„შავი პარასკევის“ შედეგები მსოფლიოში – რამდენი დახარჯეს და რა იყიდეს

„შავი პარასკევის“ შედეგები მსოფლიოში – რამდენი დახარჯეს და რა იყიდეს
წელს „შავი პარასკევის“ ფარგლებში, მსოფლიოში ონლაინ შეძენილი პროდუქტის ღირებულებამ რეკორდული, 9.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 7.5%-ით მეტია.
Adobe analytics-ის ინფორმაციით, სადღესასწაულო კვირაში, რომელსაც „ციფრული კვირა“ ეწოდება, და მიმდინარეობს მადლიერების დღიდან (23 ნოემბერი) „ციფრულ ორშაბათამდე“ (27 ნოემბერი), საერთო ჯამში 38 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, რაც 7.8%-ით მეტია შარშანდელთან შედარებით. ამ პერიოდში ონლაინ მაღაზიებს 200.7 მილიონი ადამიანი ეწვია.
ყველაზე აქტიური მომხმარებელი 27 ნოემბერს, „ციფრულ ორშაბათს“ იყო. წინა წელთან შედარებით, „ციფრული ორშაბათის“ ფარგლებში დახარჯული თანხა 9.6%-ით არის გაზრდილი და რეკორდულ 12.4 მილიარდ დოლარს აღემატება.
27 ნოემბერს, დღის ყველაზე დატვირთულ მონაკვეთში, მყიდველები წუთში საშუალოდ 15.7 მილიონ დოლარს ხარჯავდნენ. დახარჯული სახსრები კი ძირითადად ნაწილდება ელექტრონულ მოწყობილობებზე, რომლებსაც ფასი საშუალოდ 31%-ით დააკლდათ, ასევე სათმაშოებზე (27%), ტანსაცმელზე (23%), ავეჯზე (21%) და ტექნიკაზე (18%).
წელს „ციფრული ორშაბათის“ ფარგლებში მოქმედებდა შეთვაზება – იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით (BNPL), რომლის საშუალებითაც დამატებით 940 მილიონი დოლარის პროდუქტი გაიყიდა. წინა წელს აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში 42.5%-ით ნაკლები დაიხარჯა.
საერთო ჯამში, ნოემბერში (1 ნოემბერი -27 ნოემბერი) ონლაინ საყიდლებზე გაწეული ხარჯები 109.3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.
ყველაზე გაყიდვადი პროდუქტების სია „ციფრულ ორშაბათზე“ ასეთი იყო: სათმაშოები- Hot Wheels, Mario Kart toys; ვიდეო კონსოლები- Xbox Series X, PlayStation 5, Nintendo Switch; ვიდეო თამაშები: Spiderman 2, Call of Duty: Modern Warfare III; კანის მოვლის საშუალებები, სამზარეულოს ტექნიკა და ტელევიზორები.