26 ოქტომბერს გაიმართება საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რამდენიმე ფაქტორის გამო.
პირველი – არჩევნები ტარდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ, რაც ნიშნავს, რომ შესაბამისი ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები და კარგი პრაქტიკა უნდა იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი – შეიცვალა საარჩევნო სისტემა. კონსტიტუციაში ერთ-ერთი ბოლო ცვლილების შესაბამისად, ნაცვლად შერეული – პროპორციული და მაჟორიტარული სისტემისა, იქნება მხოლოდ პროპორციული. ეს ნიშნავს, რომ ამომრჩეველმა უნდა აირჩიოს მისთვის სასურველი ერთი პოლიტიკური გაერთიანება.
მესამე – ეს გახლავთ ფართომასშტაბიანი ტექნოლოგიური ინტერვენცია, რომლის ფარგლებშიც ამომრჩევლების თითქმის 90% ხმას ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მისცემს.
რა გზა გაიარა და რა გამოცდილება აქვს საარჩევნო ადმინისტრაციას ელექტრონული არჩევნების დანერგვის მიმართულებით?
ტექნოლოგიების დანერგვა 2022 წლის ბოლოს, დეკემბრის თვეში საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, საარჩევნო კოდექსში შესულმა ცვლილებებმა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა გარკვეულწილად ისარგებლა საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებით, რომელიც 2018 წლიდან ატარებდა ელექტრონული ტექნოლოგიების საარჩევნო უბნებზე ტესტირებას. დღემდე, რეალური, შუალედური თუ რიგგარეშე არჩევნების ჭრილში ტექნოლოგიური საშუალებების პილოტირება რვაჯერ განხორციელდა. ასევე, საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზმა მისცა კანონმდებელს იმის შესაძლებლობა, რომ მრავალპარტიული შეთანხმებით მიეღოთ ეს ცვლილებები.
ევროპული და საერთაშორისო სტანდარტი მდგომარეობს იმაში, რომ თუ სახელმწიფო მიიღებს ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას, ის რამდენჯერმე უნდა იყოს პილოტირებული, ტესტირებული. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას, ინსტიტუციას მოგვეცა ეს შესაძლებლობა, 8 პილოტისა და რეალური არჩევნების პირობებში, რომელშიც საერთო ჯამში 121 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, გვენახა და შეგვესწავლა მრავალი დეტალი. გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ეტაპობრივად, ყოველი არჩევნებისას გამოვკვეთდით გარკვეულ საკითხებს, რომელიც კიდევ უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებდა და დახვეწისა და განვითარების საშუალებას იძლეოდა. იყო ასევე ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების გარკვეული რეკომენდაციები, რომელიც, შესაძლებლობის ფარგლებში, ინსტიტუციამ მაქსიმალურად გაითვალისწინა. გავეცანით საერთაშორისო გამოცდილებას, ადმინისტრაციის წარმომადგენლები არაერთ ქვეყანაში ვიყავით, სადაც ტექნოლოგიური საშუალებების ეროვნული მასშტაბით გამოყენების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ყოველივე ამან მოგვცა შესაძლებლობა, პროცედურები და ბიზნესპროცესი დაგვეხვეწა, განგვევითარებინა იმ სახით, როგორსაც ამას პირველად, ეროვნული მასშტაბით 26 ოქტომბერს ამომრჩევლებს შევთავაზებთ.
რას გულისხმობს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება და რამდენად იქნება ხმის ფარულობა დაცული?
როდესაც ვსაუბრობთ ელექტრონულ ტექნოლოგიებზე, ელექტრონულ არჩევნებზე და ზოგადად საარჩევნო ტექნოლოგიებზე, შევახსენოთ ჩვენს მკითხველს, რომ ელექტრონულია არჩევნები, როდესაც ხმის მიცემის, ხმების დათვლის, შედეგების გადაცემის, ან ამომრჩეველთა ვერიფიკაციის ნაწილში, რომელიმე ამ კომპონენტში, გამოიყენება რომელიმე ტექნოლოგიური საშუალება, მათ შორის ინტერნეტი. შესაბამისად, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მუსირებს აზრი, თითქოს ელექტრონული არჩევნები იმთავითვე უდრის ინტერნეტის გამოყენებას, დისტანციურ არჩევნებში მონაწილეობას, მაშინ, როდესაც ინტერნეტის გამოყენებას ვერიფიკაციისა და ხმების დათვლის ნაწილში ადგილი არ ექნება. ჩვენ შევისწავლეთ საერთაშორისო პრაქტიკა და საკანონმდებლო ორგანოში იყო შეთანხმება, რომ ინტერნეტი არ ყოფილიყო გამოყენებული და პროცესი დაზღვეული ყოფილიყო მანიპულაციის, გარე ჩარევისა და კიბერშეტევების შესაძლო მცდელობებისაგან. შესაბამისად, ამ მხრივ მოწყვლადობა მოხსნილია და შექმნილია ისეთი მოდელი, ისეთი სისტემა, რომელიც აუდიტირებადია.
