კიბოს სკრინინგის კამპანიის ფარგლებში, რეგიონებში უფასო კვლევები და საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ეგიდით ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო შეხვედრები და სკრინინგის უფასო აქციები იმართება.
ცენტრის ინფორმაციით, აქციები უკვე გაიმართა კასპში, სადაც შედგა საინფორმაციო შეხვედრა. პარალელურად კი კასპის რაონის სოფელ დოესში ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის პერსონალისგან შემდგარმა მობილურმა გუნდმა სკრინინგული კვლევები ჩაატარა.
„კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას საშუალება აქვს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგული კვლევებით უფასოდ ისარგებლოს.
17 ოქტომბერს აქცია გაიმართა წალენჯიხაში – ეროვნული სკრინინგ ცენტრის პერსონალისგან შემდგარმა მობილურმა გუნდმა სკრინინგული კვლევები ჩაატარა.
ისევე როგორც კასპის რაიონში, მოსახლეობას საშუალება ჰქონდა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგული კვლევებით უფასოდ ესარგებლა.
პარალელურად, წალენჯიხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მსგავსი ღონისძიებები ჩატარდება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში – 18 ოქტომბერს მარტვილში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში (მშვიდობის ქუჩა 2 ) 11 საათზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. პარალელურად შპს მკურნალში ( გამსახურდიას 14) ეროვნული სკრინინგ ცენტრის მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალისგან შემდგარი მობილური გუნდი მთელი დღის განმავლობაში სკრინინგულ კვლევებს ჩაატარებს.
შეხვედრები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციის “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ” ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტების მერიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებისა და ოჯახის ექიმებისა აქტიური ჩართულობით იმართება.
აღნიშნული კამპანიის მიზანია, გაიზარდოს მიმართვიანობა სკრინინგ-ცენტრებისადმი და ამაღლდეს მოსახლეობის ცნობიერება სიმსივნური დაავადებების დროული დიაგნოსტირების მნიშვნელობის შესახებ, რათა თავიდან იქნას აცილებული დაავადების გვიან სტადიაზე გამოვლენა, რაც პაციენტების მკურნალობის პროცესს უფრო ართულებს, სახელმწიფოს კი დაავადების რთული ფორმებით მკურნალობაში დიდი თანხების გადახდა უწევს.
სკრინინგის პროგრამები, რომლებიც მაღალტექნოლოგიური აპარატურით კეთდება, პაციენტების კონკრეტული ასაკობრივი კატეგორიებისთვის უფასოა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