ჭარბი მშენებლობა დედაქალაქს აუფასურებს – ურბანისტი

ურბანისტი ზურა ბაქრაძე თბილისის განაშენიანებას სავალალოს უწოდებს. ის მიიჩნევს, რომ საცხოვრებელი კორპუსების ჭარბი მშენებლობა დედაქალაქს აუფასურებს.
“საცხოვრებლის ფასმა კლება უკვე დაიწყო. ამით ქალაქი უფასურდება. იმას, რომ რაც შეიძლება მეტი შენდებოდეს, ამას ხელი ეწყობა მერიისა და საკრებულოს საქმიანობით. ეს ხელშეწყობა კი ისეთ ფორმებს იღებს, როდესაც ფართები სულ უფრო და უფრო ნაკლებად მიმზიდველი ხდება. ერთ ჰექტარზე თუ X ფართი უნდა იყოს, თბილისში რამდენჯერმე მეტს აშენებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ ცხოვრების ან საქმიანობის ხარისხი დაბლდება. გამოდის, მთლიანად ქალაქი უფასურდება”, – აცხადებს ზურა ბაქრაძე.
ურბანისტს მიაჩნია, რომ მთელი ქვეყნის დეცენტრალიზაცია არის საჭირო. მისი თქმით, რეგიონებში ისეთი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უნდა შეიქმნას, რომ მოსახლეობამ ბინები ადგილზე შეიძინოს.
“იმისთვის, რომ მშენებლობის სიმძლავრეები თანაბრად გადანაწილდეს, მთელი ქვეყნის დეცენტრალიზაცია არის საჭირო, რაც რეგიონებში სოციალურად მნიშვნელოვანი სიმძლავრეების გაჩენას გულისხმობს. ვინც რეგიონში ცხოვრობს, მას ყველაფერი უნდა ჰქონდეს. თუ ამ მხრივ გადაიდგმება ნაბიჯები, იქ ხალხი დარჩება და საცხოვრებელი დასჭირდება. თუ ვინმეს საქართველოს გადარჩენა უნდა, დეცენტრალიზაციის პროცესი სწრაფად უნდა დაიწყოს”, – აღნიშნავს ურბანისტი.
აღსანიშნავია, რომ წელს იანვარ-ივნისში მშენებლობის ნებართვა 5594 ობიექტზე გაიცა, რაც წლიურად 35%-ით მეტია. ნებართვების 74 % ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის: 47.9% თბილისზე, 9.7% – ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.3 %- მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 8.1 %- კახეთის რეგიონზე.
უცნობია აქედან რა წილი აქვს საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას. კერძო სექტორში აცხადებენ, რომ მცხეთა – მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში, ძირითადად, ტურისტული ობიექტები შენდება, საცხოვრებელი კორპუსებით კი თბილისი და ა დატვირთული. მთავარი მიზეზი, რის გამოც სამშენებლო კომპანიებისთვის რეგიონები, ფაქტობრივად, მიმზიდველი არ არის, მოთხოვნის ნაკლებობაა. ამასთან, გამოწვევებს შორის ფასები სახელდება. როგორც “მონოლით ჯგუფში” ამბობენ, თბილისსა და რეგიონებში მშენებლობის ღირებულება ერთი და იგივეა, თუმცა გასაყიდი ფასი განსხვავებულია.

ასევე დაგაინტერესებთ