რაში მდგომარეობს ეს? – ასევე ევროპული სტანდარტის დაკმაყოფილების მიზნით, პროცესში გათვალისწინებულია ქაღალდის კვალის არსებობის საჭიროება ე.წ. Paper Trail, რომელიც იძლევა როგორც ვერიფიკაციის, ასევე ხმების მოთავსებისა და დათვლის ნაწილში პროცესის გადამოწმების და მონიტორინგის, აუდიტირების შესაძლებლობას. ეს პროცესს სძენს ძალიან დიდ გამჭვირვალობასა და საჯაროობას. ანუ კანონმდებლობით, ყველა უბანზე, სადაც ტექნოლოგიური საშუალება იქნება განთავსებული, ბიულეტენები კომისიის მიერ უშუალოდ გადაითვლება და საბოლოო შედეგი ამის მიხედვით დაფიქსირდება. თუმცა აქვე დავამატებდი, რომ როგორც განვლილმა რვა პილოტმა დაადასტურა, აპარატის მიერ დათვლილი და ხელით დათვლილი ფაქტობრივად თანხვედრაშია ერთმანეთთან, გარდა მცირედი, მიზერული სხვაობისა, რომელსაც ასევე თავისი ლეგიტიმური ახსნები, წინა არჩევნების ჭრილში მოქმედი კანონიდან გამომდინარე, ჰქონდა.
მაგრამ დღეს ეს სხვაობებიც საკანონმდებლო დონეზე გადაზღვეულია. აპარატი კატეგორიულია და ნამდვილი იქნება ხმა იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ ერთი წრე იქნება სათანადო წესით გაფერადებული ან წრის შიდა სივრცე მონიშნული. სხვა შემთხვევაში, თუ საერთოდ არ იქნება გაფერადებული, ან ერთზე მეტი წრე იქნება გაფერადებული, ბიულეტენი უპირობოდ ბათილია. იგივე წესი ვრცელდება ასევე ხელით დათვლის ნაწილში, კომისიას დისკრეცია იმის თაობაზე, რომ მან განიხილოს და იმსჯელოს ე.წ. საეჭვოდ მიჩნეული ბიულეტენის ნამდვილობა-ბათილობასთან მიმართებაში, აღარ გააჩნია.
დამატებით რა ღონისძიებები ტარდება ტექნოლოგიების აუდიტირების მიმართულებით?
დამატებით, ასევე ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკანონმდებლო მოთხოვნას არ წარმოადგენს და ეს მოდელი სრულად აუდიტირებადია, მიღებულ იქნა შესაბამისობის აუდიტის ჩატარების გადაწყვეტილება, რა მიზნითაც ჩატარდა შესაბამისი პროცედურები, რის შედეგად გამოვლინდა ამერიკული კომპანია „Pro V & V“, რომელიც ერთ-ერთია იმ ორი კომპანიიდან, რომელსაც შესაბამისი უწყებების სათანადო აკრედიტაცია აქვს და წარმოადგენს ხმის მიცემის სისტემების ტესტირების ლაბორატორიას. ეს კომპანია ტექნოლოგიების აუდიტირებას სამ ეტაპად განახორციელებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ინსტიტუციის მხრიდან და ფაქტობრივად, პასუხობს ჩვენს მაღალ ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე. ამასთანავე, ადასტურებს, რომ ინსტიტუცია ზედმიწევნით გამჭვირვალე და საჯაროა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნოლოგიებთან მიმართებაში. ასევე პასუხობს იმას, რომ თუკი საზოგადოებაში რაიმე ობიექტური კითხვა, მითი, წუხილი, თუ დეზინფორმაცია არსებობს, პასუხი გაეცეს ყველაფერს. აქვე შეგახსენებთ, რომ შესაბამისობის აუდიტს მეორედ ვატარებთ, პირველად აუდიტი 2023 წლის 1-ელი ოქტომბრის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე განხორციელდა.
მნიშვნელოვანია, რომ არ დარჩეს სივრცე მანიპულაციებისთვის. ეს არის კომპანია, რომელსაც არათუ აკრედიტაცია აქვს, ასევე არის უფლებამოსილი თავად გასცეს შესაბამის ვენდორ კომპანიებზე სათანადო აკრედიტაციები ტექნოლოგიების გამოყენებასთან მიმართებით და მოხარულები ვართ, რომ ასეთი კვალიფიციური კომპანია განახორციელებს შესაბამისობის აუდიტს.
რა ტექნოლოგიური სიახლეებია ტრადიციულ უბნებზე?
