ბიზნესმენმა ელგუჯა ქებურიამ და დეპუტატ ელგუჯა გოცირიძის შვილმა ვაკეში სამედიცინო ცენტრ „იუნონას” ყოფილი შენობა აუქციონზე 27 მლნ ლარად იყიდეს.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ილია ჭავჭავაძის გამზირის N60გ-ში მდებარე 5331 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები აუქციონზე რამდენჯერმე გამოიტანა. აღნიშნული ობიექტის საწყისი ღირებულება 7 953 000 ლარი იყო, აუქციონის ბიჯი კი 10000 ლარს შეადგენდა. ქონების შესაძენად 2 მსურველი იბრძოდა, რომლებმაც უპრეცედენტო რაოდენობის, 1908 ბიჯი დააფიქსირეს და საბოლოოდ ქონება 27 033 000 ლარად გაიყიდა.
„ქონების საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია: შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში, უზრუნველყოს არანაკლებ 9 837 000 ლარის ჩარიცხვა სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე“, – ნათქვამია აუქციონის პირობებში.
თბილისის ცენტრში არსებული უძრავი ქონება, შპს „დელუქს ფროფერთიმ“ იყიდა, რომელსაც შპს „კაპიტალ ჰოლი“ ფლობს. თავის მხრივ შპს „კაპიტალ ჰოლის“ მფლობელია საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე ელგუჯა ქებურია (30%) და გიგი გოცირიძე (70%). გიგა გოცირიძე მილიონერი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის შვილია, რომელიც „ჩაჩავას კლინიკის“ აქციების ფლობს.
ელგუჯა ქებურია კი საქართველოში „ამბასადორის“ სასტუმროების ქსელის და ღვინის ქარხნის მფლობელია. გარდა ამისა, ქებურიას ბიზნესაქტივები აქვს რუსეთსა და საფრანგეთში. მოსკოვში მისი საკუთრებაა ბიზნესცენტრი, სასტუმრო „ქებურ პალასი“, რესტორნები „ტიფლისი“, „თავადი ბაგრატიონი“ და „ტიფლისკი დვორი“, პარიზში კი რესტორანი „ქართული სახლი“.