ლატვია: მასშტაბური ანტინარკოტიკული სპეცოპერაცია ალუკსნეს მახლობლად

„ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ოპერაცია ბოლო პერიოდში. ნარკომაფიის დანასაულებრივი ქმედებები აღკვეთილია და ტონაზე მეტი სინთეზური ნარკოტიკი ამოღებულია“, – ასე აღწერს სახელმწიფო პოლიცია ალუკსნეს მახლობლად, ზიემერის მუნიციპალიტეტში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის შესახებ ინფორმაციას „ლატვიის ტელევიზია“ ავრცელებს.
რამდენიმე დღის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა ხედავდა, რომ პოლიცია და სადაზვერვო სამსახურები დიდ ინტერესს იჩენდა ალუკსნეს მიმდებარედ არსებული ერთ-ერთი შენობის მიმართ. პარასკევს, 6 ოქტომბერს, ზიემერის მუნიციპალიტეტის საწყობების ტერიტორიაზე თეთრ სამოსსა და აირწინაღებში გამოწყობილი უამრავი სამართალდამცველი გამოჩნდა, რომლებმაც შენობის სარდაფიდან პლასტმასის კასრები ამოიღეს. ისინი, სავარაუდოდ, ქიმიკატებით იყო სავსე, რასაც მძაფრი სუნიც ადასტურებს. სახელმწიფო პოლიცია ამბობს, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ოპერაცია ქვეყნის ისტორიაში.
„საუბარია ლატვიის ტერიტორიაზე მოქმედი ნარკომაფიის – საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ამ დროისთვის შემიძლია დავადასტურო, რომ დაკავებულია რამდენიმე ადამიანი“, – განუცხადა „ლატვიის ტელევიზიას“ სახელმწიფო პოლიციის უფროსმა, არმანდს რუკსმა.
„საქმე ეხება სინთეზურ ნარკოტიკებს, რომელთა კონკრეტული სახელწოდების დასახელებისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ. ეს არის [ნარკოტიკების] ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონფისკაცია ბოლო წლების განმავლობაში. საუბარია ძალიან დიდ რაოდენობაზე – ტონაზე მეტზე. ზუსტ რაოდენობას ჯერ კიდევ ვაზუსტებთ. გარდა ამისა, სასამართლო ექსპერტიზა ჯერ კიდევ წინ არის“.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებების საწარმოებელი აღჭურვილობა.
რუკსის თქმით, სისხლის სამართლებრივი პროცედურები ლატვიის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობდა. სახელმწიფო პოლიციის ცნობით, დაკავებულებს შორის არიან პირებიც, რომლებიც ლატვიის მოქალაქეები არ არიან. „ეს იყო ხანგრძლივი ოპერაცია, რომელიც ევროპოლის ჩართულობით ჩატარდა“, – აცხადებს არმანდს რუკსი.
„ლატვიის ტელევიზია“ შაბათს ესაუბრა ახლომდებარე ხის გადამამუშავებელი საწარმოს თანამშრომელს, რომელიც, სპეცოპერაციის დღეს, სამსახურში მორიგეობდა. მან შენიშნა, რომ იმ საღამოს, მიმდებარე ტერიტორიაზე, დრონები დაფრინავდნენ და კვადროციკლები მოძრაობდნენ. როდესაც ასეთი უცნაური ვითარების მიზეზების გასარკვევად შენობასთან მივიდა, იქ შეკრებილმა ხალხმა უთხრა, რომ პოლიციის ტარდებოდა.
„ამ ხალხს ვუთხარი: „კარგი, გმადლობთ, მოგვიანებით გნახავთ“ და უკან გამოვბრუნდი. ღობემდე იარაღით და ლაზერით მომაცილეს. რომ გავქცეულიყავი, იფიქრებდნენ, რომ ეს ერთ-ერთი მათგანი ვიყავი. ჩემი მოთვალთვალეები ოთხნი იყვნენ და კედელს ეფარებოდნენ“, – გვიყვება შპს „ვერნერს უნ დრაუგის“ თანამშრომელი, ილგვარსი.
ადგილობრივ მოსახლეობას ამ შენობაში მანამდე დიდი აქტივობა არ შეუმჩნევია. „დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრი ფართობის შენობაში ადრე მიწის ჭიებისგან ჰუმუსს აწარმოებდნენ, მაგრამ გასულ წელს შენობა გაიყიდა“, – ამბობს შპს „ვერნერს უნ დრაუგის“ მფლობელი, ვერნერს კალეისი:
„თავიდან აქ დაფარული არაფერი ყოფილა, ყველა კარი ღია იყო, შემდეგ კი რაღაც მოძრაობა შევნიშნეთ. რაღაც მოიტანეს… რაღაცნაირი ავეჯი… და რაც მთავარია, ყველა ფანჯარა შიგნიდან ამოქოლეს. ასე რომ, გარედან აღარაფერი ჩანდა“.
სახელმწიფო პოლიციის უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსახლეობას შეშფოთების საფუძველი არ აქვს.
„ჩვენ გვესმის ადგილობრივი მოსახლეობის და მედიის ინტერესი და შეშფოთება, მაგრამ თუ გვინდა, რომ პოლიცია წარმატებით ებრძოლოს ორგანიზებულ ნარკოტრაფიკს, შეუძლებელია დამატებითი ინფორმაციის მიწოდება აქტიური ოპერაციის დროს, როდესაც ჩხრეკა და სხვა პროცესუალური ქმედებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს“.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი