წყალტუბოს ვერშემდგარი „ახალი სიცოცხლე“ – დაპირებებიდან რეალობამდე
„წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ – მინიმუმ 500 მილიონი ლარის ინვესტიცია, 3200 სამუშაო ადგილი, 350 000 ვიზიტორი და 10-ჯერ გაძვირებული უძრავი ქონება, ეს მთავრობის შარშანდელი დაპირებაა.
თუმცა ცნობილი ქართული კურორტის ბადენ-ბადენად, კარლოვი-ვარად და ტურისტულ ბრილიანტად გადაქცევის დაპირება ჯერ კიდევ 2012 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასცა, შემდეგ მას ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი გახარია, ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის მინისტრები მოჰყვნენ. წყალტუბოს აღორძინების რეალური ძვრები კი 11 წლის შემდეგაც მხოლოდ პროექტის დონეზეა.
რა გაკეთდა
საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული მასშტაბური საინვესტიციო პროექტის „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში ეკონომიკის სამინისტრომ ბიზნეს-სექტორს 14 ყოფილი სანატორიუმის პრივატიზების პაკეტი წარუდგინა, რომელთა ჯამური ღირებულება 50 მილიონი ლარია.
მას შემდეგ, წყალტუბოში არსებული სანატორიუმების გაყიდვა სახელმწიფომ აუქციონზე არაერთხელ სცადა, თუმცა 14 სანატორიუმიდან მხოლოდ სამი, „თბილისი“, „მედეა“ და „წყალტუბო“ გაასხვისა, რომელთა რეალიზებით სახელმწიფომ ჯამურად 11 582 300 ლარი მიიღო.
2022 წელს წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმი „მედეა“ 5 830 000 ლარად შპს „ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიამ“ შეიძინა, გასულ წელს გასხვისდა ასევე ყოფილი სანატორიუმი „თბილისი“, რომელიც შპს „აკა“-მ 3 152 300 ლარად იყიდა. მიმდინარე წელს კი სანატორიუმი „წყალტუბო“ 2.6 მლნ ლარად კომპანია „გოლდენ თაუერსს“ გადაეცა.
სანატორიუმი „თბილისის“ ახალმა მფლობელმა კომპანია „აკამ“, რომლის ძირითადი პროფილი საცხოვრებელი ბინების დეველოპმენტია, სახელმწიფო ქონების შეძენით, წყალტუბოში 2023 წლის 1 იანვრიდან არაუგვიანეს 55 თვის ვადაში, არანაკლებ 110-ნომრიანი სასტუმროს მოწყობის და ამისთვის მინიმუმ 9 426 900 ლარის ინვესტიციის ვალდებულება აიღო. კომპანია „აკას“ 97%-იანი წილის მფლობელი ჯამათა ჩარკვიანი სანატორიუმის ადგილას 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს.
სანატორიუმი „მედეას“ ახალი მფლობელი შპს „ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯია“ 2021 წლის დეკემბერში დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-იანი წილი ეკუთვნის ეგვიპტის მოქალაქეს – ხალედ მოჰამედ აბდელმონებ კანდილს. კომპანიის დირექტორი კი დურმიშხან თიგიშვილია. კომპანიამ 2024 წლის 10 ივლისამდე უნდა ააშენოს 120–ნომრიანი სასტუმრო საკონფერენციო დარბაზებითა და რესტორნებით. კომპანიამ ასევე ზოგიერთი ძველი ნაგებობის დემონტაჟი უნდა განახორციელოს.
სანატორიუმი „წყალტუბოს“ ინვესტორმა კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში ტერიტორიაზე მინიმუმ 100-ნომრიანი სასტუმრო-ინფრასტრუქტურა და კვების ობიექტები უნდა განათავსოს, რისთვისაც 7 800 000 ლარზე მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელოს. საჯარო რეესტრის მიხედვით, შპს „გოლდენ თაუერსი“ 2020 წლის 6 ნოემბერს დარეგისტრირდა. კომპანიის წილის 100% მურად მსახურაძეს ეკუთვნის და დირექტორის თანამდებობაც თავად უკავია.
რას გვპირდებოდნენ
2012 წლის 14 სექტემბერი
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი – „ვიწყებთ წყალტუბოს დიდი რეაბილიტაციის პროექტს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური გეგმა, რომელიც მე მქონდა და ჩვენ ყველანი ერთად განვდევნით წყალტუბოდან უმუშევრობას, გაჭირვებას, უიმედობას, უპერსპექტივობას. ჩვენ დავუბრუნებთ აქაურობას და თითოეულ ჩვენგანს მომავალს. ავაშენებთ ახალ საცურაო აუზებს, ახალ აბანოებს, უკვე კეთდება რამდენიმე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, მათ შორის, წყალტუბოს „ინტერკონტინენტალი“, აღდგება „შახტიორი“, აღდგება „ივერია“, აღდგა სამხედრო სანატორიუმი და ეს არის მხოლოდ დასაწყისის დასაწყისი. აქ ვაკეთებთ ტექნიკური გადამზადების ძალიან დიდ ცენტრს, კურსდამთავრებულების 90 % პირველივე თვეში პოულობს სამსახურს“, – ასე მიმართა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამომრჩევლებს წყალტუბოში, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.
2015 წლის 25 აპრილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი — „წყალტუბო უნიკალური კურორტია. შეგვიძლია, თამამად შევადაროთ ისეთ ცნობილ კურორტებს, როგორიცაა ბადენ-ბადენი და კარლოვი-ვარი. ამ კურორტს სჭირდება დიდი ინვესტიციები. საპარტნიორო ფონდმა შეისწავლა წყალტუბოს განვითარების გეგმა. ფრანგული კომპანია „ვიჩი“ დაინტერესებულია ამ კუთხით. ჩვენი სურვილია, მეტი ინვესტიცია ჩაიდოს. დარწმუნებული ვარ, წყალტუბო გახდება ყველაზე საამაყო კურორტი, არამარტო ჩვენს რეგიონში, არამედ ევროპაში“, – განაცხადა პირველი პრემიერობის დროს ღარიბაშვილმა, წყალტუბოში მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების დათვალიერების დროს (2012 წლის 6 ნოემბერს, მსოფლიო ბანკმა წყალტუბოს რეაბილიტაციისთვის 37 მილიონი დოლარი გამოყო, ამ თანხით წყალტუბოს პარკის და „ცივი ტბის“მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია იყო დაგეგმილი, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილი განხორციელდა. ავტ.).
2019 წლის 29 ოქტომბერი
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი — „მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს, გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში. პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველვყო მისი განვითარება. წყალტუბოს აქვს ყველა და შესაძლოა, მეტი პოტენციალი, უახლოეს წლებში გადაიქცეს რეგიონის ჯანმრთელობისა და ტურიზმის დედაქალაქად და ის აუცილებლად გახდება ასეთი. საბოლოო ჯამში, რეგიონში დასაქმდება 15 000 – 20 000 ადამიანი, რაც უპირობოდ გამოიწვევს მთელი იმერეთის მხარის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და აღმავლობას.
ჩემი გეგმის მიხედვით, წყალტუბო, უახლოეს წლებში, შესაძლებელია, გახდეს აღმოსავლეთ ევროპის უმნიშვნელოვანესი მიზიდულობის ადგილი და კონკურენცია გაუწიოს დიდ მოთამაშეებს ცენტრალურ ევროპაში“, – ამ სიტყვებით დააანონსა ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს აღორძინების დაწყება.
2019 წლის 20 დეკემბერი
ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა — „ამ მასშტაბური პროექტის ფარგლებში წყალტუბო დაიბრუნებს საერთაშორისო კურორტის სტატუსს, იქცევა საერთაშორისო ტურისტულ ცენტრად, მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს იმერეთისა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. წყალტუბოს განვითარების გეგმის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში დაახლოებით 20 000 ადამიანი დასაქმდებოდა“, – თქვა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ.
2020 წლის 5 ივნისი
ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია — „წყალტუბო, როგორც ტურისტული ბრენდი უკვე ჩამოყალიბებულია. მას სჭირდება იმ ძველი ისტორიის აღდგენა, თანამედროვეობის გარკვეული ხარისხის, ნიშნის დამატება და ეს ყველაფერი იქნება. შეიძლება ჩვენ, განსაკუთრებით ამ პანდემიის პირობებში, დროში სადღაც ჩამოვრჩეთ, მაგრამ წყალტუბო იქნება საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ბრილიანტი“, – ასე უწოდა გახარიამ ახალ პროექტს.
2022 წლის 5 ივლისი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი — „მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კურორტი განვითარდეს. კურორტთან ინფრასტრუქტურა იყო კეთილმოწყობილი. ჩვენი მთავრობის მიერ განხორციელდა უკვე მნიშვნელოვანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები. 2019 წელს წყალტუბოს მხოლოდ 25 000 ვიზიტორი ეწვია და ჩვენი ვარაუდით ეს მაჩვენებელი რამდენიმე წელში გაათმაგდება. გვაქვს ამბიცია, რომ წყალტუბო გადავაქციოთ 21-ე საუკუნის თანამედროვე, მაგრამ ამავე დროს მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობის მქონე კურორტად,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოში, საინვესტიციო პროექტის – „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ – პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
2022 წელი 26 დეკემბერი
ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი – „ჩვენ გვყავს უკვე უცხოელი ინვესტორი, რომელიც წარმოდგენილია სასტუმრო ბიზნესში და მათ აქვთ საკმაოდ ამბიციური გეგმები, რომ პროექტ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლეს“-ს ფარგლებში მაღალი დონის სასტუმრო, რეკრეაციული, გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა შეიქმნას. ეს იქნება სხვადასხვა დონის, 3, 4, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები, სადაც ძალიან მნიშვნელოვანწილად იქნება წარმოდგენილი გამაჯანსაღებელი და სპორტული კომპონენტები იმ კვლევისა და შესწავლის შესაბამისად, რაც ჩვენ კომპანია „კოლიერსთან“ ერთად გავაკეთეთ“, – აღნიშნა მინისტრმა.
როგორც მაშინ ლევან დავითაშვილმა განაცხადა, წყალტუბოში კატარული კომპანია „გოლდენ თაუერ ინვესტ გრუპი“ შემოვიდოდა. მისი ინფორმაციით, საინვესტიციო ჯგუფს ხუთი ობიექტი – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადაეცემა. მინიმალური საპრივატიზაციო თანხა დაახლოებით 12 მლნ ლარი, საპრივატიზაციო ვალდებულება კი 35 მილიონ ლარამდეა.
2023 წლის 18 აპრილი
პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი – „ჩვენ ვიწყებთ უფრო მასშტაბურ სახელმწიფო პროგრამას, ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამა, რომელიც იქნება 5-წლიანი და ბიუჯეტიდან გამოიყოფა 1 მილიარდი ლარი. ჩვენ ამ მიზნით გვაქვს უკვე გამოყოფილი წელს 200 მილიონი ლარი. შერჩეული გვაქვს 11 მდებარეობა, ლოკაცია, მინდა გაცნობოთ ამის თაობაზე: ეს არის ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდ, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები“, – ასეთია პრემიერ მინისტრის ბოლო დაპირება.