დიდ ბრიტანეთში იწყება მოსმენა სოლსბერის მკვიდრის “ნოვიჩოკით” სიკვდილის თაობაზე

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბერიში, ორშაბათს იწყება მოსმენა ადგილობრივი მკვიდრის, დონ სტერჯესის სიკვდილის თაობაზე, რომელიც, სავარაუდოდ, მოწამლეს ნერვულ-პარალიზური მომწამლავი ნივთიერება „ნოვიჩოკით“.
სტერჯესის სიკვდილი უკავშირდება ს სპეცსამსახურების მცდელობას, იმავე შხამით მოეწამლა გრუ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია, რომლებიც სოლსბერიში ცხოვრობდნენ.
მოსმენის მიზანია, სტერჯესის ახლობლებსა და ფართო საზოგადოებას პასუხი გასცენ კითხვებზე მისი გარდაცვალების გარემოებების შესახებ. უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ენტონი ჰიუზი მოწმეებისა და ექსპერტების ჩვენებებს მოისმენს. თავად სკრიპალები ჩვენებას არ მისცემენ: ისინი სახელმწიფო დაცვის პროგრამაში იმყოფებიან და ჰიუზის თქმით, მათი საჯაროდ გამოჩენა ან საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება საფრთხეს წარმოადგენს.
44 წლის დონ სტერჯესი, სამი შვილის დედა, 2018 წლის 8 ივლისს გარდაიცვალა. 27 ივნისს მისმა პარტნიორმა ჩარლი როულიმ საქველმოქმედო შემოწირულების ყუთში აღმოაჩინა სუნამოს ბოთლი სითხით, რომელიც დონს აჩუქა. ქალმა ფლაკონიდან სითხე დაიპკურა და მალევე დაკარგა გონება. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მას უცნობი შხამით მოწამვლის დიაგნოზი დაუსვა და საავადმყოფოში წაიყვანა.
შემდგომში დადგინდა, რომ შხამი იყო ნერვულ-პარალიზური მომწამლავი ნივთიერება „ნოვიჩოკი“, რომელიც 2018 წლის 4 მარტს გამოიყენეს იმავე სოლსბერიში დევნილი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის, იულიას მოწამვლის მცდელობისას. სკრიპალები გადარჩნენ, თუმცა ისინი მძიმედ მოიწამლნენ. იგივე დაემართა ჩარლი როულს და პოლიციელს, რომელმაც სკრიპალების სახლი დაათვალიერა.
ექსპერტმა ენდრიუ ო’კონორმა, რომელიც იკვლევს სტერჯესის სიკვდილს, თქვა, რომ სითხე, რომელსაც შეიცავდა სუნამოს ბოთლი, ათასობით ადამიანის მოსაკლავად იყო საკმარისი.
დიდი ბრიტანეთის პოლიციამ გამოიძია სკრიპალების მოწამვლა და დაუსწრებლად წაუყენა ბრალი რუსეთის დაზვერვის სამ ოფიცერს, მაგრამ დონ სტერჯესის მოწამვლა ცალკე არ გამოძიებულა. მოსკოვი და ბრალდებულები უარყოფენ რაიმე კავშირს მოწამვლებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი მოქალაქეებს – რამდენს გვაქვს უფასო ფული? რომელ სოფელს დაახარჯეს 5 მილიონი? ვინ მუშაობთ აშენებული ქარხნებიდან რომელიმეში? ვინ ყიდულობთ ბენზინს განახევრებული ფასით? – ესენი უნდა დავტოვოთ გაღიმებულები!