„ოცნებასთან“ აფილირებული მოძრაობა ოპოზიციის ამომრჩევლებს გასამართლებით აშინებს

„ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ანტიდასავლური მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ს წინ გასამართლებით აშინებს იმ იმ მოქალაქეებს, რომლებიც მხარს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ უჭერენ.
„კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ „ქართული ოცნება“ აერთიანებს თითქმის მთელ ოპოზიციას, მათ შორის ენმ-ს და მის ირგვლივ შექმნილ კოალიციას (“სტრატეგია აღმაშენებელი”, „ევროპული საქართველო“), ახალი, გირჩი, დროა – კოალიცია ცვლილებებისთვის; ლელოს ირგვლივ გაერთიანებული კოალიციას და გიორგი გახარიას პარტიას.საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამ პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი საარჩევნო დაპირებაა.
ახლა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ სახელით გავრცელებული განცხადებიდან ცნობილი ხდება, რომ რეპრესიებით არამხოლოდ ოპოზიციურ პარტიებს, არამედ მათ ამომრჩეველსაც ემუქრებიან.
„არჩევნების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებისა და მათი სამართლებრივი მსჯავრდადების პარალელურად, აუცილებლად უნდა დაიწყოს კოლექტიური ნაცმოძრაობის ამომრჩეველთა მხილება და გასამართლება. რადიკალური ოპოზიციის თითოეულმა ამომრჩეველმა უნდა გაიზიაროს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რათა შემდგომ, ამ ქვეყანაში ვეღარავინ გაბედოს ანტისახელმწიფოებრივი, გარედან მართული აგენტურის მხარდაჭერა და მორიგ დანაშაულთა ჩადენის შესაძლებლობის მიცემა.
კარგად უნდა გავიაზროთ, რომ თითოეულ ადამიანს, რომელიც ხმას აძლევს კოლექტიურ ნაცმოძრაობას, არანაკლები სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება! დამნაშავეებზე ხმის მიცემა დანაშაულია!“ – ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ სახელით გავრცელებული განცხადებაში.
ანტიდასავლური მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ 2024 წლის ივლისში დაფუძნდა. მოძრაობის წევრები არიან: ვატო შაქარიშვილი, ბიძინა გიორგობიანი, ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი და ლევან ნიკოლეიშვილი, რომლებიც ღიად გამოხატავენ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას.