როგორ ვითარდება BWH Hotels-ის ჯგუფის ქსელები საქართველოში? – ინტერვიუ BWH Hotels-ის ჯგუფის ქსელების ოფიციალურ დეველოპერთან

საქართველოში სასტუმროების საერთაშორისო ჯგუფი BWH Hotels-ი Capitol Management-ის პორტფელური კომპანიების სიაში შემავალმა Capitol HPS-მ შემოიყვანა.
Capitol Management-მა ქვეყნის მასშტაბით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და რეგიონალური სასტუმროების მშენებლობა, პრიორიტეტად ჯერ კიდევ 2013 წელს დაისახა და შესაბამისად, Capitol HPS-ის BWH℠ Hotels-თან წარმატებული მოლაპარაკებების შემდეგ, Capitol HPS-ი საქართველოში ამ ჯგუფის ქსელების ოფიციალური დეველოპერი გახდა.
საქართველოში ოფიციალური დეველოპერის 11 წლიანი, წარმატებული საქმიანობის შედეგად, დღეისათვის უკვე არსებობს BWH℠ Hotels-ის ჯგუფში შემავალი სხვადასხვა ბრენდის რვა დაკონტრაქტებული სასტუმრო პროექტი, რომელთაგან 6 მოქმედია და 2 კი მშენებარე.
შესაბამისად ამ ეტაპზე, Capitol HPS-ს ათვისებული აქვს საქართველოს 4 რეგიონის (ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი და აჭარა) 6 ლოკაცია (თბილისი, , ქუთაისი, გუდაური, ლიკანი და ქობულეთი), საიდანაც 4 კურორტია (ბათუმი, გუდაური, ლიკანი და ქობულეთი).
საქართველოში BWH℠ Hotels-ის ჯგუფის ქსელების განვითარების რეტროსპექტივა დღეისათვის ასე გამოიყურება:
ზუსტად 10 წლის წინ, Best Western – ის ბრენდით, თბილისში, 45-ნომრიანი Best Western Tbilisi Art Hotel – ი გაიხსნა – ეს იყო პირველი წარმატებით განხორციელებული პროექტი საქართველოში, მას მოჰყვა ასევე 45-ოთახიანი Best Western Kutaisi, რომელიც ქსელში 2017 წლის მარტში ჩაერთო; შემდეგი პროექტი შავი ზღვისპირეთში ბათუმში განხორციელდა, კონკრეტულად კი 104-ოთახიანი Best Western Premier Batumi-მა სტუმრებს კარი 2018 წლის აგვისტოში გაუხსნა; დედაქალაქში BWH Hotels-ის ქსელში შემავალი მეორე სასტუმრო 45-ოთახიანი Best Western Tbilisi City Center-ია, რომელიც 2018 წლის აგვისტოში ამოქმედდა; 2019 წლის დეკემბრიდან კი ბრენდის სასტუმრო სამთო კურორტ გუდაურში, 60-ოთახიანი Best Western Gudauri-ს პროექტით გამოჩნდა; შავი ზღვისპირეთში კიდევ ერთი, ამჯერად 148-ოთახიანი სასტუმრო Best Western Plus Batumi, 2024 წლის მაისიდან მასპინძლობს სტუმრებს.
მოქმედი პროექტების პარალელურად, BWH℠ Hotels-ის ჯგუფი ქვეყნის მასშტაბით, Capitol HPS-თან პარტნიორობით, ქსელის განვითარებას განაგრძობს და დღეს უკვე სახეზეა ორი ახალი მშენებარე პროექტი.
ქვეყანაში BWH℠ Hotels-ის ჯგუფის ბრენდული სასტუმროების ქსელის განვითარების მიზნებსა და სტრატეგიაზე, ასევე HORECA-ს მიმართულებით არსებულ ვითარებასა და პროექტების განხორციელების თავისებურებებზე BM.GE-ის, Capitol HPS – ის დირექტორი, გოჩა ჯაიანი ესაუბრა.
