„ჩვენ გაფორმებული გაქვს მემორანდუმები, მაგრამ მშენებლობის ეტაპი ჰიდროს მიმართულებით არ გვაქვს წარმატებული“ – მაია მელიქიძე

ჩვენ გაფორმებული გაქვს მემორანდუმები, მაგრამ მშენებლობის ეტაპი ჰიდროს მიმართულებით არ გვაქვს წარმატებული – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორთან” „განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის“ (GREDA აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე საუბრობს.
მისი თქმით, საჭიროა ხელშეწყობა, რათა ის მემორანდუმები და ხელშეკრულებები, რომელიც გაფორმებულია, უკვე სამშენებლო ეტაპზე გადავიდეს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, გამოსავალი არ იარსებებს, გარდა იმპორტირებული ელექტროენერგიით ჩანაცვლებისა, რაც სერიოზულ გამოწვევას შეუქმნის ადგილობრივ წარმოებას.
„მით უმეტეს, მაშინ იქნება ეს პრობლემა, როდესაც საბალანსო ბაზარი ამოქმედდება და დადგება პასუხისმგებლობის საკითხი კომპანიებისთვის. ამიტომ, ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს – როდესაც სრულად დაიწყებს ბაზარი ფუნქციონირებას, შემთხვევით არ წავაწყდეთ ისეთ გამოწვევებს, რომელიც სერიოზულ ზარალს გამოიწვევს კომპანიებში“ – ამბობს მაია მელიქიძე.
მისივე თქმით, ის, რომ გაფორმებული ხელშეკრულებების განხორციელება არ იწყება, ძირითადად ბიუროკრატიას უკავშირდება.
„ინვესტორთა ძალიან დიდ ნაწილს უკვე მობილიზებული აქვს თანხა და ისინი აწყდებიან ადგილობრივი მოსახლეობიდან წამოსულ ნეგატიურ დამოკიდებულებას და ამასთან, ელოდებიან მხარდაჭერას ადგილობრივი ხელისუფლებისგან. ინვესტორს ძალიან სჭირდება მოლაპარაკებების პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა, ვინაიდან, სახელმწიფოს მიმართ რა თქმა უნდა, ნდობა უფრო მაღალია, ვიდრე, ვთქვათ, უცხო ინვესტორის მიმართ“ – ამბობს მაია მელიქიძე „ბიზნესპარტნიორთან“.
ამასთან, მისივე თქმით, სექტორს დიდი იმედი აქვს, რომ ის ტარიფი, რომელიც მეორე CFD აუქციონის ფარგლებში დადგინდა, მეტი მზის და ქარის ელექტროსადგურის აშენების შესაძლებლობას შექმნის.
„თუმცა, ჰიდროში არ არის სახარბიელო ტარიფი. პირდაპირი გზით ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. შემდეგ მე არ გამოვრიცხავ, რომ დადგეს მესამე CFD აუქციონის ჩატარების საჭიროება “ – განმარტავს მაია მელიქიძე.
bp.ge