გიორგი კალანდარიშვილი – თითქოს ერთ-ერთი საკრებულოს აპარატის თავმჯდომარე არის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, დარღვევას არ წარმოადგენს – კანონის ფილტრი ყველას აქვს გავლილი, ჩვენ არ გვევალება, ნათესაური კავშირები ვარკვიოთ

არავის, არც ერთ ეტაპზე, არ შეუძლია გაიგოს, ვის მიეცა ხმა, არც ს, არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს. ხმის მთვლელი აპარატი და ვერიფიკაციის აპარატი არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული , – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
როგორც კალანდარიშვილი განმარტავს, ხმის მიცემის ისეთი მოდელი არის შემუშავებულია, რომელიც მანიპულაციისთვის სივრცეს არ ტოვებს.
„არავის, არცერთ ეტაპზე არ შეუძლია გაიგოს, ვის მიეცა ხმა, არც ცესკოს, არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს. ხმის მთვლელი აპარატი და ვერიფიკაციის აპარატი არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. მეორე, არის ის, რომ ინტერნეტს არ ვიყენებთ. ეს არის იზოლირებული პროცესი, რომელიც ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული.
ეს არ არის ის მოდელი, როდესაც ვერიფიკაცია, ბიულეტენის ბეჭდვა და საარჩევნო ყუთში მოთავსება ხორციელება ერთი ტექნოლოგიურ საშუალების გამოყენებით. შემუშავებულია ისეთი მოდელი, რომელიც არ ტოვებს სივრცეს მანიპულაციისთვის. გამოყენებული იქნება სპეციალური ჩარჩო კონვერტები, რომელიც უზრუნველყოფს ხმის ფარულობას, ამასთან ეს ბიულეტენი ამობრუნებული სახით მოთავსდება ხმის მთვლელ აპარატში და მისი გადმობრუნების შემთხვევაშიც კი შეუძლებელია ვინმემ გაიგოს, ვის მიეცა ხმა“,- აღნიშნა მან.
კალანდარიშვილის თქმით, ასევე, არსებობს კითხვები, თითქოს ბიულეტენზე მოთავსებული QR კოდი პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. კალანდარიშვილი განმარტავს, რომ მას ვერიფიკაციის პროცესთან კავშირი არ აქვს.
„ამაზე მარტივი პასუხი არის ის, რომ ეს არის წინასწარი დაბეჭდილი ბიულეტენი, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ აქვს ვერიფიკაციის პროცესთან. QR კოდი არის დამცავი საშუალება, რომელშიც მოცემულია ელექტრონული ინფორმაცია, რომ ეს ბიულეტენი განკუთვნილია კონკრეტული საარჩევნო უბნისთვის“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
კალანდარიშვილის თქმით, ტექნოლოგიური საშუალებები თანხვედრაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან, ადგილობრივ კანონმდებლობასთან და ევროპულ სტანდარტებთან, ამიტომ არ არსებობს „წუხილისა და მანიპულაციის საფრთხე“.
„დავიწყებ იქიდან, რომ შევქმენით ისეთი მოდელი, რომელიც არის აუდიტირებადი. ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესში ყველა ეტაპზე არის ქაღალდის კვალი. ეს არის ევროპული სტანდარტის გამოძახილი, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის ყველა მოქმედება არის გადამოწმებადი, ეს უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, ეს კი თავის მხრივ უზრუნველყოფს იმას, რომ პროცესი დაცულია მანიპულაციებისგან . ვერიფიკაციიდან დაწყებული, ხმის მთვლელი აპარატებით დამთავრებულ, რომელშიც არც ერთში არ გამოიყენება ინტერნეტი, რაც ხსნის მოწყვლადობას კიბერ საფრთხეებთან დაკავშირებით. გარდა იმისა, რომ ქაღალდის კვალი არსებობს და პროცესი გადამოწმებადია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ხელშესახები სტანდარტი შესაძლებლობის ფარგლებში, იყოს დანერგილი და უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, დაველოდოთ აუდიტის დასკვნებს, მაგრამ წინა აუდიტის დასკვნიდანვე მთავარ პასაჟს ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ტექნოლოგიური საშუალებები თანხვედრაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან, ადგილობრივ კანონმდებლობასთან და ევროპულ სტანდარტებთან და არ არსებობს წუხილისა და მანიპულაციის საფრთხე“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
ცესკო-ს თავმჯდომარემ ასევე, ისაუბრა „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმად, პარტიას აქვს მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია დამოუკიდებელი არ არის და ცესკო დაკომპლექტებულია „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივით.
„როგორ შეიძლება 3-4-5-6 საარჩევნო უბნით შევაფასოთ 54 ათასი საარჩევნო ადმინისტრატორის მონაწილეობა, ყველა ერთი ქოლგის ქვეშ დავაყენოთ და ვთქვათ, რომ ყველა ეს ადამიანი დაკომპლექტებულია ერთი კონკრეტული პარტიის მიერ.
თითქოს ერთ-ერთი საკრებულოს აპარატის თავმჯდომარე არის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, ეს დარღვევას არ წარმოადგენს. ეს არ წარმოადგენს კანონ საწინააღმდეგო ქმედებას. კანონი დიდ ფილტრს ადებს თუ ვინ შეიძლება იყოს კომისიის წევრი და ეს ფილტრი ყველას გავლილი აქვს, ჩვენ არ გვევალება და ვერც გავაკეთებთ, რომ რამე ნათესაური კავშირები ვარკვიოთ, რადგან ასეთი შემთხვევის გამო უარის თქმა იქნება დისკრიმინაციული საკითხი. ადამიანები არა ნათესაური კავშირებით და მუნიციპალიტეტებში დასაქმებით შევაფასოთ, არამედ მათი ქმედებებით და საქმიანობით.
მეორე საკითხია ის, რომ კომისია შედგება 17 წევრისგან, აქედან 8 არის პროფესიული ნიშნით შერჩეული, ხოლო 9 უფლებამოსილი, პარტიის მიერ დანიშნული. რას ნიშნავს ასეთი შეფასებები, რომ პარტიები რომლებსაც წევრები ჰყავთ დანიშნული, არ ენდობიან თავიანთ წევრებს? ასეთი ტიპის მანიპულაციები აზიანებს წინასაარჩევნო გარემოს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.