წყლის ქარხანას ვაშენებთ, უნიკალურს, რომელიც თვის ბოლოს გაიხსნება – თემურ ჭყონია

ვაშენებთ წყლის უნიკალურ ქარხანას, რომელიც თვის ბოლოს გაიხსნება, – ამის შესახებ “მაკდონალდს საქართველოს” პრეზიდენტმა, თემურ ჭყონიამ BM.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ბიზნესმენი ამბობს, რომ მისი მიზანია, ბაზარზე ახალი პროდუქტის შემოტანით არა ვინმეს წაართვას მომხმარებელი, არამედ გაზარდოს ინდუსტრია, რომელსაც კომპანია ემსახურება.
“ჩვენი მიზანია, რომ გაიზარდოს ინდუსტრია, რომელსაც ვემსახურებით. მაგალითად, ვაშენებთ წყლის ქარხანას, უნიკალურს. რომლის გახსნაც იქნება თვის ბოლოს. ძალიან რთული და ძვირი ტექნოლოგია შევიძინეთ. ტექნოლოგია წყალზეა მორგებული, რომ შევინარჩუნოთ მისი ბუნებრივი კომპონენტები და არ ჩავერიოთ ხელოვნურად. რაც შეეხება ლაბორატორიას, რომელიც განსაზღვრავს წყალში არსებულ ნორმებს, ეს არის წყლის სიჯანსაღის და სტანდარტებთან შესაბამისობის ერთ-ერთი მაკონტროლებელი. ჯამში, წყლის მოხმარება იყო 100 მლნ ლიტრი, სანამ ჩვენ დავიწყებდით ოპერირებას. ჩვენ წყლის მოხმარება გავზარდეთ ჯერჯერობით 20 მლნ ლიტრით, და მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ქარხნის სრულფასოვან ამუშავებას ველოდებით”,- თქვა თემურ ჭყონიამ.
მისი თქმით, კომპანია ყველაფერს აკეთებს, რომ გაიზარდოს წყლის მოხმარება, შესაბამისად, ინდუსტრია და შემოსავალი გაეზარდოს სახელმწიფოს.
“ჩვენი მიზანი არ არის ვინმეს გაკოტრება, პირიქით. ჩვენი მიზანია, ვაწარმოოთ და მომხმარებელს მივაწოდოთ ისეთი სწორი სარეკლამო მარკეტინგით, რომ გაიზარდოს წყლის მოხმარება, ინდუსტრია გაიზარდოს და შემოსავალი გაეზარდოს სახელმწიფოს. და არა ის, რომ ვინმე აღარ იყოს ბაზარზე – ეს არ არის სწორი. როცა “მაკდონალდსი” გავხსენით, ამდენი სწრაფი კვების ობიექტი არ იყო. როცა ჩვენ გამოვჩნდით, ობიექტებიც გაიხსნა და დაგვიწყეს კონკურენცია, რაც კარგია, რადგან ინდუსტრია გაიზარდა. უგემრიელეს ბურგერებს აკეთებენ ჩვენი კონკურენტები. არანაირი პრობლემა არ გვაქვს ამის. “მთის წყლის” ამბავიც “მაკდონალდის” ისტორიის მსგავსია, მან ინდუსტრია გაზარდა. ხშირად საუბრობენ, რა მოხდა საქართველოში “კოკა-კოლას” შემოსვლითო, რა მოხდა და ინდუსტრია გაიზარდა. უალკოჰოლო და გაზიანი სასმელებს სვამდნენ დაახლოებით 250 მლნ ლიტრს და ჩვენი შემოსვლის შემდეგ, მაჩვენებელი 700 მლნ ლიტრამდე გაიზარდა. კონკურენცია ერთია, მაგრამ ბაზარი უნდა გაიზარდოს, ქვეყანა გამდიდრდეს”,- თქვა თემურ ჭყონიამ.

ასევე დაგაინტერესებთ