– ბატონო გოჩა, როგორია ქვეყანაში BWH℠ Hotels-ის ჯგუფის ქსელების განვითარების გეგმა? რამდენი და რომელი სასტუმროს გახსნა იგეგმება მომდევნო 5 წლის პერიოდში და რომელ ქალაქებში?
– ჩვენი ქსელების საქართველოში განვითარების მთავარი მიზანი თავიდანვე საქართველოს რეგიონების ათვისება იყო, რაც კარგად ჩანს ჩვენი უკვე განხორციელებული და მშენებარე პროექტებიდან. პრიორიტეტების შეცვლას არც მომავალში ვაპირებთ.
დღეისთვის ორი მშენებარე პროექტი გვაქვს და ორივე რეგიონშია, კერძოდ: სამცხე-ჯავახეთში WorldHotels Crafted Likani და რიგით მესამე პროექტი აჭარაში WorldHotels Elite Kobuleti, რომლებიც მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება როგორც BWH℠ Hotels – ისთვის, ასევე მთლიანად საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვის, რადგან ორივე ეს ბრენდი პირველად იქნება წარმოდგენილი როგორც საქართველოში ასევე მთლიანად რეგიონში.
WorldHotels Crafted Likani, 71-ნომრიანი, მაღალი კატეგორიის საკურორტო სასტუმროა, შესაბამისი ინფრასტრუქტურით და მაღალი კომფორტის მქონე ნომრებით. კერძოდ, სასტუმროს ექნება: რესტორანი, ბარი, საკონფერენციო დარბაზი, საზაფხულო ტერასა, საცურაო აუზი, საუნა, საპროცედურო. პროექტზე გათვალისწინებული ინვესტიცია დაახლოებით 6 მლნ დოლარია.
რაც შეეხება, ქობულეთის მასშტაბურ პროექტს, 1 100-ნომრიანი WorldHotels Elite Kobuleti უდიდესი სასტუმრო კომპლექსი იქნება როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში. პროექტზე გათვალისწინებული ინვესტიცია დაახლოებით 80 მლნ დოლარს შეადგენს და ქსელში, სავარაუდოდ, 2028 წლის გაზაფხულზე ჩაერთვება.
დღეისთვის გახსნილი გვაქვს ასევე მოლაპარაკება რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე, ისეთ საინტერესო ახალ ლოკაციებზე, როგორიცაა: სალხინო, მარტვილის კანიონი, სუფსა, , ქუთაისის აეროპორტი, ვანი და ყაზბეგი. შესაბამისად მომავალს იმედის თვალით ვუყურებთ და თუ მშვიდობა იქნა, კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ საქართველოში.
– ბოლო პერიოდში ქვეყანაში ბუტიკური სასტუმროების დახურვის ტენდენცია შეინიშნება, რასაც მფლობელები მაღალი მიწოდებით, გაზრდილი ხარჯებითა და შემცირებული შემოსავლებით ხსნიან. რამდენად მარტივია და რას ითვალისწინებს ბრენდი თავისი ქსელის ქვეყანაში გაფართოების გადაწყვეტილების მიღებისას?
– როგორც აღვნიშნე, ჩვენთვის პრიორიტეტს საინტერესო რეგიონალური პროექტები წარმოადგენს, განსაკუთრებით იქ, სადაც ჯერ კიდევ არა ვართ წარმოდგენილი. გადაწყვეტილების მიღებისას პირველ რიგში ვითვალისწინებთ შემდეგ კრიტერიუმებს: პროექტის ზომა და კონცეფცია, ადგილმდებარეობა, ინვესტორის სასტუმროს ბიზნესში მოღვაწეობის გამოცდილება და მისი მიმდინარე ფინანსური მდგომარეობა. დღეს საქართველოში წარმოდგენილია თითქმის ყველა, მსოფლიოში კარგად ცნობილი საერთაშორისო სასტუმრო ქსელი და შესაბამისად, ჩვენს შორის კონკურენცია ძალიან მაღალია. გამომდინარე აქედან ჩვენ, საქართველოში ქსელის გაფართოების გადაწყვეტილების მიღებისას, თუ რა თქმა უნდა, პროექტი ჩვენთვის საინტერესოა, მაქსიმალურად ვცდილობთ გავითვალისწინოთ ჩვენთან თანამშრომლობით დაინტერესებული ინვესტორების შესაძლებლობები და გავამართლოთ მათი მოლოდინები.
