ნათია მეზვრიშვილი – ჩვენთვის, ქარტიაზე ხელმოწერა ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი იყო, ტექნიკური მთავრობის ნაწილში განსაკუთრებით, რადგან ჩვენთვის ეს გზაა, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა არ ჩამოყალიბდეს

ჩვენთვის, ამ ქარტიაზე ხელმოწერა ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი იყო, ეს კომპრომისი დავუშვით, ტექნიკური მთავრობის ნაწილში განსაკუთრებით, რადგან ჩვენთვის ეს გზაა, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა არ ჩამოყალიბდეს, ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია, წითელი ხაზია, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, პარტია რეფორმების ნაწილს სრულად ეთანხმება.
„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ამაში დაგვეხმარება, რადგან პრეზიდენტისთვის ნათლად და მკაფიოდაა ჩვენი პოზიცია ცნობილი, პირველ რიგში, ამ საკითხზე. მეორე, რეფორმების ნაწილს სრულად რომ ვეთანხმებით, ესეც ყველასთვის ცნობილია და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი პოზიცია, რომ არ ვეთანხმებით, ესეც ყველასთვის ცნობილია. ეს პოზიცია არ შეცვლილა, ყველა შეხვედრაზე, სადაც პრეზიდენტთან მივედით, ეს პოზიცია დავაფიქსირეთ“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
კითხვაზე, უნდა მოხდეს თუ არა არჩევნებამდე ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობის დასახელება, მეზვრიშვილი პასუხობს, რომ მათთვის ეს საკითხი მეორეხარისხოვანია.
„ჩვენი პარტიის პოზიცია აქაც ძალიან მარტივი გახლავთ, ჩვენთვის ყველაფერი მეორეხარისხოვანია გარდა ერთისა, პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია, როგორი შემადგენლობაც არ უნდა დაასახელოს ქალბატონმა პრეზიდენტმა – დაასახელოს პრემიერობის კანდიდატი, მთავრობის შემადგენლობა – როგორც უნდა და როცა უნდა გააკეთოს, ოღონდ ეს არ იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა, ეს ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სხვა ყველაფერი ნაკლებად მნიშვნელოვანია. როცა დაასახელებს და თუ დაასახელებს კონკრეტულ სახელებს-გვარებს, ამაზე მერე მოგახსენებთ ჩვენს პოზიციას.
არაფერს ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს გარდა იმ საკითხისა, რომელიც ვთქვი, რადგან ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობით“ მხოლოდ მთავრობის ფორმირება. ეს წითელი ხაზია, ეს ძალიან კარგად იცის პრეზიდენტმა. სხვა დანარჩენი, როდის, ვის, რა ფორმატში დაასახელებს და რა პროცესს წარმართავს დასახელების მიზნებისთვის, პრეზიდენტის გადასაწყვეტია, ჩვენ ამ პროცესში ვართ და ვიქნებით. კონფიგურაციები, რომელი პარტია სად დგას და როგორ მიდის არჩევნებზე, გამოკვეთილია. არ უნდა იყოს ისეთი გადაწყვეტილება და ისეთ დროს მიღებული, რომ ამან დაბნეულობა გამოიწვიოს პოლიტიკურ პარტიებში, არჩევნებამდე 12 დღე დაგვრჩა, თითოეულ საათს და წუთს ამომრჩევლებთან, ს დასაცავად უნდა ვატარებდეთ. თუ პრეზიდენტი ჩათვლის, რომ არჩევნებამდე დასახელება ამ პროცესს ხელს არ შეუშლის, დაბნეულობას არ გამოიწვევს, დაასახელოს და მერე განვაცხადებთ ამ საკითხზე ჩვენს პოზიციას“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
მან ასევე უპასუხა ს განცხადებას, რომ „ვინც „ქართულ ქარტიას“ არ ეთანხმება, შეუძლია ხელმოწერა უკან წაიღოს“.
„პირდაპირ გეტყვით, არ ვფიქრობ, რომ საერთოდ საჭირო იყო ასეთი განცხადება, რადგან მისთვის აბსოლუტურად ცნობილია ჩვენი პოზიცია. ქარტიას ხელი მოვაწერეთ და მოვაწერეთ იმ პირობებით, რა პირობებითაც მოვაწერეთ – ხელი მოვაწერეთ ტექნიკურ მთავრობას, როგორც კომპრომისს, რომ „ნაცების“ მთავრობა არ მივიღოთ, ხელი მოვაწერეთ იმას, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ ვიზიარებთ, ხელი მოვაწერეთ იმას, რომ სრულად ვიზიარებთ რეფორმებს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.