ამერიკელმა სამხედროებმა ჰუთების ობიექტებს პირველად შეუტიეს B-2 ტიპის ბომბდამშენებით

ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სამხედროებმა B-2 ტიპის ბომბდამშენებიდან დაარტყეს იემენში, მეამბოხე ჰუთების მიერ კონტროლირებულ რაიონებში მდებარე ობიექტებს.
შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის ინფორმაციით, სამიზნე იყო ხუთი მიწისქვეშა საცავი, სადაც ჰუთები ინახავდნენ იარაღს სამოქალაქო და სამხედრო გემებზე თავდასხმებისთვის. ამერიკელმა სამხედროებმა ჰუთების ეს ობიექტები 16 ოქტომბერს დაბომბეს.
ოსტინის განცხადებით, ეს იყო უნიკალური დემონსტრირება შეერთებული შტატების შესაძლებლობის, მიუხედავად მიწისქვეშ სიღრმის და დაცულობისა, იერიში მიიტანოს ობიექტებზე, რომლებიც მოწინააღმდეგის მცდელობით მიუწვდომელი უნდა იყოს.
ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა შეერთებულმა შტატებმა ჰუთების წინააღმდეგ გამოიყენა B-2 ტიპის ბომბდამშენები. მანამდე იემენში მოქმედი მეამბოხეების საწინააღმდეგო სამხედრო ოპერაციაში გამანადგურებლები მონაწილეობდნენ.
თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის განცხადებით, შეერთებული შტატები ყოველთვის უყოყმანოდ იმოქმედებს ამერიკელების სიცოცხლისა და საკუთრების დასაცავად, პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებზე თავდასხმების აღსაკვეთად და თავისუფალი და უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად. ოსტინის თანახმად, ჰუთებს ისევ განუმარტავს, რომ მათ უკანონო და უგუნურ თავდასხმებს შედეგები მოჰყვება.
ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთების შიიტური გასამხედროებული დაჯგუფება, რომელიც თავს „ანსარ ალაჰს“ უწოდებს, წითელ ზღვაში სხვადასხვა ქვეყნის გემებს დრონებით და რაკეტებით თავს ესხმის 2023 წლის ნოემბრიდან, ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს შორის ომის დაწყების შემდეგ.
ჰუთები, რომლებიც იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის დედაქალაქ სანას აკონტროლებენ, მტრად მიიჩნევენ ისრაელს, აშშ-ს და საუდის არაბეთს და აცხადებენ, რომ გემებზე თავდასხმები გაგრძელდება, სანამ ომს არ შეწყვეტს. ჰუთების წინააღმდეგ მოქმედებს საერთაშორისო კოალიცია, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს.
2024 წლის სექტემბერში ჰუთებმა გამოაცხადეს, რომ ოცამდე ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტით და დრონებით შეუტიეს ამერიკულ სამხედრო გემებს. პენტაგონის ინფორმაციით, არცერთი გემი არ დაზიანებულა და არავინ დაშავებულა.
სექტემბერსა და ოქტომბერში ჰუთებმა ლიბანური რადიკალური დაჯგუფება ჰეზბოლას მხარდასაჭერად სცადეს ისრაელზე რაკეტით და დრონებით შეტევა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ კორძაია: წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 22 მოხუცსა და 9 თანამშრომელს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს და „ქართული ოცნების” ოფისში წაიღეს – ამაზე მეტად სამარცხვინო ქმედება თვით „ქართული ოცნებისგანაც” კი წარმოუდგენელია

გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის განცხადებაზე – ეს არის იმ ადამიანების გაფრთხილებისთვის, ვინც ამაშია ჩართული, რომ თუ ისინი გადაკვეთენ წითელ ზღვარს, რასაც კანონდარღვევა ჰქვია, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება