რა შეგვიჩერდა დასავლეთიდან რუსული კანონის შემდეგ

რუსული კანონის მიღების შემდეგ დასავლელმა პარტნიორებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა დაიწყეს. ამ პროცესში ქვეყანას შეუწყდა როგორც ფინანსური დახმარებები, ასევე შეჩერდა სხვადასხვა სახის ფორმატში თანამშრომლობა.
გთავაზობთ იმ დახმარებებისა და თანამშრომლობების ჩამონათვალს, რომლებიც რუსული კანონის შემდეგ საქართველოს შეუჩერდა და შეუწყდა
ევროკავშირი
რუსული კანონის მიღების შემდეგ, ბრიუსელში განაცხადეს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია და ამ კანონით ქვეყანა გაერთიანებას ვერ შეუერთდება.
გარდა ამისა, ევროკავშირმა უკვე გადადგა რამდენიმე ნაბიჯიც:
· ევროკავშირი წყვეტს უმაღლესი დონის შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
· ევროკავშირი საქართველოს 121 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას უჩერებს დემოკრატიის უკუსვლის გამო. კერძოდ, ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები იმავე წელს მთლიანად არ იხარჯება, შესაბამისად 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხები, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება.
· ევროკავშირმა გაყინა 30 მილიონი ევროს დახმარება, რომლის გადმორიცხვა საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) იგეგმებოდა. ევროპული სამშვიდობო ფონდი შეიქმნა 2021 წლის მარტში, რათა დააფინანსოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) ქმედებები სამხედრო და თავდაცვის სფეროებში, კონფლიქტის თავიდან აცილების, მშვიდობის შენარჩუნებისა და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით. მაგალითად, ამ ფონდიდან 2021 წელს საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად 12 750 000 ევრო გამოიყო, 2022 წელს — 20 მილიონი.
· საერთაშორისო ორგანიზაციებიდან საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორი ევროკავშირია, თუმცა საგრანტო დახმარება 2025 წლის პროექტით 93%-ით მცირდება. ევროკავშირის გრანტის ოდენობა 2025 წლის პროექტით 7 მილიონი ლარია, როცა 2024 წლის გეგმა 105 მილიონი ლარი იყო.

აშშ-მ გამოაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო.
ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის პროცესში:
· ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაურკვეველი ვადით გადადო საქართველოში დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნა „ღირსეული პარტნიორი“;
· შეერთებული შტატები აჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას, რომლითაც პირდაპირ საქართველოს მთავრობა სარგებლობდა.
გერმანია
გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ დროისთვის საქართველოს მიმართ რაიმე ახალ ფინანსური ვალდებულებს არ აიღებენ:
· გერმანიის სამხედროებმა ასევე გააუქმეს მონაწილეობა წვრთნებში „ღირსეული პარტნიორი“
· გერმანიამ გააუქმა დიდი იურიდიული ფორუმი, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა ჩატარებულიყო.
გაერთიანებული სამეფო:
გაერთიანებულმა სამეფომ გაყინა საქართველოსთან სტრატეგიული „უორდროპის დიალოგი“, ასევე შეაჩერა კიბერუსაფრთხოების პროგრამა და მაღალი რანგის მოლაპარაკებები.
დიალოგის გაყინვის მიზეზად გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში გარეტ უორდმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველი კანონის მიღება, შეთქმულების თეორიების პროპაგანდა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაპირება.

საქართველოს მთავრობისადმი ორმხრივი დახმარების სრულად გადახედვა განიხილავს დანიაც. სანამ განხილვა გრძელდება, დანია შეაჩერებს დაგეგმილ აქტივობებს და ახალ პროგრამულ მხარდაჭერას საქართველოს ხელისუფლებისთვის.
დანიამ საქართველოსთან 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა, რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით 71.5 მილიონი დანიური კრონა (28 მლნ ლარზე მეტი) იყო.
მასალა, შესაძლოა, განახლდეს.