მსოფლიო ოკეანეების დათბობის ტემპი გაორმაგდა

2005 წლიდან მსოფლიო ოკეანეების დათბობის ტემპი გაორმაგდა. ამის შესახებ ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის სამსახური “კოპერნიკი” იტყობინება.
ოკეანეებში წყლის ტემპერატურის მატება არღვევს ეკოსისტემას და ბუნებრივ ბალანსს ოკეანეში.
1960-იანი წლებიდან ოკეანეებში ტემპერატურა შეუქცევადად იმატებს. როგორც კლიმატოლოგები ამბობენ, დაახლოებით 20 წლის განმავლობაში დათბობის მაჩვენებელი გაორმაგდა.
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ოკეანის დათბობის სიჩქარე კვადრატულ მეტრზე 0,58 ვტ-დან 1,05 ვტ-მდე გაიზარდა.
მიზეზი ის არის, რომ 1970 წლიდან ოკეანეებმა შთანთქა სათბურის გაზების გამოყოფით გამოწვეული ჭარბი სითბოს 90%-ზე მეტი.
ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის სამსახურის “კოპერნიკის” შეფასებით, 2023 წელს დედამიწის ტემპერატურა საშუალოდ 1,52 გრადუსი ცელსიუსით მეტი იყო, ვიდრე პრეინდუსტრიულ პერიოდში, რასაც კლიმატოლოგები გლობალური დათბობის მნიშვნელოვან ზღურბლად მიიჩნევენ.
გლობალური დათბობის შეჩერების ერთადერთი გზა სათბურის გაზების ემისიების სწრაფად შემცირებაა.
2050 წლისთვის ევროპაში სათბურის გაზების გამონაბოლქვი იმ დონეზე უნდა შემცირდეს, რომ ბუნებამ მისი შთანთქმა სრულიად მოახერხოს. ესაა ნულოვანი ემისია, რომლის მიზანიც ევროკავშირმა გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში დაისახა.