თბილისში ბიზნეს ცენტრებში დიდი ფართების საიჯარო განაკვეთი კვადრატულ მეტრზე $15-დან $20-მდე მერყეობს – Colliers Georgia

ბოლო პერიოდში, დედაქალაქში დიდი ზომის საოფისე ფართებზე მოთხოვნის ზრდის ტენდენცია შეინიშნება, რაც გამოწვეულია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი მსხვილი კომპანიების აქტიურობით, – ამის შესახებ Colliers Georgia-ში აცხადებენ.
„დედაქალაქში უძრავი ქონების ბაზარი დღითიდღე უფრო კონკურენტული ხდება, რადგან ბიზნეს ცენტრებში არსებული დიდი ფართები დეფიციტშია. ადგილობრივ მოთხოვნასთან ერთად, დიდია დაინტერესება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც. ძირითადი გამომწვევი ფაქტორი არის საერთაშორისო ორგანიზაციების გაფართოება და საოფისე ფართების გაუმჯობესების სურვილი.
ერთ-ერთ ძირითადი მოთხოვნაა 1000+ მ² საოფისე ფართების მოძიება ბიზნეს ცენტრებში, ასევე კომპანიები უპირატესობას ანიჭებენ სივრცის ერთ სართულზე განთავსებას, რაც უკეთეს კოორდინაციასა და ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს. თუმცა, ამგვარი ფართების მოძიება საკმაოდ რთულია, რადგან ბიზნეს ცენტრებისა და მათში არსებული დიდი საოფისე ფართების რაოდენობა შეზღუდულია“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
რაც შეეხება ფასებს, Colliers Georgia-ში აღნიშნავენ, რომ ბიზნეს ცენტრებში დიდი ფართების საიჯარო განაკვეთი მერყეობს $15-დან $20 დოლარამდე ერთ კვადრატულ მეტრზე. ეს მაჩვენებელი დამოკიდებულია როგორც ლოკაციაზე, ასევე თავად ბიზნეს ცენტრის ინფრასტრუქტურასა და სერვისებზე, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს კონკურენციას მაღალი ხარისხის საოფისე სივრცეებისთვის.
„კოლიერსი, უძრავი ქონების სფეროს ლიდერი კომპანია, ბოლო პერიოდში აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს არაერთ მსხვილ კომპანიასთან, რომლებიც გეგმავენ რელოკაციას ან საოფისე ფართების გაზრდას. ამ მოთხოვნის ძირითადი წყარო სწორედ საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი კომპანიებია, რომლებიც ცდილობენ თავიანთი ბიზნესის გაფართოებას, კლასისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.
იმ პირობებში, როდესაც ბაზარზე დიდი საოფისე ფართები შეზღუდულია, კოლიერსი აგრძელებს მუშაობას იმ მიმართულებით, რომ კომპანიებს შესთავაზოს ოპტიმალური გადაწყვეტილებები ფართების მოძიებასა და მოლაპარაკებების წარმოებაში. ამ ეტაპზე, საბროკერო გუნდი მუშაობს, რათა უზრუნველყოს სხვადასხვა ბიზნესისთვის საჭირო სერვისების ხელმისაწვდომობა და მათთვის საუკეთესო პირობების შეთავაზება“, – აცხადებენ „კოლიერსში“.