დასაწყისში აღვნიშნე, რომ ეს ტექნოლოგიური საშუალებები ეხება ამომრჩევლების თითქმის 90%-ს, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ჩრდილში არ უნდა მოხვდეს საარჩევნო უბნები, სადაც კენჭისყრა ტრადიციული მეთოდებით გაიმართება. ასეთ საარჩევნო უბნებშიც არის მთელი რიგი მოდერნიზების ელემენტები. ტრადიციულ უბნებზეც, ისევე როგორც მოდერნიზებულ უბნებზე აქაც იქნება პლანშეტები, რომელიც გამოყენებული იქნება უბნებიდან შედეგების ოპერატიულად, პირდაპირ ცესკოში გადაგზავნის მიზნით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს წინასწარი მონაცემების გამოქვეყნების დროს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ის, რაც უკავშირდება შედეგებს, უშუალოდ ბიულეტენებს – როდესაც დასრულდება კენჭისყრა, შეიქმნება დათვლის ცენტრები, სადაც ყველა ტრადიციული საარჩევნო უბნის ბიულეტენი გაციფრულდება, დასკანერდება და განთავსდება საჯარო სივრცეში. აღნიშნული ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მსურველს მისცემს საშუალებას, თავად ნახოს, რა შედეგები არის ბიულეტენებში და რა შედეგები არის ასახული შემაჯამებელ ოქმში, რომელიც შემდგომ კომისიის მიერ იქნება შედგენილი. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე და ნოვაციაა და, რა თქმა უნდა, ასევე ხელს უწყობს გამჭვირვალობასა და საჯაროობას. აქვე მინდა დავამატო, რომ ორივე სახის საარჩევნო უბნებზე კვლავ მოხდება მარკირების პროცედურის გამოყენება და ამავდროულად კანონმდებლობა ისევ ითვალისწინებს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ყოველი საარჩევნო ოლქიდან 5 საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლას.
როგორია ხმების დათვლის და შედეგების გასაჯაროების პროცედურები და ვადები?
რაც შეეხება წინასწარ შედეგებს – ხმის მთვლელი აპარატი სწრაფად თვლის. კენჭისყრის დასრულებისთანავე განხორციელდება ტრადიციული პროცედურები, გადასატანი საარჩევნო ყუთით მოსული ბიულეტენები შეერევა, მოთავსდება ძირითად საარჩევნო ყუთში. ამის შემდგომ უკვე კონსოლიდირებულად ამოიბეჭდება ქვითარი, წინასწარი მონაცემები, რომელიც იქვე მყოფ ყველა უფლებამოსილ პირს გაეცნობა, საჯაროდ იქვე გამოიკვრება. პლანშეტების მეშვეობით აღნიშნული მონაცემები, ქვითარი გადმოიგზავნება პირდაპირ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
საუბნო საარჩევნო კომისიიდან შედეგების გადმოგზავნა პირდაპირ ცესკოში მნიშვნელოვნად ამცირებს წინასწარი მონაცემების გამოქვეყნების დროს, განსხვავებით ტრადიციულისაგან, როდესაც კომისიას მთელი ინვენტარი და საარჩევნო დოკუმენტაცია უნდა წაეღო საოლქო საარჩევნო კომისიაში, შემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას დაესკანერებინა ოქმი, გადმოეგზავნა ცესკოში, ცესკოში მომხდარიყო მისი ვერიფიკაცია, შემოწმება, ოპერატორების მიერ შეყვანა, გასაჯაროება, რაც, თავის მხრივ, გარკვეულწილად დროს მოითხოვდა.
განვლილი პილოტების ანალიზიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ და პროგნოზი გავაკეთოთ იმის შესახებ, რომ საზოგადოება წინასწარ მონაცემებს უნდა ელოდოს დაახლოებით საღამოს არაუგვიანეს 22.00 საათისა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს დადგენილი არ არის, ეს შეიძლება ბევრად ადრე იყოს, შეიძლება ცოტა მოგვიანებითაც, მაგრამ ჩვენი მოლოდინი ასეთია.
რა იცვლება ამომრჩევლის ვერიფიკაციის (რეგისტრაციის) და ხმის მიცემის პროცედურაში?
ვისაუბრეთ ტექნოლოგიებზე, ტექნოლოგიურ ინტერვენციაზე, თუ რა უპირატესობები გააჩნია მას – ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომები დაჰყავს მინიმუმამდე, წინასწარი მონაცემების გამოქვეყნების შემცირებული დრო, გამარტივებული პროცედურები, უსაფრთხოება, ფარულობა.
აღსანიშნავია, რომ მთელი ეს ლოგისტიკური საორგანიზაციო საკითხები ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ინსტიტუციის ნაწილია. ერთადერთი, რაც ამომრჩევლისთვის იცვლება, ეს გახლავთ ის, რომ ნაცვლად შემოხაზვისა, ან სხვა ფორმით ნების დაფიქსირებისა, ამომრჩეველმა აუცილებლად მისი სასურველი პოლიტიკური პარტიის წინ არსებული წრის შიდა სივრცე უნდა გააფერადოს. ამის შესახებ ინსტიტუციამ ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრით ადრე დაიწყო ფართომასშტაბიანი საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია, რომლის ფარგლებშიც, დღეის მდგომარეობით, 600 000-ზე მეტი ამომრჩეველია უშუალოდ ინფორმირებული. ეს არის ჩვენი საყოველთაო დემონსტრირების პროექტები, საყოველთაო პილოტირება, იმიტირებული კენჭისყრა მეტროებში, იუსტიციის სახლებში, ხალხმრავალ დღესასწაულებზე და ა.შ
ასევე გავითვალისწინეთ და დავაზღვიეთ ისეთი რისკიც, რომ მიუხედავად ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიისა, შეიძლება ამომრჩეველს არ ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, როგორ უნდა შეავსოს ბიულეტენი. სწორედ ამიტომ, ამომრჩეველს რეგისტრატორი ბიულეტენს გადასცემს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც უშუალოდ აჩვენებს და გააფერადებინებს ბიულეტენის ზედა ნაწილზე დატანილ საცდელ წრეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამომრჩეველს იქვე ჩაუტარდება შესაბამისი ინსტრუქტაჟი, და მხოლოდ ამის შემდგომ ექნება შესაძლებლობა, ხმის ფარულობის სრული დაცვით, კაბინაში დააფიქსიროს თავისი ნება.
