“ტურიზმში მარკეტინგი არაა რეკლამა და ბილბორდი” – როგორია თურქეთის მთავრობის პოლიტიკა?

კომპანია PEGAS Touristik Georgia-ს გენერალური დირექტორის სალომე ბერაიას აზრით, საქართველოს ტურიზმის პოტენციალის ეფექტიანი მარკეტინგისთვის კერძო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია.
„ჩემმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ რეკლამა და ბილბორდი არ არის მარკეტინგი ტურიზმში. მარკეტინგი არის საქმის კეთება. წელს, PEGAS Touristik-მა 30 წლის იუბილე ტაილანდში, ფხუკეტში აღნიშნა და PEGAS Touristik Georgia-მ, როგორც საქართველოში PEGAS Touristik-ის წარმომადგენელმა კომპანიამ, ტაილანდში დავპატიჟეთ 16 პარტნიორი სააგენტო, რომლებიც გაყიდვების და ლოიალურობის კრიტერიუმით შევარჩიეთ. ეს იყო სუფთა მარკეტინგული გათვლა, რომ ამ ფორმით მადლობა გადაგვეხადა მათ მიერ გაწეული შრომისთვის და პარტნიორობისთვის. ვფიქრობ, სახელმწიფო როცა ხარ, კიდევ უფრო ძლიერი ხარ და უფრო მეტი საქმის გაკეთება შეგიძლია“, – თქვა სალომე ბერაიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ეფექტიან მარკეტინგულ კამპანიებზე საუბრისას და კერძო სექტორის ჩართულობას გაუსვა ხაზი.
„ვისურვებდი, მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვისას იმ ადამიანების მეტ ჩართულობას, ვისაც შეუძლია პრაქტიკული ცოდნის გაზიარება, ვისაც პულსზე უდევს ხელი და ესმის, სად რის ჩავარდნა, რა სჭირდება სექტორს და რა – არა“, – აღნიშნა მან.
„წერტილთან“ ინტერვიუში საქართველოში თურქული ტუროპერატორის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ტურიზმის განვითარებაში თურქეთის მთავრობის პოლიტიკაზეც ისაუბრა, რომელიც მისი შეფასებით, ეფექტიანია.
სალომე ბერაიას თქმით, თურქეთის მთავრობა არა მხოლოდ თავად ხარჯავს ტურიზმის მარკეტინგში თანხებს, არამედ მსხვილი ტუროპერატორებისთვისაც და მათ შორის PEGAS Touristik-ისთვის, გამოყოფს დაფინანსებას.
„თურქეთის სახელმწიფომ იცის, რომ PEGAS Touristik-ი არის თურქული კომპანია და PEGAS Touristik Georgia კი, მუშაობს საქართველოში, ამიტომ ყოველწლიურად გამოყოფს ბიუჯეტს PEGAS Touristik Georgia-სთვის; ყველა ის პიარაქტივობა და მარკეტინგული კამპანია, რომელსაც ვატარებ, დაფინანსებულია თურქეთიდან. 3-მილიონიანი საქართველოდან მაქსიმუმ რამდენი ადამიანი შეიძლება წავიყვანოთ თურქეთის კურორტებზე? – ალბათ 30 000.
ამით ყველაფერი ნათქვამია – როდესაც სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული კერძო ბიზნესის განვითარებაში, ის ძალიან სწორად ხედავს და ფიქრობს, რომ დიახ, ვითარდება კერძო კომპანია PEGAS Touristik-ი, მაგრამ ავითარებს რას? – თურქეთის ეკონომიკას.
ეს ხალხი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ როგორც კი დათბება, მაქსიმალურად სასურველი გახდეს საქართველოსთვის თურქეთში დასვენება, ამიტომაც აპრილის ბოლოდან ყველგან ანტალია-სტამბოლი-ბოდრუმის რეკლამირება იწყება. ასე იქცევიან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა ქვეყანაში, სადაც თურქეთს უვიზო მიმოსვლა აქვს“, – განაცხადა სალომე ბერაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