აფხაზეთის [დე ფაქტო] ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარი გააკეთა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ 11 ოქტომბერს ჟენევაში მიღებულ რეზოლუციაზე “საქართველოსთან თანამშრომლობა”, სადაც აღნიშნულია, რომ რეზოლუცია “კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულებას”, რასთან დაკავშირებითაც “საუბარია ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევაზე” აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში, დაგმობილია რუსეთის სავარაუდო “განგრძობით უკანონო სამხედრო ყოფნა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში”.
“გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უახლესი რეზოლუცია, რომელიც იყენებს შაბლონურ ტერმინებს, რომლებიც არაერთხელ განმეორებულა, მნიშვნელოვნად ამახინჯებს რეალურ სურათს და არის აბსოლუტურად პოლიტიზებული და ატარებს ტენდენციური ხასიათს. როგორც ადრე, დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები, ასეთი დოკუმენტების მიღებისას, მიზანმიმართულად ამახინჯებენ ობიექტურ რეალობას და ამით ცდილობენ უპირობო მხარდაჭერა გაუწიონ ქართველ პარტნიორებს”, – აღნიშნულია კომენტარში.
დე ფაქტო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეზოლუცია ასევე იმეორებს “ბრალდებებს აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის ჰუმანიტარული პრობლემების შესახებ”, ამავდროულად, ხაზს უსვამს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევასა და დისკრიმინაციას, რომელსაც აფხაზი მოქალაქეები მრავალი წლის განმავლობაში აწყდებიან, განსაკუთრებით ეს ეხება ადამიანის უფლებებსა და გადაადგილების თავისუფლებას.
“აფხაზეთში ეს პრობლემა საკმაოდ მწვავეა, მაგრამ მიუხედავად ჩვენი მოქალაქეების უფლებების აშკარა დისკრიმინაციისა, საერთაშორისო თანამეგობრობა აგრძელებს ამ სერიოზული გამოწვევების სრულ იგნორირებას”, – ნათქვამია კომენტარში.
დე ფაქტო უწყება აცხადებს, რომ თავისუფალი გადაადგილების უფლების შესახებ დებულებები გათვალისწინებულია ისეთ უნივერსალურ საერთაშორისო დოკუმენტებში, როგორიცაა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (მუხლი 13) და საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მუხლი 12).
აფხაზეთის [დე ფაქტო] ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს აზრით, სხვადასხვა საერთაშორისო და ევროპული სტრუქტურების მიერ გადაწყვეტილების მიღების ამჟამინდელი პრაქტიკა მეტყველებს მათ უპირობო მიკერძოებულობაზე, რაც დამყარებულია მხოლოდ ცალმხრივ, ექსკლუზიურად ქართული მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ხელმძღვანელობაზე.
“ასეთ პირობებში შეუძლებელია ამ საერთაშორისო სტრუქტურების მიერ მიღებული დოკუმენტებისადმი რაიმე ნდობაზე საუბარი”, – აცხადებს დე ფაქტო უწყება.
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ჰქონდეს “ობიექტური წარმოდგენა რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და მიიღოს სანდო ინფორმაცია, აუცილებელია აფხაზეთის წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ გაეროს შესაბამისი სტრუქტურების, მათ შორის ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობაში”.
“უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, აფხაზურმა მხარემ არაერთხელ მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ აფხაზ დიპლომატებს მისცემოდათ საშუალება, ესაუბრათ გაეროსა და სხვა საერთაშორისო სტრუქტურების წარმომადგენლების წინ, მაგრამ ეს მოწოდებები შეუმჩნეველი დარჩა”, – აცხადებენ დე ფაქტო უწყება.