რაც შეეხება ვერიფიკაციას, კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ამომრჩეველს თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობა ან პასპორტი. ვერიფიკაციაც ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მოხდება. ამომრჩეველი ხმის მიცემას ასევე შეძლებს საკანონმდებლო დონეზე არსებული საგამონაკლისო შემთხვევებისას (რწმენის გამო, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო) გაცემული მოქმედი არაელექტრონული (ე.წ. ,,ლამინირებული“) პირადობის მოწმობითაც, რომლის ჯამური რაოდენობა, სერვისების განვითარების სააგენტოს მოწოდებული მონაცემების თანახმად, შეადგენს მხოლოდ 395-ს. კანონში შესული ცვლილების თანახმად, 2024 წლის 1 ივლისიდან გაუქმდა 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ე.წ. ლამინირებული) პირადობის მოწმობები.
როგორ დაკომპლექტდა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები [კანონის მოთხოვნები] და როგორ წარიმართა პროცესი?
არჩევნების ადმინისტრირებას კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიები ახორციელებენ. ყოველი კომისია შედგება 17 წევრისგან. ასევე 17 წევრისგან შედგება ზემდგომი, საოლქო საარჩევნო კომისიები და ცენტრალურ საარჩევნო კომისია. დღევანდელი კონფიგურაციით , კომისიები შედგება პროფესიული ნიშნით არჩეული 8 წევრისგან და შესაბამისი უფლებამოსილი პოლიტიკური გაერთიანებების მიერ დანიშნული 9 წევრისგან.
უნდა აღინიშნოს, რომ როგორც საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის, ისე საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას საარჩევნო ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს კანონმდებლობისა და საჯაროობის პრინციპის დაცვით. მაგალითად, საოლქო კომისიების დროებით წევრების კანდიდატების შერჩევის პროცესში მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამჯერადაც შესთავაზა კონკურსანტებს გასაუბრება და ამ პროცესის ლაივ რეჟიმში ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
რაც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიებს, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა არჩეულ პირს აქვს შესაბამისი სერტიფიკატი. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის სერტიფიკატის ფლობა, ეუთო/ოდირის რეკომენდაციის შესაბამისად კანონმდებლობაში შესული ცვლილებების თანახმად, სავალდებულო გახდა. სერტიფიკატის აღების მსურველებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენჯერმე გაუწია ორგანიზება სერტიფიცირების გამოცდებს. ასევე, არჩეულ პირთა უმრავლესობას აქვს საარჩევნო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და ასევე არის ცესკოს საგანმანათლებლო პროექტების მონაწილე.
მნიშვნელოვანია ის, რომ კომისიების წევრებს საჭიროებიდან გამომდინარე ექნებათ თავიანთი ფუნქციები, რომელიც წილისყრით განესაზღვრებათ და მიენიჭებათ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩართულობა უზრუნველყოფილია და პროცესი არის ინკლუზიური. ყველას საერთო პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენ არჩევნების ადმინისტრირება მაღალ პროფესიულ დონეზე უზრუნველვყოთ, იმიტომ რომ ნეიტრალიტეტს კომისიის წევრებთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა, ისინი არჩეული არიან, თუ დანიშნული პარტიების მიერ, ყველასთვის თანაბრად ადგენს საარჩევნო კომისიის რეგლამენტი და საარჩევნო კანონმდებლობა ისევე, როგორც შესაბამისი ქცევისა და ეთიკის კოდექსი.
ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებში იქნებიან დამკვირვებლები, ადგილობრივი ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციებიც. ასევე, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვს საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, აკრედიტებული მედიასაშუალების წარმომადგენლებს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია პროცესზე ზედამხედველობისთვის, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების მოთხოვნისა და დროული გამოსწორების მიზნით. რა თქმა უნდა, ეს იმდაგვარად უნდა განხორციელდეს, რომ კონკრეტული ქმედებები არ იყოს აღქმული კომისიის საქმიანობაში ჩარევად და ასევე ისე, რომ მათ თავიანთი დაკვირვება განახორციელონ ობიექტურად და მიუკერძოებლად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნების მთლიანობის უზრუნველსაყოფად და ჯანსაღი საარჩევნო გარემოს ფორმირებისთვის.
