ნინო თანდილაშვილმა გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 29-ე კონფერენციის (COP 29) მოსამზადებელ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ბაქოში გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 29-ე კონფერენციის (COP 29) მოსამზადებელ მინისტერიალში (Pre-COP 29) მიიღო მონაწილეობა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი მიზანი იყო COP 29-ზე პროგრესის მისაღწევად მაღალი დონის პოლიტიკური გადაჭრის გზების იდენტიფიცირება პარიზის შეთანხმებიდან გამომდინარე დღის წესრიგში არსებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით.
მათივე ცნობით, გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 29-ე კონფერენციის (COP 29) მთავარი თემა ფინანსური რესურსების მობილიზების ამბიციური გეგმის განსაზღვრა იქნება, რომლის თანახმად, განვითარებული ქვეყნები განვითარებად ქვეყნებს კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებების განსახორციელებლად გამოუყოფენ.
ინფორმაციის თანახმად, ნინო თანდილაშვილმა სიტყვით გამოსვლისას გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 29-ე კონფერენციისთვის ქვეყნის პრიორიტეტებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად გლობალურ დონეზე ფინანსების მობილიზების მნიშვნელობაზე.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მხედველობაშია მისაღები, რომ საჯარო ფინანსები იქნება არსებითი არა მხოლოდ შერბილებისთვის, არამედ ადაპტაციის ღონისძიებებისა და კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული ზიანისა და ზარალის საკომპენსაციოდ, ადგილობრივი მოსახლეობისა და საჯარო სექტორისთვის.
„საქართველოში ჩვენ ვაღიარებთ საზოგადოებაში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობას, განსაკუთრებით მოწყვლად რეგიონებში. შესაბამისად, ჩვენ მხარს ვუჭერთ ადაპტაციის კუთხით არსებული ინიციატივების მიმართ გაზრდილ მხარდაჭერას, მათ შორის, დაფინანსებას და ტექნოლოგიების გადაცემას, რათა ადგილობრივმა თვითმმართველობამ და თემებმა შეძლონ ეფექტიანად უპასუხონ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
უწყების განმარტებით, შეხვედრას 40-ზე მეტი ქვეყნის მინისტრი და მაღალი დონის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის იყო ევროკომისარი კლიმატის საკითხებში. აღსანიშნავია, რომ გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 29-ე კონფერენცია სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ქურდოვანიძე: აი ამ ახალგაზრდებს მივმართავ. 26 ოქტომბერს სწორედ ის წყდება, რომ დედათქვენის წარმოსახვითი ბედნიერების ტყვეობიდან თავი დაიხსნათ და თავად მოიპოვოთ ბედნიერება თავისუფლებაში