დამტკიცდა სესხის კაპიტალში შენატანად გადაკვალიფიცირების კრიტერიუმები – რა უნდა იცოდეს ბიზნესმა?

2025 წლის 1-ელი იანვრიდან, საქართველოში საერთაშორისო კონტროლირებადი ოპერაციების რეგულაციები იცვლება. კერძოდ, მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს გამოქვეყნდა ცვლილება „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის N423 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში. ცვლილებები OECD (Organisation for Economic Co-operation and Development)-ის ახალი გაიდლაინების გათვალისწინებით შემუშავდა და ის ახლებურად განსაზღვრავს კრიტერიუმებს, რის საფუძველზეც სესხი შესაძლოა, განხილულ იქნეს, როგორც კაპიტალში შენატანი. ეს ფაქტი არსებითად ცვლის საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმს. “OECD-ის უახლეს გაიდლაინებთან შესაბამისობაში მოყვანით, საქართველოს საგადასახადო ორგანოებს გაუჩნდათ ახალი ინსტრუმენტი, განახორციელონ კომპანიის უფრო დეტალური და ღრმა საგადასახადო შემოწმება” – აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით, შესაძლო, ხშირად დასმულ კითხვებს კომპანია DGN Consulting-ის მმართველი პარტნიორი შორენა იმესაშვილი პასუხობს.
– კონკრეტულად რას გულისხმობს ეს ცვლილება?
– ამ ცვლილებით განისაზღვრა, თუ რა შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს სესხის სტატუსი და ჩაითვალოს ის კაპიტალში შენატანად. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველად დადგენილი შესაბამისი, ახალი კრიტერიუმები. ასეთ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო სესხის კაპიტალში შენატანად კვალიფიცირების შესახებ შეადგენს დასკვნას და სამოტივაციო ნაწილში მიუთითებს არგუმენტაციას ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების მიზანშეწონილობის თაობაზე.
– რა ტიპის კომპანიებს ეხება ეს ცვლილება და რა გავლენას მოახდენს ის მათ საქმიანობაზე?
– ცვლილება ეხება მხოლოდ საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებს ანუ როდესაც ქართული კომპანია ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას ურთიერთდამოკიდებულ კომპანიასთან, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში.
– რა გახდა ამ ცვლილების შეტანის საფუძველი?
– ეს ცვლილება შემუშავდა OECD-ის სატრანსფერო ფასების სახელმძღვანელოს ბოლო განახლებების საპასუხოდ. 2020 წელს OECD-მ შემოიღო ახალი თავი, რომელიც ეხება ფინანსურ ტრანზაქციებს, მათ შორის სესხებს, რამაც მნიშვნელოვნად გააფართოვა ასეთი ოპერაციების შეფასების ჩარჩო. OECD საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის გლობალურ სტანდარტებს ადგენს – მათ შორის, საგადასახადო მიმართულებით. საქართველო ასრულებს OECD-ის რეკომენდაციებს, რათა მისი პოლიტიკა უფრო მკაფიო და გამჭვირვალე გახდეს ინვესტორებისთვის. ამ განახლებამდე, საქართველოს კანონმდებლობა ეყრდნობოდა OECD-ის 2017 წლის სატრანსფერო ფასების სახელმძღვანელო პრინციპებს, რომელიც არ მოიცავდა სესხების რეკლასიფიცირების ელემენტს. ამ ცვლილებით საქართველოს საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ, ჩაატარონ აუდიტი OECD-ის უახლესი სახელმძღვანელო პრინციპების საფუძველზე და შეამოწმონ ფინანსური ოპერაციების კლასიფიკაცია.
– რა გავლენას მოახდენს ეს ცვლილება კომპანიებზე?
– ეს საკანონმდებლო ცვლილება საერთაშორისო კონტროლირებად ოპერაციებში მონაწილე მხარეებზე ახდენს გავლენას. ცვლილება იძლევა საშუალებას, უშუალოდ ოპერაციის შინაარსის კლასიფიკაცია მოხდეს, შეფასდეს მიღებული სესხის შინაარსი, მისი ფორმის (ხელშეკრულების შინაარსის) მიუხედავად. თუ საგადასახადოს მიერ სესხი რეკლასიფიცირდება როგორც კაპიტალში შენატანი, შესაძლოა, შეიცვალოს ოპერაციის საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმი. მაგალითად, საპროცენტო გადახდები, რომლებიც ადრე კომპანიის მიმდინარე ხარჯი იყო, შესაძლოა, ჩაითვალოს მოგების განაწილებად. საქართველოს საერთაშორისო კონტროლირებადი ოპერაციების შეფასების ინსტრუქციაში ახალი დამატება ქმნის უფრო მკაცრ ჩარჩოს საერთაშორისო ტრანზაქციების შესაფასებლად. OECD-ის უახლეს გაიდლაინებთან შესაბამისობაში მოყვანით, საქართველოს საგადასახადო ორგანოებს გაუჩნდა ახალი ინსტრუმენტი, განახორციელოს კომპანიის საგადასახადო შესაბამისობის უფრო დეტალური და ღრმა ანალიზი. მეორე მხრივ, ბიზნესს ექმნება ახალი საჭიროება გადააფასოს მათი ფინანსების მოზიდვის და ინვესტიციების განხორციელების სტრატეგია, ასევე გადახედოს ამ ოპერაციების თანამდევ დოკუმენტაციას და დაგეგმოს მომავალი ტრანზაქციები ახალი რეგულაციების შესაბამისად.
– რას ურჩევთ ქართულ ბიზნესებს, როგორ მოემზადონ ამ ცვლილებისთვის?
· უპირველესად, კომპანიებმა უნდა გადახედონ, აქვთ თუ არა მსგავსი სესხები და უზრუნველყონ მათი სწორი აღრიცხვა ბუღალტერიაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კრედიტორებთან კომუნიკაცია და მათი ინფორმირება ახალი რეგულაციების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულებებში ცვლილებები უნდა შემუშავდეს, რათა სამართლებრივი დოკუმენტაცია ზუსტად ასახავდეს არსებულ მდგომარეობას. ცვლილებები ასევე იმოქმედებს კომპანიებზე, რომლებიც ცდილობენ ფინანსური სახსრების მოზიდვას. კერძოდ, კომპანიებს, რომლებიც ტრადიციულად ეყრდნობოდნენ სესხებს თავიანთი კაპიტალის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, შეიძლება დასჭირდეთ ალტერნატიული სტრუქტურების განხილვა. პროცესი სკრუპულოზური და შრომატევადია, რაშიც ჩვენ აქტიურ მხარდაჭერას ვუწევთ ჩვენს კლიენტებს. ის მოითხოვს მჭიდრო თანამშრომლობას კომპანიის ფინანსურ და იურიდიულ გუნდებს შორის, რაც ხშირად ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. ბევრი ბიზნესისთვის, ჩვენთან და მსგავს ფირმებთან პარტნიორობა მნიშვნელოვნად ამარტივებს ამ პროცესს, რადგან ჩვენ ვთავაზობთ საჭირო გამოცდილებას და ეფექტიან კოორდინაციას.
bm.ge