თინა ბოკუჩავა სუს-ის ინფორმაციაზე – ივანიშვილის ტერმინოლოგიით რომ ვისაუბროთ, ის „ტრიუკით“ ვერ შეცვლის ფაქტს, რომ ქართველ ხალხს ევროპული კეთილდღეობისთვის არჩევანი გაკეთებული აქვს

ივანიშვილის წინასაარჩევნო ტერმინოლოგიით რომ ვისაუბროთ -„ტრიუკით“ ივანიშვილი ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ ქართველ ხალხს ევროპული კეთილდღეობისთვის არჩევანი გაკეთებული აქვს, – ასე აფასებს „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ლიდერი თინა ბოკუჩავა სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
მისი თქმით, ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებაში დღეს ნულოვანი ნდობა აქვს.
„ვერც ფარული ჩანაწერებით, ფაბრიკაციით, ცრუ ნარატივით, პირადობის ჩამორთმევის მცდელობით და ნებისმიერი სხვა, ივანიშვილის წინასაარჩევნო ტერმინოლოგიით რომ ვისაუბროთ -„ტრიუკით“ ივანიშვილი ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ ქართველ ხალხს გაკეთებული აქვს არჩევანი ევროპული კეთილდღეობისთვის, უარს ეტყვის სიღატაკეს იზოლაციაში, რომელიც ივანიშვილის 12-წლიანმა მმართველობამ მოიტანა. ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ დღეს აქვს ნულოვანი ნდობა საზოგადოებაში და ქართველი ხალხი ჩამოყალიბებულია, რომ ჩვენ გვჭირდება ცვლილებები იმისათვის, რომ დავიბრუნოთ ევროპული პერსპექტივა და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ევროპული კეთილდღეობის შანსი. შესაბამისად, ნებისმიერი ყველა სხვა ხრიკი, იქნება ეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით თუ ფაბრიკაციით შექმნილი ჩანაწერები, პირადობების კონფისკაცია თუ სხვა, ვერ შეცვლის იმ საარჩევნო მარცხს, რომელიც ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე ელოდება,“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ მიღებული ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო ს წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
სუს-ის ცნობით, „აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება“.
„ფალსიფიკაციის შედეგად მიღებული საინფორმაციო მასალის გამავრცელებლები, მათ მიერ შექმნილ ყალბ ჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ინფორმაციას და ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ქმედებით მოახდენენ, ერთი მხრივ, უწყების დისკრედიტაციას, ხოლო, მეორე მხრივ, დისონანსის შეტანას სახელისუფლებო შტოებს შორის. აღნიშნული პროვოკაციის მთავარ მიზანს კი წარმოადგენს საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნა და აგორება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენა, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის.
ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით აღნიშნული ჯგუფების საქმიანობას და ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