„სოფლის მეურნეობაში ინოვაციების დანერგვა დარგის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია“ – სოლომონ პავლიაშვილი

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის (AKIS) დანერგვაზე სახელმწიფო, სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო. მინისტრის მოადგილემ ყურადღება მწარმოებლებსა და სამეცნიერო სექტორს შორის კავშირის გაძლიერებაზე, აგრარული განათლების ერთიანი სისტემის შექმნაში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ქვეყნისთვის მორგებული მოდელის შემუშავებაზე გაამახვილა.
„AKIS-ი სოფლის მეურნეობის მართვის მოდელია, რომელიც ცოდნაზე, ინოვაციებსა და განათლებაზეა დაფუძნებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვისწავლოთ, როგორ მოვახდინოთ მეცნიერული ინოვაციების დანერგვა სოფლის მეურნეობაში. არსებობს ბევრი კვლევითი ნაშრომი, რომელიც პრაქტიკაში არ არის გამოყენებული. საქართველოში ამ პროექტის დანერგვით მოხდება ევროკავშირის დირექტივის შესრულება და ევროკავშირის მართვის მოდელთან ადაპტირება“, – აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის (AKIS) მიზანი სოფლად და სოფლის მეურნეობაში ცოდნისა და ინოვაციების სისტემების გაძლიერების გზით მეტი, უკეთესი ხარისხის და ეკომეგობრული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაა. AKIS-ის ჩამოყალიბება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით მიმდინარეობს.
„საქართველო სასოფლო-სამეურნეო ტრადიციების და კულტურის ქვეყანაა. ძლიერი კვლევებისა და ინოვაციების გარეშე ვერ შეიქმნებოდა ის 500-ზე მეტი ვაზის ჯიში, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. მიუხედავად ამ ტრადიციებისა, საქართველო არ არის სურსათით თვითუზრუნველყოფილი; საჭიროა ახალი კულტურების და ჯიშების გამოყვანა და, რაც მთავარია, მათი საბაზრო მოთხოვნებზე მორგება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი აგრარულ სფეროში განათლების და ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა“, – განაცხადა SDC-ის ეკონომიკური პროგრამების კოორდინატორმა ბექა თაგაურმა.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის, შესაბამისი სამინისტროების და მასში შემავალი უწყებების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, კოლეჯების, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