ამ ტესტს საქართველო კიდევ ერთხელ, უმაღლეს დონეზე ჩააბარებს, განსხვავებით სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან, რომლებსაც ასეთი ტესტების ჩაბარება ძალიან უჭირთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ჯოზეფ ბორელის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, როდესაც არჩევნები ჩაივლის და უკრაინაში ომი დასრულდება, ურთიერთობები აუცილებლად გადაიტვირთება, როგორც ევროკავშირთან ისე ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
„ეს განცხადებები დროებითია. რაც შეეხება არჩევნებს და ტესტს, ამ ტესტს საქართველო კიდევ ერთხელ, უმაღლეს დონეზე ჩააბარებს, განსხვავებით სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან, რომლებსაც ასეთი ტესტების ჩაბარება ძალიან უჭირთ. ასეთი განცხადებები დროებითია, ეს არჩევნები და სხვა პროცესები ჩაივლის, დასრულდება ომი უკრაინაში, რის შემდეგაც აუცილებლად გადაიტვირთება ურთიერთობები, როგორც ევროკავშირთან ისე ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოში მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს.
ბორელის თქმით, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში დემოკრატიისა და მისი ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის გადამწყვეტი გამოცდა იქნება.