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის სტანდარტების ამაღლების მიზნით, ცვლილებები შევიდა საარჩევნო კომისიების წევრთა ეთიკის კოდექსში. რას გულისხმობს ეს ცვლილებები?
უკვე რამდენიმე წელია, საარჩევნო ადმინისტრაციაში ხელი ეწერება ეთიკის კოდექსს, რომელიც ადგენს გარკვეულ პრინციპებს იმის თაობაზე, თუ რა მოეთხოვებათ და ევალებათ საარჩევნო კომისიის წევრებს, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ დონეზე იქნება კომისიის წევრი, საუბნოდან დაწყებული, გაგრძელებული საოლქოთი და დასრულებული ცენტრალური საარჩევნო კომისიით და, რა თქმა უნდა, ცესკოს აპარატით.
ეთიკის კოდექსი ადგენს ისეთ პრინციპებს, რომელიც უკავშირდება მიუკერძოებლობას, ობიექტურობას, კეთილსინდისიერებას, პროფესიონალიზმს, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და ა.შ.
ეთიკის კოდექსში ჩვენ წელს შევიტანეთ ცვლილება, რომლითაც კიდევ უფრო ავამაღლეთ პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და მიუკერძოებლობის სტანდარტი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ პოლიტიკური საკითხებისგან ინსტიტუცია მაქსიმალურად დაცლილი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ დაინტერესებული მხარეების მხრიდან არის საკითხების სამართლებრივი სივრციდან პოლიტიკურში გადატანის არაერთი მცდელობა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, პრევენციული ღონისძიებები და ამის შესახებ ინფორმირებული არიან ყველა დონის კომისიების წევრები. ყველა დონეზე საჯაროდ მოვაწერეთ ხელი ამ კოდექსს, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ ყველა იცნობს ამ პრინციპებს და ყველას კარგად გათავისებული და გააზრებული.
ეთიკის კოდექსი არის სამართლებრივი მოწესრიგების საკითხი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი პრინციპები. მათი დარღვევის ფაქტების არსებობა, ბუნებრივია, წარმოადგენს შესაბამისი წარმოების და მოკვლევის დაწყების საფუძველს და მერწმუნეთ, იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება დადასტურებულ შემთხვევას რომელიმე პუნქტის და დებულების დარღვევასთან მიმართებით, აუცილებლად იქნება სათანადო რეაგირება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სხვა შემთხვევაში დოკუმენტს ექნება მხოლოდ ფორმალური სახე და მისი ეფექტიანი აღსრულების არარსებობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ინსტიტუცია დაზიანდება.
ამიტომ, ჩვენ თვითონვე დავუდგინეთ ეს მაღალი სტანდარტი ჩვენს თავს. არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი და იქიდან გამომდინარე, რომ აქამდე წარმატებით მოვედით და არცერთი შემთხვევა, არცერთი დადასტურებული ფაქტი არ ყოფილა ეთიკის თუ კანონმდებლობის სხვა დებულებების დარღვევის, დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ ასე ეფექტიანად მივა ეს პროცესი ბოლომდე. ეს საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს კენჭისყრის დღეს სათანადო სერვისების მაღალ პროფესიულ დონეზე მიწოდებასა და განხორციელებას.
ჩვენ ასევე შევიმუშავეთ ეთიკის კოდექსი პოლიტიკური პარტიებისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის
როგორც დამოუკიდებელმა ინსტიტუციამ, პოლიტიკური პარტიებისთვის შევუმუშავეთ ეთიკის, ქცევის კოდექსი, რომლის ძირითადი პრინციპები და დებულებები 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებისას გამოყენებულ დებულებებსა და პრინციპებს ეფუძნება. დოკუმენტთან დაკავშირებით მოსაზრების წარმოდგენა ვთხოვეთ პოლიტიკურ გაერთიანებებს, შემდგომ უკვე საბოლოოდ განახლებული დოკუმენტი გავუზიარეთ მათ ხელმოწერისთვის. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, 6 პოლიტიკურ გაერთიანებას აქვს ხელი მოწერილი დოკუმენტზე. დოკუმენტზე ხელმოწერის არსებობა-არარსებობა ცალკე შეფასების საგანია და ამ შემთხვევაში, ალბათ, სჯობს, რომ თავი შევიკავო, იქიდან გამომდინარე, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით და არ იყოს ეს აღქმული რომელიმე სუბიექტის სასარგებლო, ან საწინააღმდეგო შეფასებად. ერთადერთი შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, ვინ მოაწერა, ან ვინ არ მოაწერა ხელი, იქ მოცემული პრინციპების დაცვა ისედაც სავალდებულოა პოლიტიკური გაერთიანებებისთვის.
პოლიტიკური პარტიების ეთიკის კოდექსის გარდა, ჩვენ ასევე უკვე მრავალი წელია, ეთიკის კოდექსზე ვთანხმდებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც დარეგისტრირდებიან დამკვირვებელ ორგანიზაციებად. ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ეს დოკუმენტი მათთან თანამშრომლობით, ერთობლივად გვაქვს შემუშავებული. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ მას ხელი მოაწერა და ორგანიზაციები, რომლებიც დარჩენილ პერიოდში გაივლიან რეგისტრაციას, მათაც, რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში, აქვთ შესაძლებლობა, შემოუერთდნენ დოკუმენტს. ამ შემთხვევაშიც დოკუმენტზე ხელმოწერა, რა თქმა უნდა, არსებითად არ ცვლის არაფერს, გარდა იმისა, რომ ჩვენ საჯაროდ, დეკლარირებულად შევთანხმდით იმ თანამშრომლობის სტანდარტებზე, იმ პრინციპების დაცვაზე, რომლებიც ამ დოკუმენტში არის აღწერილი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც შესაძლოა ტოვებდეს კითხვის ნიშნებს, თუ რატომ არ არის ხელმოწერა, ან ასევე ტოვებდეს აღქმებს საზოგადოებაში, ხომ არ ნიშნავს, რომ ორგანიზაცია ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, როგორიცაა ობიექტური გაშუქება, დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავშეკავება, ინფორმაციის გადამოწმება, კონსტრუქციული თანამშრომლობა და ა.შ. ესეც ცალკე შეფასების საგანია, ვინაიდან ისინიც პროცესში ჩართულ მხარეებს წარმოადგენენ. ამ შემთხვევაშიც თავს შევიკავებ შეფასებისგან, თუმცა ხშირად გვესმის ამ საკითხზე კითხვები და, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც ხელი არ აქვთ მოწერილი, მოეწერათ ხელი და სივრცე არ დარჩენილიყო მანიპულაციებისთვის.
რა სერვისებს სთავაზობს ადმინისტრაცია ამომრჩევლებს?
ადმინისტრაცია აკეთებს ყველაფერს ყველა ამომრჩევლისთვის თანაბარი სერვისების უზრუნველსაყოფად. გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობა კვლავ შესაძლებელია, სიახლეა ის რომ ამომრჩეველს მარკირება ამ შემთხვევაშიც გაუკეთდება.
ეტლით მოსარგებლე იმ ამომრჩეველს , ვინც 15 ოქტომბრამდე მიმართა მოთხოვნით შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას, აქვს შესაძლებლობა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე.
ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვთავაზობთ შესაბამის სერვისებს შშმ პირებს და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს. საარჩევნო უბნებზე განთავსებულია მცირედმხედველი პირებისთვის გამადიდებელი ლინზა, უსინათლო პირებისთვის საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმა; ყრუ, სმენადაქვეითებული, მხარდაჭერის მიმღები პირებისთვის კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი. ჩვენი საინფორმაციო რგოლები გადის სურდოთარგმანით და ა.შ. ასევე შესაბამისი რეგიონებისთვის უზრუნველყოფილია ინფორმაცია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
რამდენი უბანია გახსნილი საქართველოს მასშტაბით? მათგან რამდენზე ტარდება ელექტრონული წესით კენჭისყრა და რამდენზე – ტრადიციულით?
საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობის ზედა ზღვრის ზრდის გამო, რიგ შემთხვევებში გამსხვილდა საარჩევნო უბნები. გამსხვილების შედეგად, ჩვენ გვაქვს 3 031 საარჩევნო უბანი, საიდანაც 2 263 საარჩევნო უბანი იქნება ტექნოლოგიური, ელექტრონული, ხოლო დანარჩენი 768 ტრადიციული.
ამიტომ მნიშვნელოვანია, ამომრჩეველმა კენჭისყრის დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ასევე მიიღებენ ამომრჩეველთა ბარათებს, სადაც იქნება მითითებული იქნება საარჩევნო უბნის მისამართ, გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში და ნახონ, სად უნდა მისცენ ხმა. აქვე გეტყვით, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მონაცემების გადასამოწმებლად ამომრჩევლებს არაერთ სერვისს სთავაზობს. მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია კომპიუტერის, პლანშეტისა და მობილურის საშუალებით ცესკოს ვებგვერდზე, მობილურ აპლიკაციაში, სწრაფი გადახდის აპარატში. თუ ამომრჩეველი შემთხვევით მაინც სხვა უბანზე მივა, მის მონაცემებს გადაამოწმებენ და განუმარტავენ, რეალურად რომელ უბანზე უნდა გამოცხადდეს.
რაც შეეხება ამომრჩეველთა რაოდენობას, 12 სექტემბრის მდგომარეობით 3 482 952 ამომრჩეველია. ეს არ არის საბოლოო მონაცემი და ამომრჩეველთა ერთიანი სია განახლდება.
როგორია საზღვარგარეთ ხმის მიცემის პროცესი, რამდენ ქვეყანაში რამდენი საარჩევნო უბანია გახსნილი?
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო უბნები არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც გაიხსნა. ჩვენ ვიხელმძღვანელეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირების შესახებ მოწოდებული ინფორმაციით, რომელიც წარმოადგენს უცხოეთში საარჩევნო უბნების შექმნის ერთადერთ საფუძველს. ამ მონაცემებზე დაყრდნობით 42 ქვეყნის 53 ქალაქში ცესკომ შექმნა 67 საარჩევნო უბანი.
ამასთან, საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს, რომლებიც არ იყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე, კანონის თანახმად, 7 ოქტომბრის ჩათვლით ჰქონდათ შესაძლებლობა, ან დამდგარიყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე, ან საარჩევნო რეგისტრაციის მიზნით მიემართათ დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის, ან იქ შექმნილი საარჩევნო უბნებისთვის.
აქვე, შევახსენოთ ჩვენს მკითხველს, რომ ელექტრონული კენჭისყრა უცხოეთში არ განხორციელდება. ჩვენ მთელი წლის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციითა და თანამშრომლობით, უზრუნველვყოფდით უცხოეთში მყოფი ამომრჩევლების ინფორმირებას, ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციის, ვადის, პროცედურისა და წესის შესახებ, რომელიც უკავშირდება მათ არჩევნებში მონაწილეობას.
როგორ წარიმართა პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი და რამდენი პარტიაა წლევანდელ არჩევნებში დარეგისტრირებული?
პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი ორ ეტაპად განხორციელდა. იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებსაც საკანონმდებლო ორგანოში არ ჰყავდათ მათი პარტიული სიით არჩეული კანდიდატი, ანუ წარმომადგენელი, ჰქონდათ შესაძლებლობა, 15 ივლისამდე გაეკეთებინათ განაცხადი და წარმოედგინათ მხარდამჭერთა სიები. მეორე ეტაპი იყო, როდესაც არჩევნების დანიშვნის შემდგომ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, პარტიებს, რომელთაც ყავდათ პარლამენტში წარმომადგენელი, ჰქონდათ შესაძლებლობა, განაცხადებით მოემართათ კომისიისთვის და დაეფიქსირებინათ თავიანთი სურვილი.
შესაბამისად, ორივე ეტაპის გათვალისწინებით, ჯამში რეგისტრაცია გაიარა 27-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რომელთაგან შემდგომ მხოლოდ 19-მა წარადგინა პარტიული სია. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ 19-იდან 18-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გაიარა რეგისტრაცია, ანუ 18 პოლიტიკური გაერთიანების პარტიული სია დარეგისტრირდა. რაც ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო ბიულეტენზე 18 საარჩევნო სუბიექტი, ანუ 18 პოლიტიკური პარტია იქნება წარმოდგენილი.
როგორ მიმდინარეობს საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების აკრედიტაციის პროცესი ?
პირველ რიგში, შევახსენოთ მკითხველს, რომ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღე არის ბოლო ვადა საერთაშორისო ორგანიზაციების მომართვისთვის, რეგისტრაციის გატარების შემდგომ მათ ექნებათ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს ორი დღისა წარმოადგინონ საერთაშორისო დამკვირვებლების შესახებ სია. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების შემთხვევაში, 10 დღე არის კენჭისყრის დღემდე ბოლო ვადა იმისთვის, რომ ორგანიზაციამ მოგვმართოს რეგისტრაციისთვის. შემდგომ კენჭისყრამდე 5 დღით ადრე უნდა წარმოადგინონ ადგილობრივი დამკვირვებლების შესახებ სია და კანონთან შესაბამისობაში ყოფნის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ისინიც გაივლიან აკრედიტაციას.
5 დღით ადრე სრულდება ასევე მედიასაშუალებების მიერ სააკრედიტაციოდ შესაბამის პირთა სიის წარმოდგენა.
15 ოქტომბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 90 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, 64 საერთაშორისო ორგანიზაცია და 98 მედიასაშუალება.
რა არის ის ძირითადი მოთხოვნები, რაც სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და მედიასაშუალებებმა უნდა გაითვალისწინონ, რა რეკომენდაციებს მისცემდით მათ?
საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრირებისათვის მნიშვნელოვანია მედია და სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობა.
თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ერთია დაკვირვებისა და გაშუქების პროცესის განხორციელება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, ეს როგორ ხორციელდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველს მიეწოდოს ობიექტური, სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია. მოგეხსენებათ, საარჩევნო პროცესი ძალიან მგრძნობიარეა და აუცილებელია, რომ არასწორმა, ან გადაუმოწმებელმა ინფორმაციამ, ან გამიზნულად გავრცელებულმა დეზინფორმაციამ არ შეიყვანოს ამომრჩეველი შეცდომაში, არ მოხდეს მისთვის არასწორი აღქმების ჩამოყალიბება. ამას შეუძლია საარჩევნო გარემო მნიშვნელოვნად დააზიანოს, ამიტომ აუცილებელია, რომ ორგანიზაციებმა თავიანთი საქმიანობა განახორციელონ ობიექტურად და თავიანთი შეფასებები ასახონ შესაბამისად. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს კარგი საერთაშორისო პრაქტიკის და სტანდარტის შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ, მაგალითად, თუ ინფორმაციას მოვიპოვებთ რომელიმე გამოკითხული პირისგან, ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ თუ ის ეხება რომელიმე ინსტიტუციას, კონკრეტულ პერსონებს, აუცილებლად მოხდეს ამ ინფორმაციის, როგორც მინიმუმ, რამდენიმე წყაროსთან გადამოწმება, ან იმ სუბიექტთან, თუ ობიექტთან გადამოწმება, ვისაც ეს ეხება და მხოლოდ ინფორმაციის შეჯერების საფუძველზე მოხდეს სათანადო დასკვნების და შეფასებების განხორციელება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
რატომ არის ხოლმე, როდესაც განსაკუთრებული აქცენტი კეთდება, რა თქმა უნდა, ზოგადად სადამკვირვებლო მისიებზე, მაგრამ უფრო გამოკვეთილად საერთაშორისო ორგანიზაციებზე? – იმიტომ, რომ უმეტესწილად მათ აქვთ შესაბამისი მეთოდოლოგია, ისინი მოქმედებენ სტანდარტებით და ზუსტად ეს მეთოდოლოგია და სტანდარტი კომბინაციაში გვაძლევს იმას, რომ ისინი ზუსტად მრავალ წყაროსთან ახორციელებენ ინფორმაციის ვერიფიცირებას, დადგენას და შემდგომ ამის საფუძველზე გარკვეული დასკვნებისა და რეკომენდაციების გამოტანას.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ობიექტური დაკვირვების გარდა, ამ პროცესის მთავარი ხელშემწყობი არის ის, რომ ცნობიერება იყოს ამაღლებული. დამკვირვებელმა, ისევე როგორც მედიაორგანიზაციის წარმომადგენელმა, თუ სხვა ნებისმიერმა პირმა, რომელსაც კენჭისყრის დღეს შენობაში ყოფნის უფლება აქვს, როგორც მინიმუმ, იცოდეს მისი უფლებები – რა ეკრძალება და რის უფლება აქვს და მეორე, ასევე, ეს ადამიანები ფლობდნენ ინფორმაციას კენჭისყრის დღის პროცედურების შესახებ.
უნდა შევახსენოთ ყველას, რომ დამკვირვებლების, აკრედიტებული მედიაორგანიზაციების, თუ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების იქ ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ უფლება, ჩაერიონ კომისიის საქმიანობაში.
რატომ ვუსვამ ამ საკითხებს ხაზს? – იმიტომ, რომ ჩვენ ეუთო-ოდირის სხვადასხვა წლის სადამკვირვებლო დასკვნებში გვინახავს არაერთი შეფასება და ხაზგასმა იმის თაობაზე, რომ ზოგიერთი დამკვირვებელი ორგანიზაცია იყო აფილირებული, მიკერძოებული. აქედან გამომდინარე, ჯანსაღი საარჩევნო პროცესისთვის, იმისთვის რომ კენჭისყრის პროცესს არ შეეშალოს ხელი, მნიშვნელოვანია დამკვირვებლებმა კარგად იცოდნენ, პირველ რიგში, პროცედურები, მათი უფლება-მოვალეობები და შესაბამისი ინფორმაცია.
როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო გარემოს და რა მოლოდინები გაქვთ?
ინსტიტუცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 26 ოქტომბრის და ყველა შემდგომი არჩევნები ჩატარდეს მაღალპროფესიულად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამ მიზნით, დაწყებული ადამიანური რესურსების გადამზადებით, მათი კვალიფიკაციის ამაღლებით, გაგრძელებული პროცესის ინკლუზიურობით, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ შექმნილია 4 სამუშაო ე.წ. დიალოგის პლატფორმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის, „აიფესის“ მხარდაჭერით, მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან ევროსაბჭოსა და „აიფესის“ ტექნიკური მხარდაჭერით, ადგილობრივ ექსპერტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ჩვენ რეგულარულად ვიკრიბებით, ვაწვდით ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, ვისმენთ მათ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს. დღეს არ არის დარჩენილი სივრცე, სადაც ჩვენ თანამშრომლობის ყველა კომპონენტი არ გვქონდეს გამოყენებული და თუკი სადმე არსებობს რაიმე რეალური წუხილი, გვაქვს შესაძლებლობა, რომ კონსტრუქციულად დავსხდეთ, ვიმსჯელოთ და ვიფიქროთ გამოსავალზე. სხვათა შორის, არაერთი ასეთი რეკომენდაცია მოუსმენია და გაუთვალისწინებია ინსტიტუციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ასევე, ვცდილობთ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვიყოთ პროაქტიულები და მაღალი ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, საზოგადოებას მუდმივად მივაწოდოთ ინფორმაცია საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით და ასევე დავიცვათ საარჩევნო გარემო დეზინფორმაციის გავრცელებისგან. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის მხოლოდ არჩევნების დანიშვნის დღიდან სამზადისი, ეს არის დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ დაწყებული სამუშაოები როგორც ინფორმირების კამპანიით, ისე საგანმანათლებლო პროგრამებით, ტექნოლოგიების შესყიდვით, საოპერაციო სივრცის შექმნით და შესაბამისი აქტივობების განხორციელებით, იმისათვის, რომ ყოველმხრივ მომზადებული დავხვდეთ კენჭისყრის დღეს და გავწიოთ სათანადო სერვისი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.