ყარაბაღელი ლტოლვილების ცნობით, აზერბაიჯანი სტეპანაკერტში სომხების საცხოვრებელ კორპუსებს ანგრევს

მთიანი ყარაბაღის ტურიზმისა და კულტურის განვითარების სააგენტოს ყოფილმა თავმჯდომარემ, სერგეი შახვერდიანმა სოციალურ ქსელ ფეისბუკზე საკუთარ გვერდზე აზერბაიჯანის ხელისუფლება სტეპანაკერტში (ხანქენდი) საცხოვრებელი კორპუსების მასობრივ დანგრევაში დაადანაშაულა.
“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმანიანის ქუჩის გასწვრივ მდებარე დედაქალაქის ისტორიული კვარტალი მიწასთან გაასწორეს. ამ გზით ნადგურდება არა მხოლოდ ისტორია, არამედ მე-19 ადრეული მე-20 საუკუნეების კერძო შენობების ათასობით მფლობელის საკუთრების უფლება ირღვევა,” – წერს ის და ასევე აქვეყნებს დანგრეული კვარტლის სატელიტურ ფოტოსურათებს.
შახვერდიანის თქმით, აუცილებელია სტეპანაკერტის მცხოვრებლების სასწრაფო ორგანიზება და, ყველა არსებული საშუალებით, “სომხეთის ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საჯარო ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნა არცახელების (ყარაბაღელების) კოლექტიური უფლებების უზრუნველსაყოფად, მათ შორის დაბრუნებისა და საკუთრების უფლების”.
“არცახელების (ყარაბაღელების) კოლექტიური უფლებების დასაცავად მასობრივი მოძრაობის კოორდინატორის ფუნქცია უნდა აიღოს ყარაბაღის ხელისუფლებამ,” – წერს შახვერდიანი.
2023 წლის 19 სექტემბრის შემდეგ შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის გამო, არცახის რესპუბლიკა [თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა] პირველ იანვარს არსებობას შეწყვეტს – შესაბამის განკარგულებას, სომხური მედიის ცნობით, ხელი მოაწერა ახალმა დე ფაქტო პრეზიდენტმა სამველ შახრამანიანმა. განკარგულების მიხედვითვე, “2024 წლის პირველი იანვრიდან ყველა სახელმწიფო უწყება და ორგანიზაცია წყვეტს არსებობას. ასევე, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა, მათ შორის რესპუბლიკის მიღმა მყოფი, გაეცნობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ რეინტეგრაციის პირობებს დამოუკიდებელი და ინდივიდუალური გადაწყვეტილების მისაღებად, დაბრუნდნენ თუ არა მთიან ყარაბაღში”.მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა “ანტიტერორისტული ოპერაციის” მოტივით 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. დე ფაქტო რესპუბლიკის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 200 ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობა, და დაჭრილია 400-ზე მეტი მოქალაქე.
20 სექტემბერს დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკამ მიიღო რუსი მშვიდობისმყოფელების წინადადება ცეცხლის შეწყვეტასა და საბრძოლო შენაერთების განიარაღებაზე, რაც ბაქომ აზერბაიჯანის მორიგ ტრიუმფად და ყარაბაღის კაპიტულაციად გამოაცხადა. ამასთან, აზერბაიჯანმა ყარაბაღელი სომხების რეინტეგრაციის გეგმასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე დაიწყო საუბარი, თუმცა, ყარაბაღელი სომხები აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლქვეშ ცხოვრებაზე უარს ამბობენ და სომხეთში, იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსით გადადიან საცხოვრებლად. ამ მოვლენებამდე ყარაბაღში 120 ათასი ეთნიკურად სომეხი ადამიანი ცხოვრობდა.