„ის მდგომარეობა, რაც ახლა არის, ამაზე უარეს სურათს ვერ მივიღებთ“ – 2025 წლიდან მიკროავტობუსებით ქალაქებს შორის მგზავრთა გადაყვანა იკრძალება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლისთვის ქვეყანაში საქალაქთაშორისო მგზავრობა სრულად დარეგულირდება. პროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და შემუშავებულია ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეფორმების ფარგლებში.
რეფორმის ინიციატორი ეკონომიკის სამინისტროა. ლევან დავითაშვილის თქმით, სისტემური განახლება როგორც ავტოსადგურების სერტიფიცირებას, ასევე, სამგზავრო ტრანსპორტისთვის უსაფრთხოებისა და კომფორტის მოთხოვნების განსაზღვრას გულისხმობს.
ავტოსადგურების მფლობელებმა სერტიფიცირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული ცვლილებების პროექტები მუნიციპალიტეტებში უნდა შეათანხმონ.
2025 წლის 1 ივნისის შემდეგ ავტოსადგური, რომელსაც სერტიფიცირება გავლილი არ ექნება, ფუნქციონირებას ვერ შეძლებს.
ავტოსადგურ „ოკრიბას” იურისტი პაატა ყვავაძე ამ კანონპროექტს დადებითად აფასებს. როგორც მან „კომერსანტის დილაში“ სტუმრობისას აღნიშნა, სწორედ რეგულაციების არარსებობამ გამოიწვია სატრანსპორტო სფეროში არაჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბება.
„ათწლეულებია, ამ დარგში მსგავსი მასშტაბის რეფორმა არ განხორციელებულა. სწორედ ამან გამოიწვია ის, რა მდგომარეობაც გვაქვს ბაზარზე – არაჯანსაღი კონკურენცია, რის პირობებში ძალიან რთულია, ერთმა კონკრეტულმა ავტოსადგურმა შეძლოს და განავითაროს სტანდარტი.
ჩვენ დარგში მომუშავე პირების შეფასებით, ამ კანონის მიზანი არის ის, რომ დაიცვას მგზავრთა უსაფრთხოება და გარემოს ნაკლები ზიანი მიდგეს.
ეს პროექტი ორი დიდი კომპლექსური დოკუმენტისგან შედგება, ორი დადგენილებაა 442-ე და მე-4 დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს სადგურების ფუნქციონირების წესს და ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანის უსაფრთხო წესებს.
მე-4 დადგენილებას შემოაქვს ასეთი დათქმა, რომ საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში: ქუთაისი, , თბილისი, თელავი, ზუგდიდი უნდა მოხდეს M3 კატეგორიის და ევრო 4-ის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანა.
M3 კატეგორია განიმარტება სატრანსპორტო საშუალების ტიპის დამტკიცების შესახებ რეგლამენტში, სადაც ნათქვამია, რომ M3 ტიპის საშუალება არის სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც სხდება 8-ზე მეტი მგზავრი (მძღოლის გარდა) და მანქანის ტევადობა არის 5 ტონაზე მეტი“,- ამბობს პაატა ყვავაძე.
კანონპროექტის მიხედვით, მომავალი წლის ივნისიდან საქართველოში ერთმანეთთან 150 კმ დაშორებულ ქალაქებს შორის მიკროავტობუსებით და მინივენებით მგზავრების რეგულარული გადაყვანაც აკრძალული იქნება.
„ოკრიბას” იურისტის მტკიცებით, ასეთი მკაცრი შეზღუდვა ალტერნატიული ბაზრის ჩამოყალიბებას ხელს ვერ შეუწყობს, რადგან კანონპროექტს ამისგან დაზღვევის ყველა მექანიზმი გააჩნია.
„ცოტა გაურკვევლობა გამოიწვია, რომ მიკროავტობუსით მგზავრთა გადაყვანა ვერ მოხერხდება. თავად ეს რეგლამენტი, სამგზავრო ავტობუსს რომელსაც ჩვენ „მარშუტკას“ ვეძახით არ იცნობს ასეთ ტერმინს. მასში ორი კონკრეტული ტერმინია ჩაწერილი: „მინივენი“ და მიკრავტობუსი.
ავტოსაშუალება, რომელიც M3 კატეგორიას აკმაყოფილებს, ანუ 8-ზე მეტი მგზავრი სხდება და 5 ტონაზე მეტია, ის უკვე გადის ავტობუსის სტანდარტში. ე.წ „მარშუტკები“ M3 კატეგორიის სტანდარტებს მეტწილად არ აკმაყოფილებს, რადგან მანდ კიდევ ჩაშლილია დეტალები, მაგალითად ზოგი „მარშუტკა“ M2-ია, ზოგი 3.5 ტონაა.
რაც შეეხება პარალელური ბაზრის ჩამოყალიბებას, ის მდგომარეობა, რაც ამ ბაზარზე ახლა არის, ამაზე განსხვავებულ და უარესს სურათს ვერ მივიღებთ.
კანონპროექტი თითქმის სრულად გამორიცხავს პარალელური ბაზრის ჩამოყალიბებას ან შავ ბაზარს. ჩვენს დარგში გავრცელებულია „ხიშნიკები“ ანუ არარეგისტრირებული გადამზიდები, რომლებიც სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებებს არ ასრულებენ და ყველანაირი წესის დარღვევით ახორციელებენ მგზავრთა გადაყვანას. ამ ახალი პროექტით მსგავსი ტიპის გადაყვანები სრულად აღმოიფხვრება“,- აღნიშნა პაატა ყვავაძემ.
ქრისტინა კვაჭანტირაძე

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძე – მხარე, რომელიც აგებს 26 ოქტომბრის არჩევნებს, ცდილობს ყველა ფორმით გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობები, დესტრუქციის ქაოსური პროცესების და რევოლუციური სცენარების განსავითარებლად – სუს-ის განცხადება პრევენციულია

მარია ზახაროვა – რუსეთი ძალიან არის დაინტერესებული აფხაზეთის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით და მზად არის სრულად შეუწყოს ხელი ამ საკითხს