(ფოტო) – “გალაკტიონის ქუჩა თბილისის ერთ-ერთ ყველაზე შემაძრწუნებელ, ანტისახალხო კაპილარს წარმოადგენს” – ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
გალაკტიონის ქუჩა დედაქალაქის შუაგულში მდებარეობს, იგი სათავეს იღებს თბილისის საკრებულოს შენობის მარჯვენა კუთხიდან და სოლოლაკის კლდის მიდამოებში, ენგელსზე სრულდება.
თბილისის საკრებულო ქალაქის მთავარი წარმომადგენლობითი ორგანოა, მის შემადგელობაში არაერთი პოლიტიკური პარტია ირიცხება, მრავალრიცხოვანი საბჭო ვალდებულია აკონტროლოს მუნიციპალიტეტის მერია და მას მოქალაქეთა პრობლემების აღმოსაფხვრელად სწრაფი და შედეგიანი მოქმედებისკენ უბიძგოს. საკრებულოს წევრები ყოველდღიურად დადიან გალაკტიონის ქუჩაზე, შეიძლება მათ არ ქონდეთ საშუალება ქალაქის ყველა სირთულე შეამჩნიონ და შესაბამისი სამსახურების მხრიდან მათზე რეაგირება მოითხოვონ, მაგრამ დეპუტატები ცხვირწინ განვითარებული მოვლენების ტრაგიზმს ადვილად უნდა აღიქვამდნენ. ქალაქის საკრებულოსთან სიახლოვის მიუხედავად გალაკტიონის ქუჩა თბილისის ერთ-ერთ ყველაზე შემაძრწუნებელ, დამახინჯებულ, ანტისახალხო კაპილარს წარმოადგენს. რითი არის გამორჩეული გალაკტიონის ქუჩა? გალაკტიონის ქუჩაზე არ არსებობს ტროტუარი, ფეხით მოსიარულე ნებისმიერ შემთხვევაში დაჩაგრულია. ტროტუარის ნაცვლად რესტორანთა ვერანდებია მოწყობილი, უმანქანოებს სივრცეს მდიდრული სასტუმროს ბარიერებიც გვართმევს, გავლა შეუძლებელია აზიის განვითარების ბანკის ფასადის წინაც, აქ გზა ინსტიტუტის მესვეურთა მდიდრულ, ვაგონების ოდენა ლიმუზინებს აქვთ ჩახერგილი (იფიგენია დაუთფაიერი თავისი ყოფილი ცოლის ახალ შეყვარებულს მანქანას რომ უფუჭებს, ის ვნება ამიტანს ხოლმე ხშირად მაიბახების დანახვის დროს). ადამიანებს დანიშნულების პუნქტამდე მისასვლელად შუა ქუჩაში უწევთ მოძრაობა. შუა ქუჩაზე მოძრაობა კი წარმოუდგენელია მუდმივი საფრთხისა და გაბმული სიგნალების მოსმენის გარეშე. სცადეთ ერთხელ სოლოლაკში მდებარე მცირე აღმართის მშვიდობიანად დაძლევა, არაფერი გამოგივათ! ჯერ დისტრიბუტორთა მიკროავტობუსები მოგადგებიან წინიდან და უკნიდან, თავიანთი გულისგამაწვრილებელი საყვირებით დაგიხშობენ ყურთასმენას და უკმაყოფილო ტონით მოგთხოვენ ქვაფენილიდან გადასვლას, შემდეგ კურიერთა მოტოციკლები ჩაგიქროლებენ თვალწინ, შეიძლება დედაქალაქის საკრებულოს თანამშრომელთა ჯიპებისთვისაც მოგიწიოთ გზის დათმობა. თუ გადარჩით და ლერმონტოვის ქუჩის კუთხეში მდებარე გზაჯვარედინამდე მიაღწიეთ, ჯერ არ ამოისუნთქოთ! ნუ მოდუნდებით! ნუ იფიქრებთ, რომ სამშვიდობოს გახვედით. მოულოდნელად, გზაჯვარედინის ოთხივე მხრიდან შეიძლება თითო ავტომობილი გამოხტეს და ერთმანეთის შემხვედრი მიმართულებით დაიწყოს სწრაფი მოძრაობა. მერე რა, რომ ორივე ურთიერთგადამკვეთ ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის რეჟიმი მოქმედებს, წითელ ფონზე გამოსახულ თეთრ აგურს ხომ იშვიათად ამჩნევენ ჩვენი მძღოლები. ქუჩის კიდევ ერთი „ღირსშესანიშნაობა“ მისი საფარი გახლავთ. ტაბიძეზე ფილები მხოლოდ აღმართის შუაგულში, ერთ ვიწრო ზოლად არის დაგებული, გზის დანარჩენი ნაწილი ქვებით არის მოკირწყლული, უბრალოდ, ქვების ნაწილი მიწიდან ამოვარდნილია, აქეთ-იქით ყრია, არ არის დაცული ელემენტარული პროპორციები, ასეთი უსწორმასწორო ზედაპირის მოძებნა სატურნის ყინულოვანი კრატერებით დაფარულ თანამგზავრებზეც კი გაგიჭირდებათ. რამდენჯერ შემხვედრიან ელეგანტურ ფეხსაცმელებში გამოწყობილი ადამიანები, რომელთაც საშინელ ღრიჭოებში ქუსლი გაჭედვიათ და გასათავისუფლებლად გამვლელ-გამოვლელთა თავგანწირვა დასჭირვებიათ. ყველაზე უარესი წვიმის დროს ხდება, ქვების ქვეშ წყალი გროვდება. წარმოიდგინეთ, თქვენთვის მიდიხართ, მსუბუქ ნაბიჯს დგამთ წინ, გგონიათ, რომ გუბურას ააცილეთ ფეხი და უცებ სიმყარეს კარგავთ… ფილა ქვემოთ იზნიქება და მის ქვეშ დაგროვილი წყალი პირდაპირ სახეში ესხმება თქვენს გვერდით მიმავალ ადამიანს. ტაბიძე სავსეა ულამაზესი შენობებით. ყოველ მათგანს თავისი განსხვავებული სტილი გამოარჩევს, ქალაქის მკვლევრები ხშირად მიანიშნებენ, რომ ქუჩაზე თბილისში გავრცელებულ ყველა არქიტექტურულ ხელწერას შეიძლება გადააწყდეთ. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების არაჩვეულებრივი ფასადების იერსახეს რესტორატორთა მიერ მოწყობილი უგემოვნო, ერთმანეთისგან განსხვავებული, სახელდახელოდ შეკოწიწებული ჩარდახები ამახინჯებენ. თუმცა, ქუჩის ყველაზე დიდი „მშვენება“ მაინც ფასიანი ავტოსადგომი გახლავთ, რომელიც დანგრეული შენობის ადგილზეა განლაგებული. საპარკინგე მოედანზე თავმოყრილ ავტომობილებს გარს ისეთი ღობე აკრავს, როგორსაც ლუარსაბ თათქარიძეც არ აკადრებდა თავის წმინდა მამულს. ღობეზე გაუგონარი საზიზღრობებია მიჯღაბნილი, ამოკაწრული, დახატული, მიწებებული (“გაგოშას” ნახატი ერთადერთი გამონაკლისია). ათი ბეჯითი ტომ სოიერი ვერ გადაღებავს იმ ჭუჭყს, რომელიც ამ ღობის ფიცრებს შორის არის ჩაბუდებული. ღობესთან მუდმივად დგას პირთამდე სავსე სამი ვეებერთელა ნაგვის ყუთი. ყუთებს დღეში ორჯერ ცლიან, მაგრამ მეეზოვეები მაინც ვერ აუდიან პატარა ქუჩის ტურისტული ინდუსტრიის ნარჩენებს. ურნების გავსების შემდეგ ნაგვით სავსე ფუთებს პირდაპირ ქუჩაზე აწყობენ ხოლმე. ქუჩაზე საინტერესო არსებებსაც გადაეყრებით. ყოველ კვების ობიექტს შემოჩვეული ჰყავს რამდენიმე ძაღლი, რომელთაც ძირითადად ხინკლის კუჭებით უმასპინძლდებიან. ძაღლები თავიანთი ზომებით ძალიან ჰგვანან სახედრებს. წლებია მათთან არაჩვეულებრივი ურთიერთობები მაკავშირებს, მაგრამ ბევრჯერ შევხვედრივარ უზარმაზარი ძაღლების თავისუფალი ჩვეულებებით დაფეთებულ უცნობ პირებს, რომელთაც ამ უსაყვარლეს არსებათა ხმამაღალი ყეფა მგლის ყმუილად ეჩვენებათ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ არსებების ნორმალური ყოფისთვის დედამიწაზე უკეთესი ადგილებიც მოიძებნება. არ გირჩევდით გალაკტიონის ქუჩაზე სისხამ დილით გასეირნებას. სოლოლაკი დიდი ხანია გადაქცეულია ტურისტულ ზონად. ტურისტულ ზონას მიკუთვნებულ უბნებში კი რატომღაც ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნიათ ბორდიურებზე წამოწოლილი, ნახევრად შიშველი და არაფხიზელი ადამიანების აღმოჩენა. პირიქით, რიგი დამკვირვებლები მათი სიმრავლესა და ხმაურიანი შეხლა-შემოხლას ეკონომიკური წინსვლის უტყუარ სიმბოლოდ აღიქვამენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საზოგადოებრივ მაუწყებელში დაიწყო ქართული ტელე და რადიო მაუწყებლობის ისტორია, აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს და ყოველთვის ექნება განსაკუთრებული დატვირთვა ჩვენი ქვეყნისთვის