრების“ მიერ 20 ოქტომბერს დაგეგმილ ზღვის უბნის პარკის გახსნის კონცერტის გაუქმებას ეხმიანება.
როგორც წიწავა აღნიშნავს, მაშინ როცა „მგზავრებს“ რუსეთში არ ეძინათ, რათა იქ კარგი კონცერტი გამოსვლოდათ, მას და „ქართული ოცნების“ ბევრ წევრს არ ეძინა იმისთვის, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მიეღო.
“თქვენ რომ არ გეძინათ, რათა რუსეთში არაერთი კარგი კონცერტი გამოგსვლოდათ და მათ კონკურსებში გაგემარჯვათ, მაგ პერიოდში მე და ბევრს „ოცნებიდან“ არ გვეძინა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მიეღო და ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზა სწრაფად გაგვევლო -ასეთია ჩვენი „წარსულის ისტორია“.
რუსეთში კონცერტზე არ გითქვამთ უარი და გალამაზებულმა თბილისის ზღვისუბნის პარკმა რა დაგიშავათ? – რაც დაგემართათ, სწორედ ესაა ლიბერალური ფაშიზმის შედეგი.
ისე, ევროპის დონის პარკი კი გამოვიდა და მადლობა ყველას ვინც ეს განადგურებული ადგილი სამოთხედ აქცია – 20 ოქტომბერს ზღვისუბნის პარკი გაიხსნება“, – წერს გრეტა წიწავა.
ჯგუფმა”მგზავრებმა” 20 ოქტომბერს, ზღვისუბნის პარკის გახსნასთან დაკავშირებით გასამართი კონცერტი იმ მოტივით გააუქმა, რომ ყველა ოპოზიციის მიერ დაგეგმილ მარშზე უნდა წავიდეს.
ცნობისათვის, 2022წლის, 27 მარტს რუსულ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქართული ჯგუფი “მგზავრები” აპრილში კონცერტის ჩატარებას გეგმავდა მოსკოვში, ჯგუფი გამოეხმაურა ოფიციალური პოზიციით.
“გავრცელებული ინფორმაცია მგზავრების საკონცერტო ტურნესთან დაკავშირებით რუსეთში არის დეზინფორმაცია და სიცრუე”, — ვკითხულობთ “მგზავრების” ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში.
განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ კონცერტებთან დაკავშირებული ოფიციალური ინფორმაცია მათ ვებგვერდზე უნდა გადამოწმდეს და “ნუ ენდობით რუსულ წყაროებს”.