რაც შეეხება სასტუმროების დახურვის ტენდენციას, ეს პრობლემა როგორც წესი, ბრენდულ სასტუმროებს საქართველოში ნაკლებად აწუხებთ, მათ შორის რა თქმა უნდა ჩვენც, რადგან თანამშრომლობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და კონტრაქტზე ხელმოწერამდე, მომავალში გაუთვალისწინებელი პროცესების გამოსარიცხად, ვცდილობთ კარგად შევისწავლოთ როგორც თვითონ პროექტი, ასევე თვითონ ინვესტორი. ამ 11 წლის განმავლობაში, ჩვენ, სასტუმროს დახურვის შემთხვევა, ზემოთ ნახსენები მიზეზებით არ გვქონია, თუ არ ჩავთვლით ორ პროექტს, რომელთანაც ჩვენ თვითონ გავწყვიტეთ კონტრაქტი, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების სისტემატური დარღვევის გამო.
– რამდენად მარტივია ქსელის განვითარების სტრატეგიის განხორციელება არსებულ ვითარებაში?
– გამომდინარე საქართველოში ჩვენი ქსელების განვითარების პრიორიტეტებიდან, მათი განვითარების სტრატეგიის განხორციელება ერთი შეხედვით არც ისე რთული უნდა იყოს, რადგან თუ არ ჩავთვლით თბილისს, ბათუმს და ნაწილობრივ კახეთის რეგიონს, ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონები თითქმის აუთვისებელი ყამირია ბრენდული ქსელების განვითარებისთვის და მათ შორის ჩვენთვისაც, თუმცა ეს მხოლოდ მოცემულობაა, რომლის წარმატებით განვითარებისთვის და შესაბამისად, ტურიზმის ინდუსტრიაში ინვესტიციების მოსაზიდად, საჭიროა ქვეყანაში არსებობდეს რამდენიმე მნიშვნელოვანი პირობა, მაგალითად:
– ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება;
– სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლო;
– კერძო საკუთრების დაცულობის გარანტია სახელმწიფო რეგულაციებით და შესაბამისი კანონმდებლობით;
– ტურიზმზე მორგებული საკანონმდებლო ბაზა და საგადასახადო კოდექსი;
– საბანკო რესურსებზე წვდომის სიმარტივე და ხელმისაწვდომობა;
– ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი კვალიფიციური კადრების ბაზის არსებობა;
ვერ ვიტყვით, რომ არსებულ ვითარებაში, სხვადასხვა სუბიექტური, თუ ობიექტური მიზეზების გამო, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირობა საქართველოში შესრულებულია, მაგრამ მიუხედავად ამისა ტურიზმის ინდუსტრია ადგილზე არ დგას და უკეთესი მომავლის იმედით ვითარდება.
ცნობისთვის, BWH℠ Hotels-ი, არის სასტუმროების გლობალური ჯგუფი, საერთაშორისო ბაზარზე 77-წლიანი ოპერირების გამოცდილებით, რომელიც დღეისთვის მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, 4 700-მდე სასტუმროთია წარმოდგენილი. „BWH℠ Hotels“-ის შემადგენლობაში შედის სასტუმროების შემდეგი 3 ცნობილი ქსელი: WorldHotels – ი, Best Western® Hotels & Resorts და SureStay® Hotels-ი, ჯამში 19 სხვადასხვა, მსოფლიოში კარგად აპრობირებული კატეგორიის ბრენდით.

ასევე დაგაინტერესებთ