ქართულ ბიზნესს დიდი ინტერესი აქვს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით – გიორგი პერტაია

საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია მსოფლიო პალატების ფედერაციის (WCF) მიწვევით, სტამბულში მიმდინარე სამუშაო შეხვედრებს დაესწრო.

ვიზიტის ფარგლებში, პალატის პრეზიდენტმა როგორც ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრმა, ევროპალატის აფილირებული კორესპონდენტი წევრების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვილისას ყურადღება გაამახვილა ბიზნესისთვის ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს სავაჭრო პალატა აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, რათა დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაში.

‘’ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია, რომელსაც აქვს ბიზნესისთვის უზარმაზარი პოტენციალი, განსაკუთრებით მცირე მეწარმეებისთვის. მას შეუძლია ოპერაციების გამარტივება, მომხმარებელთა ჩართულობის გაუმჯობესება და ახალი ბაზრების გახსნა. როგორც მსოფლიო პალატების ფედერაციის ბიზნესის გაციფრულების სამუშაო ჯგუფის წევრი, ჩვენ ვთანამშრომლობთ სტრატეგიების შემუშავებაზე, რათა დავეხმაროთ ბიზნესს ხელოვნური ინტელექტის დანერგვაში. ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ქართულ ბიზნესს დიდი ინტერესი აქვს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. საქართველოს სავაჭრო პალატა მზადაა, ევროპალატებთან ერთად იმუშაოს ინიციატივებზე და მიაღწიოს წინსვლას ბიზნესისთვის ახალი ციფრული სერვისების მიწოდებაში,”- განაცხადა გიორგი პერტაიამ.

აღნიშნულ შეხვედრაზე, რომელსაც თურქეთის სავაჭრო პალატებისა და ბირჟების გაერთიანების (TOBB) ხელმძღვანელი და ამავდროულად, ევროპალატის ვიცე-პრეზიდენტი რიფათ ჰისარჯიქლიოღლუ უძღვებოდა, მონაწილეებმა ევროპალატის საქმიანობებთან დაკავშირებული საკითხებიც მიმოიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი პერტაია, მსოფლიო პალატების ფედერაციის წევრი სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელებთან ერთად, მსოფლიო პალატების ფედერაციის ევროპისა და აზიის სამიტს დაესწრო.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა, ომერ ბოლატმა გახსნა.

სამიტის ფარგლებში გაიმართა პლენარული დისკუსიები გლობალური თანამშრომლობის გაძლიერების, საჯარო-კერძო სექტორის დიალოგის, გლობალური ეკონომიკის განვითარების საქმეში პალატების როლის მნიშვნელობაზე და სხვა.
გარდა ამისა, მონაწილეებმა განიხილეს საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC), ასევე მსოფლიო პალატების ფედერაციის მიერ განხორციელებული აქტივობები და სამომავლო გეგმები.

ასევე დაგაინტერესებთ