„მომხმარებლის 98% დავკარგეთ“ – ავტობანის გახსნის შემდეგ ზესტაფონში კვების ობიექტები იკეტება

ზესტაფონში მცირე ბიზნესის მფლობელები საქმიანობას წყვეტენ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქალაქში საგრძნობლად იმატა უმუშევრობამ, მიგრაციამ და ბიზნესის მფლობელების ზარალმა. ერთ დროს ხალხით გადატვირთული ქუჩები დღეს თითქმის ცარიელია. მომხმარებელთა რაოდენობის საგრძნობლად კლებამ ბევრს საკვები ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიაღებინა.
სწრაფი კვების ობიექტის ,,გოლდენის“ თანამშრომელი ეთერ ფერაძე ,,კომერსანტთან’’ საუბარში აცხადებს, რომ ვაჭრობამ საგრძნობლად იკლო. ბევრმა თანამშრომლების ნაწილი სამსახურიდან გაუშვა, რითაც ხარჯების შემცირება სცადა, თუმცა მათი დიდი ნაწილი მაინც დახურვის საფრთხის წინაშეა.
,,შემცირდა მუშაობა. თანამშრომლების რაოდენობაც შევამცირეთ. 2 ვართ დარჩენილი. მცხობელი და დამლაგებელი გავუშვით. ვეღარ ვიხდიდით ხელფასს. 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, მაგრამ ისეთი მოკლებულია მუშაობა, მალე შეიძლება ღამე დავკეტოთ. ვაჭრობა 10%-ც აღარ არის იმისი, რაც იყო. კლება შეინიშნება მას შემდეგ, რაც ავტობანი გაიხსნა. ზაფხულში კიდევ არა გვიშავდა. ხალხი მოდიოდა მაინც. ცოტა არაუშავდა, ისეთი ვაჭრობა არ იყო, როგორიც წინა ზაფხულებს გვქონდა. ახლა საერთოდ სულ მკვდარია მუშაობა.’’- აცხადებს ეთერ ფერაძე.
ავტობანის გახსნის შემდეგ ბიზნესისთვის შექმნილ პრობლემაზე საუბრობს კაფე Nr 1-ის მფლობელი პაატა კვანტიძე. ,,კომერსანტთან’’ საუბარში ის ამბობს, რომ ობიექტების სულ მცირე 50%-მა მუშაობა უკვე შეწყვიტა.
,,ფაქტობრივად ვაჭრობის 2% დარჩა. მომხმარებლის 98% დავკარგეთ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა დაკეტა ობიექტი. ობიექტების სულ მცირე 50% დაკეტილია. წაგებაზე წავედით. წინა თვეში მინიმუმ 2 000 ლარის ზარალი ვნახე. აგვისტომ ფაქტობრივად გაასწორა თავისი თავი. აგვისტოში არ დარჩენილა მინუსი, მაგრამ სექტემბერში პირადად გადავიხადე ქირის ფული. კაფე რაღაც პერიოდი იყო დაკეტილი, რადგან აღარავინ შემოდიოდა.’’- აცხადებს პაატა კვანტიძე.
გაზრდილი უმუშევრობის ფონზე ქალაქში მიგრაციამ საგრძნობლად იმატა. ბევრმა ბიზნესის ჩავარდნის შემდეგ გამოსავალი საზღვარგარეთ წასვლაში ნახა. სწრაფი კვების ობიექტის ,,გოლდენის“ თანამშრომელი ეთერ ფერაძე ,,კომერსანტთან’’ აცხადებს, რომ ზესტაფონი უკვე ბევრმა ქალმა დატოვა და სამუშაოდ ევროპაში წავიდა.
,,ეს იყო ბევრისთვის შემოსავლის წყარო. ძალიან ბევრი ქალი იყო დასაქმებული. უმეტესობა წავიდა. ერთი ობიექტი იკეტება ახლა. ისიც მიდის იტალიაში. ხალხი ნელ-ნელა მიდის. ჩვენც თუ დავიკეტეთ შეიძლება მეც წავიდე. გასავალმა თუ გაუსწრო შემოსავალს ვინ დატოვებს ობიექტს. ქირას რომ იხდი 1500 ლარს, მოლარე გყავს, დამლაგებელი და მცხობელი, მათაც ხომ უნდათ ხელფასი. ქირა და კომუნალურები უნდა გადაიხადო. არ არის იმდენი შემოსავალი და ბევრმა დაკეტა.’’- აცხადებს ეთერ ფერაძე.
ზესტაფონის მოსახლეობა გამოსავალს ავტობანის ტერიტორიაზე მათთვის ფართების გამოყოფაში ხედავს. თუმცა, ჯერ საჭიროა ინფრასტრუქტურის მოწყობა და მეწარმეების შესაბამისი შენობით უზრუნველყოფა. ადგილობრივები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ მათი ობიექტებისთვის ნაგებობა ჯერ აშენებული არ არის. ახალ ლოკაციაზე გადაყვანის სავარაუდო პერიოდი კი ერთი წელია, რაც მათი თქმით პრობლემურია, რადგან ისინი ამ დროის განმავლობაში ბიზნესის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ.
,,ჩვენ ველოდებით ახალ ფართს. აზომვითი სამუშაოები ჩატარებულია და გამგეობაში დევს ეს ინფორმაცია. სავარაუდოდ ერთი წელია დრო, რომ შემოგვთავაზონ ფართი. ასეთი საკითხი დგას, რომ აპირებენ შორაპანში ტერიტორიის გამოყოფას. ერთი წელი ეს ბიზნესები თავის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ. უკვე იხურება ბევრი. გრძელვადიანი თვალსაზრისით გამოსავალი არის ავტობანის ტერიტორიაზე ფართების გამოყოფა. მანამდე ვინც გაძლებს ხომ კარგი და ვინც ვერ გაძლებს საზღვარგარეთ იპოვის გამოსავალს.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან’’ საუბარში კაფე Nr 1-ის მფლობელი პაატა კვანტიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოში კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები გაიმართება, ქვეყანა ახლანდელ სტატუს კვოს თუ შეინარჩუნებს, არ ვფიქრობ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლის შანსები იქნება – გიტანას ნაუსედა