დამკვირვებელთა კოალიცია უწყებებს ეფექტიანი მუშაობისკენ მოუწოდებს

სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიცია “ჩემი ხმა” ეხმაურება არჩევნებთან დაკავშირებულ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს – ამომრჩეველზე სავარაუდო ზეწოლის შემთხვევებს, “ქართული ოცნებისა” და მის შემომწირველთა სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებს და ა.შ.
გასული კვირის შემაჯამებელ ბრიფინგზე, “ჩემი ხმის” სპიკერმა, ლონდა თოლორაიამ სახელმწიფო უწყებებს ეფექტიანი მუშაობისკენ მოუწოდა.
ამომრჩევლებზე სავარაუდო ზეწოლა
ლონდა თოლორაია შეეხო ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების წართმევის სავარაუდო შემთხვევებს. გასული კვირის განმავლობაში ამაზე საუბრობდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები – ანა წითლიძე და გიგი უგულავა, ასევე, -ს წევრი, ანა .
გარდა ამისა, თოლორაიამ ისაუბრა TV პირველის საგამოძიებო სიუჟეტზე, სადაც საუბარია საჯარო მოხელეებზე ზეწოლის შემთხვევებზე. კონკრეტულად, ტელევიზიის ინფორმაციით, მათ აიძულებენ ოჯახის წევრების პერსონალური ინფორმაციების მიწოდებას, შემდეგ კი “ქართული ოცნებას” ეს ადამიანები საკუთარ მხარდამჭერთა სიაში შეჰყავს.
“გავრცელებული ინფორმაციები აჩენს დასაბუთებულ ეჭვებს, რომ ადგილი აქვს პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და გამოყენების, ამომრჩევლის ნებაზე იძულებითი ზეგავლენის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების ფაქტებს”, – განაცხადა თოლორაიამ ბრიფინგზე და მოუწოდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურს, ასევე, პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
“ქართული ოცნების” შემომწირველები
“ჩემი ხმა” კიდევ ერთხელ მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროს, შეისწავლოს “ქართული ოცნების” შემომწირველთა საქმიანობა და მათ კავშირი მმართველ პარტიასთან. კოალიციაში ამბობენ, რომ მმართველი პარტიის შემომწირველებს მილიონობით ლარი აქვს მიღებული სახელმწიფო შესყიდვებიდან. ამგვარი ინფორმაცია კი შესაბამისი უწყების მიერ კორუფციის სავარაუდო რისკების განსაზღვრასა და ანალიზს საჭიროებს.
კომუნიკაციების კომისია
ლონდა თოლორაია გამოეხმაურა კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებსაც, რომელიც აგრძელებს მაუწყებლებისთვის სამართალდარღვევის ოქმების შედგენას წინასაარჩევნო რეკლამების ეთერში განთავსების, ან განთავსებაზე უარის თქმის გამო.
კოალიცია მიიჩნევს, რომ მიუღებელია კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება, კანონდამრღვევებად ეცნო “მთავარი არხი”, “ფორმულა” და “TV პირველი”, ში ომის შესახებ “ქართული ოცნების” რეკლამის გაშვებაზე უარის გამო. კოალიცია დაუშვებლად მიიჩნევს ამ ტელევიზიების დაჯარიმებას მმართველი პარტიის კიდევ ერთი სარეკლამო რგოლის გაშვებაზე უარის გამო, რომელიც სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციას ახდენს.
ლონდა თოლორაიას განცხადებით, კომისიის მიერ პროსახელისუფლებო ტელევიზიების, “რუსთავი 2”-ისა და “იმედის” სამართალდამრღვევად ცნობის შესახებ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებები, “არის მცდელობა შეიქმნას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ობიექტურობის ილუზია, რაც ვერ შეცვლის მის მიერ ამ დრომდე მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებებს და ამ გადაწყვეტილებებით საარჩევნო გარემოსთვის მიყენებულ ზიანს”.
სადამკვირვებლო მისია
კოალიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, შეუერთდნენ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტოდ დიდ სადამკვირვებლო მისიას. მოხალისე დამკვირვებლად რეგისტრაცია შესაძლებელია 19 ოქტომბრამდე.
ამ დროისთვის დამკვირვებლობის სურვილი 3335-მა ადამიანმა გამოთქვა. მათგან 800 უკვე გადამზადდა კოალიციაში შემავალი ორგანიზაციების მიერ შექმნილი ტრენერთა ჯგუფის მიერ. არჩევნებამდე, ეტაპობრივად გადამზადდება ყველა ის მოხალისე, რომელიც 26 ოქტომბერს დააკვირდება საარჩევნო პროცესს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ამავე თემაზე:
· დაუშვებელია სანქცირებული პირების ირიბი ჩართულობაც კი საარჩევნო პროცესებში – “ჩემი ხმა”