გიორგი ტყემალაძე – საპარლამენტო არჩევნების წინ, შემოთავაზებული დეკლარაციის ტექსტის მიღებამ, რომელიც ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს, შეიძლება კონგრესის ობიექტურობა ეჭვქვეშ დააყენოს

ჩვენ გიდასტურებთ მზადყოფნას საქართველოში ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებებისა და ევროპული დემოკრატიის განვითარების სასარგებლოდ ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელებას, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი ტყემალაძემ სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 47-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მათი ცნობით, სესიაზე დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა, სადაც საქართველოში შექმნილ ვითარებასა და წინასაარჩევნო გარემოზე იმსჯელეს.
როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ევროპის საბჭოს კონგრესთან თანამშრომლობა ერთობლივად სასარგებლო იყო და ამ თანამშრომლობის გაგრძელება მნიშვნელოვანია.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კონგრესის მიერ მიღებულ დეკლარაციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საპარლამენტო ს წინ, შემოთავაზებული დეკლარაციის ტექსტის მიღებამ, რომელიც ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს, შეიძლება კონგრესის ობიექტურობა ეჭვქვეშ დააყენოს.
„რადგანაც საქართველოში დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ მნიშვნელოვანი მიღწევები, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელდა და რამაც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოუტანა. აღნიშნულმა მიღწევებმა მოქალაქეების მტკიცე მხარდაჭერა მოიპოვა, რაც მმართველ პარტიას წლების განმავლობაში უმრავლესობის მანდატს ანიჭებდა.
ჩვენ დიდად ვაფასებთ ნაყოფიერ და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობას კონგრესთან, რამაც შესაძლებლობა მისცა საქართველოს უკანასკნელ წლებში საგრძნობლად განევითარებინა ადგილობრივი დემოკრატია. უდიდესი სიამოვნებით ვიღებთ კონგრესთან თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს, ისევე როგორც სიამოვნებით გავაგრძელებთ არსებულ თანამშრომლობას საქართველოში დაგეგმილი მონიტორინგის მისიის ფარგლებში.
გვჯერა, რომ აღნიშნული მისია კარგი შესაძლებლობა იქნება მიუკერძოებელი შეფასებების გასაკეთებლად. ამის გათვალისწინებით, დღეს ჩვენ ვშიშობთ, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, შემოთავაზებული დეკლარაციის ტექსტის მიღებამ, რომელიც შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებს, შეიძლება კონგრესის ობიექტურობა ეჭვქვეშ დააყენოს და ხელი შეუწყოს ქართული საზოგადოების პოლარიზებას, ასევე შეუქმნას რისკები მშვიდობიან წინასაარჩევნო პროცესს. ვფიქრობთ, ასეთი არასასურველი მოვლენების განვითარება არ შეესაბამება კონგრესის ინტერესებს.
ჩვენი სურვილია უფრო მეტად ვკონცენტრირდეთ ჩვენი თანამშრომლობის ღირსებებზე და დაგიდასტუროთ მზადყოფნა გავაგრძელოთ თანამშრომლობა საქართველოში ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებებისა და ევროპული დემოკრატიის განვითარების სასარგებლოდ“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.